The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ მაჩაბელი

ვასილ მაჩაბელი
Date of birth:1845
Date of death:1918  (at 73 years)
Burial location: ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, თბილისი
Category:Lawyer, Public Man

Biography

იურისტი ვასილ (ვასო) გიორგის ძე მაჩაბელი დაიბადა 1845 წელს სოფელ თამარაშენში (ახლანდელი ქურთის მუნიციპალიტეტი). იგი გახლდათ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის (1854-1898) უფროსი ძმა. 

13 წლის ასაკში ვასილი ჰაკეს პანსიონში მიაბარეს, საიდანაც სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.

1865 წელს ვასილ მაჩაბელმა  პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტზე  ჩააბარა, რომელიც 1870 წელს დაამთავრა. იგი დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში. სახელმწიფო სამსახურის შემდეგ ნაფიცი ვექილის ვ. გერარდის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 1876 წლიდან პეტერბურგის სასამართლოს საოლქო პალატაში მსახურობდა.

ვასო მაჩაბელი მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, თუმცა ილიასა და ივანე მაჩაბელს შორის მომხდარმა კონფლიქტმა მათი მეგობრული ურთიერთობაც გააფუჭა.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მე-10 ტომში (თბ., 1961) დაბეჭდილია 1873-1875 წლებში ილიას მიერ პეტერბურგში გაგზავნილი რამდენიმე წერილი, რომლებშიც გაშუქებულია ვასო მაჩაბლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ზოგიერთი მხარე. იგი პირნათლად ასრულებდა ილიას ყოველგვარ დავალებას, მათ შორის: ზრუნავდა სათავადაზნაურო ბანკის წესდების დამტკიცებისთვის, ჩამოუყალიბებია ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი ლიტერატურის შემსწავლელი წრე, რომელიც მეცადინეობას უმეტესად მის ბინაში მართავდა და ა.შ. 

ვასო მაჩაბელს ახარებდა ყველაფერი, რაც ქართული კულტურის სასარგებლოდ კეთდებოდა. ქართულ პერიოდულ გამოცემებში - „ისარი“, „ივერია“, „დროება“… (1879-1912 წწ.) აქვეყნებდა წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, ბეჭდავდა საკუთარ მოთხრობებს, თარგმანებსა და მოგონებებს.

1879 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.

ჯერ კიდევ პეტერბურგში ცხოვრობდა ვასო მაჩაბელი, როცა დაიწყო ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის (მინგრელსკის) იურისკონსულტანტად მუშაობა. ეს თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდა (1873-1894). 1885 წელს მისი და იონა მეუნარგიას რჩევით ნიკომ დავით დადიანის უმდიდრესი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაშია დაცული).

1886 წელს ვასო მაჩაბელი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში იუსტიციის უწყებაში დაიწყო მუშაობა. 1890 წელს ტყის მრეწველთან, პროფესორ ილია ოქრომჭედლიშვილთან ხელშეკრულებით ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეების ექსპლუატაცია მოახდინა.

ვასილ მაჩაბლის მეუღლე გახლდათ ნინო ვეზირიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილის დის, ბარბარეს ქალიშვილი. ისინი თამარაშენში ცხოვრობდნენ, ვიდრე 1892 წელს სოფელში ხოლერა არ გაჩნდა. ნინო არ შეშინდა და თანასოფლელებს პირადად უვლიდა, მაგრამ მძიმე სენი მასაც შეეყარა და სულ მალე გარდაიცვალა.

მათი ერთადერთი შვილი გიორგი მაჩაბელი (1885-1935) საქართველოს სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც შექმნა სუნამოების კომპანია „პრინცი მაჩაბელი“.

ვასილ მაჩაბელი 1918 წელს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.

 წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_მაჩაბელი 

ხარატიშვილი, . ვასილ მაჩაბელი // ქართველი ადვოკატების საზოგადოებრივი მოღვაწეობის ისტორიიდან : . ხარატიშვილი. - თბ., 1975. - გვ.17-20.


Share: