Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი დუნდუა![]()
Biographyფერმწერი, ფოტოხელოვანი, ანიმაციური ფილმების ავტორი, ილუსტრატორი და პოეტი გიორგი დუნდუა დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ადრეული ბავშვობიდან ხატავდა. ყველაზე მძაფრად ხატვის დაწყების შთაბეჭდილება ახსოვს, როცა 5 წლის ასაკში მისაღები ოთახის კედელზე ფანქრით ორი დიდი, მთასავით კონტური მოხაზა. ეს ხაზები შემდეგ გაურკვეველ ცხოველად გადაიქცა. დიდ სივრცეზე ხატვის პროცესი იმდენად მოეწონა, რომ მთელი კედლები ამ უცნაური ცხოველებით შეავსო. ამბობს, რომ ეს იყო მისი პირველი თავისუფალი და დამოუკიდებელი ნაბიჯები ხელოვნების გზაზე და 5 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება დღემდე მოჰყვება. გიორგი დუნდუა დამოუკიდებელი არტისტია, სწავლობდა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე ჰამბურგისა და ბერლინის დიზაინის ინსტიტუტები. გერმანიით და გერმანული ენით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. ისე მოხდა, რომ მისი მეუღლეც გერმანელია. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, ერთად მუშაობდნენ, რაღაც დრო თბილისშიც იცხოვრეს, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდნენ სასწავლებლად. მაშინ გიორგი 22 წლის იყო. ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს გაიტაცა ფოტოგრაფიამ. მუშაობდა ქართულ ჟურნალ- გაზეთებში. შემდეგ, როდესაც ჰამბურგში გადავიდა საცხოვრებლად, იქაც გააგრძელა ამ მიმართულებით საქმიანობა და მისი ერთ-ერთი ფოტონამუშევარი გამოიფინა ჰამბურგის საგამოფენო სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ იმ დღიდან დაიწყო გერმანულ სახელოვნებო საზოგადოებაში გიორგი დუნდუას ინტეგრაცია. ფოტოგრაფიის შემდეგ ფერმწერი ისევ აქტიურ მხატვრობას დაუბრუნდა. ნელ-ნელა დაიწყო მისი ნამუშევრების გამოფენები როგორც ჰამბურგის, ბერლინის საგამოფენო სივრცეებში, ასევე, მთელ გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში. გერმანიაში ორი ათწლეულის გატარების შემდეგ გიორგი დუნდუა 2020 წელს სამშობლოში დაბრუნდა.მასთან ერთად ჩამოვიდნენ მისი მეუღლე ანთიე და შვილები - სანდრო და ანნა. „გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ, მაგრამ დგება რაღაც მომენტი, როცა წლების შემდეგ გინდა, შენ ქვეყანაშიც ხატო და შექმნა, გააკეთო, ბავშვებმა ქართულად ისაუბრონ, აქაც გარკვეული პერიოდი იცხოვრონ“, - ამბობს მხატვარი. თუმცა საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ გერმანიასთან კონტაქტი აღარ აქვს. ყურადღებით აკვირდება იქ მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, დროდადრო ჩადის და პროექტებში მონაწილეობს. ბოლოს საქართველოს სახელით „ბერლინის დათვი“ მოხატა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ბერლინის მთავარი სიმბოლოს – დათვის მოსახატად 2003 წლიდან ერთიანდებიან. ყველა მხატვარი დათვზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს. ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის კომუნიკაციისა და ტოლერანტობის წარმოჩენა და გაღრმავებაა. ამ კონცეპტის (“United Buddy Bears – The Minis”) ფარგლებში შექმნილი, სულ 117 დათვი არსებობს და გიორგი დუნდუას ეამაყება, რომ ერთ-ერთი მათგანი საქართველოს წარმოაჩენს. გიორგი დუნდუას ამჟამინდელი ნამუშევრები, ძირითადად, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია. მანამდე იყო გრაფიკა, აკვარელი, ანიმაცია, ფერწერა.ეს ჟანრები ყოველთვის ერთმანეთს ცვლიდა. საბოლოოდ კი აბსტრაქციამდე მივიდა. პოეზია მის ცხოვრებაში მოულოდნელად მოვიდა. მხატვარი 2023 წლის 20 მაისის სოლო გამოფენისთვის ემზადებოდა, როცა გამოფენამდე ხუთი დღით ადრე, გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხატვრის სახელოსნო დაიწვა და მისი ასამდე ნამუშევარი განადგურდა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად გამოფენა მაინც შედგა. გიორგიმ გადარჩენილ ნახატებს მიამატა მეგობრებთან და გალერეებში მოძიებული ნამუშევრები და გამოფენას დათქმულ დღეს უმასპინძლა. გადატანილი ტრაგედიის შემდეგ გიორგი დუნდუამ ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და აქტიურად დაიწყო ლექსების წერა. მის ნამუშევრებს ყოველთვის ჰქონდა პოეტური სათაურები, განცდილი ტკივილის შედეგად კი ვიზუალური პოეზია ვერბალურ პოეზიაში გარდაისახა. ასე წამოვიდა სტრიქონები: „ეს ლექსები ნაზავია წარსულისა და აწმყოსი, მოკლედ მოყოლილი გრძელი ამბებისა – იმისა, რაც აქ თუ სხვა ცხოვრებაში თავს გადამხდენია“, - ამბობს მხატვარი. 2024 წელს გამოვიდა გიორგი დუნდუას ლექსების კრებული - „სამუდამო ნაბიჯების ხმა“. „ფერმწერი-პოეტი გიორგი დუნდუა ამ არტ-ექსპერიმენტული კრებულით მაღალოსტატურად გამოხატავს საკუთარ მრავალფეროვან „მეს“ და სამყაროსადმი მეტაფიზიკურ დამოკიდებულებას. ვერლიბრები ავტორისავე ფოტოებითაა ილუსტრირებული, ან პირიქითაც შეიძლება ითქვას - რომ ფოტოებია პოეტურად შემკული და ლექსებად ამეტყველებული“, - ნათქვამია წიგნის ანოტაციაში. 2024 წელს თბილისში შედგა მხატვრის აბსტრაქტული ნამუშევრების კიდევ ერთი სოლო გამოფენა, სახელწოდებით „ქაოსის სიმღერა“. „გიორგი დუნდუას სამყაროს ფილოსოფია თავისი ფასეულობებით, კანონზომიერების აღქმით, აზროვნების სხვაგვარი სისტემით, სრულიად განსხვავებულია. მისი ნახატები გამორჩეულია არა მხოლოდ ფერითა და ფორმით არამედ ხასიათით, განწყობითა და ემოციით. თითოეულ ნახატს თავის სახელი, ფილოსოფია და ისტორია აქვს. ისინი ცოცხალი პერსონაჟები არიან და თავისი შემქმნელის ცხოვრების განცდებსა და თავგადასავლებზე ჰყვებიან. ყურადღებას არამხოლოდ საინტერესო ნახატები, არამედ მათი სათაურებიც იქცევს. დგახარ თითოეული ნამუშევრის წინ და ცდილობ ნახატისა და ტექსტის ურთიერთკავშირის აღქმას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში გამოფენის შესახებ. წყარო: https://www.entrepreneur.com/ka/business-news/tsiteli-mzeebis/454135 https://www.ambebi.ge/article/308724-germania-aris-kveqana-romelmac-momca-didi-zala/ გიორგი დუნდუა: მხატვრობა, 2020-2023, ბერლინი-თბილისი=George Dundua: Paintings, 2020-2023, Berlin-Tbilisi / წინათქმა: ქეთევან ირემაშვილი. - თბილისი, 2023
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |