The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგო სერგოს ძე ევლახიშვილი

სერგო სერგოს ძე ევლახიშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 2001  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოსტანკინოს სასაფლაოზე, მოსკოვი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

თეატრის, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი და მსახიობი სერგო სერგოს ძე ევლახიშვილი დაიბადა 1924 წლის 6 თებერვალს, თბილისში. მამამისი, სერგო ივანეს ძე ევლახიშვილი (1873-1946) იყო ოპერის მომღერალი.

დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი (1942), მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი (1950) და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (1955).

სტუდენტობის წლებში გადაღებულია ფილმებში: „უჩინარი იანი“ (სტუდენტი, 1942), „შიპკის გმირები“ (ვარშინი, 1954) და სხვ.;

1942-1946 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში;

1953-1959 წწ. იყო ლენინგრადის დრამატული თეატრების რეჟისორი და მსახიობი;

1954 წელს - მოსკოვის ვ. კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი;

1959-1960 წწ. - ლენინგრადის ტელესტუდიის რეჟისორი;

1960-1968 წწ. მუშაობდა საქართველოს ტელესტუდიის მთავარ რეჟისორად. გადაიღო ქართული სატელევიზიო ფილმები: „გამზრდელი" (1960, პირველი ქართული ტელეოპერა), „ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), „ანკესი და სეინერი" (1962), „მე თვითონ" (1966), „მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ რეჟ. ი. მატესთან ერთად) და სხვ.;

1961 წელს დაჯილდოვდა სსრკ პირველი ხარისხის დიპლომით ტელეოპერა „გამზრდელის“ რეჟისურისთვის;

1968 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში;

1968-1971 წლებში იყო ცენტრალური ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთავარი რეჟისორი;

1971-1987 წწ. - ცენტრალური ტელევიზიის ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რეჟისორი;

დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მათ შორის: „ჰამლეტი" (1970, ფილმი-ბალეტი), „პოეტის დაბადების დღე" (1973), „ოდესღაც კალიფორნიაში", „მარტინ იდენი" (ორივე 1976), „გრძელი დღეების თვე" (1978), „რისხვა" (1979), „ტროპინინები" (1984), „რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), „პორტრეტი" (1987) და სხვ.;

1987-2004 წწ. -  მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის გამგე,

პროფესორი;

სერგო სერგოს ძე ევლახიშვილი იყო საქართველოსა (1967) და რუსეთის (1997) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

გარდაიცვალა 2004 წლის 10 ივლისს, მოსკოვში. დაკრძალულია ოსტანკინოს სასაფლაოზე (მოსკოვი).

მისი ვაჟი ალექსანდრე ევლახიშვილიც (1961, 9 ივნისი- 2001, 13 აგვისტო) მსახიობი და რეჟისორი იყო.

წყარო:
https://www.livelib.ru/author/682920-sergej-evlahishvili.

ენციკლოპედიასაქართველო. ტ.2. -თბილისი, 2012. - გვ.551

https://ka.wikipedia.org/wiki/სერგო_ევლახიშვილი_(რეჟისორი)

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 160 https://ru.wikipedia.org/wiki/Евлахишвили,_Сергей_Сергеевич


გააზიარე: