Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანასტასია ბაგრატიონი![]()
Biographyანასტასია ბატონიშვილი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელია. იგი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ დარეჯან დადიანის შუათანა ასული. ანასტასია ბაგრატიონის სახელი ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისათვის მისივე დების - მარიამ, მაკრინე, ქეთევან და თეკლე ბატონიშვილების ფონზე, რომელთა პოეტურ შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს. ანასტასია დაიბადა 1763 წლის 3 ნოემბერს, მარტყოფში. 1797 წლის 12 ნოემბერს, 34 წლის ასაკში ცოლად შერთეს ქსნის ერისთავ გიორგი ყულარაღასის უფროს ვაჟს - რევაზ (რომანოზ) ქსნის ერისთავს (1757-1813). ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ერისთავებსა და ბაგრატიონებს შორის, რამაც მათ შორის ალიანსი შექმნა ირანელების წინააღმდეგ. ამ დროს, რევაზის და, ანა ერისთავი დაქორწინდა ანასტასიას ძმაზე, ფარნაოზ ბატონიშვილზე. ერეკლე II -ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ანასტასიას უფროსი ნახევარძმა, გიორგი XII ავიდა. ამ დროისათვის, ანასტასიას მთელი ქონება ერთი პატარა მამულით შემოიფარგლებოდა თბილისთან ახლოს. 1800 წელს გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. ანასტასიას ქმარი იმპერიის სამოქალაქო სამსახურში ჩადგა. ვაჟები რუსეთის არმიაში მსახურობდნენ. ანასტასია ბატონიშვილსა და რევაზ ერისთავს ხუთი შვილი ჰყავდათ, ოთხი ვაჟი - იესე , შალვა, ბიძინა, გიორგი და ერთი ქალი - თამარი. ანასტასია 1813 წ. დაქვრივდა. 1817 წელს მან აღძრა საქმე მისთვის მიუცემელი მზითვის ნაცვლად ერთდროული ფულადი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 1818 წ. ალექსანდრე I- ის ბრძანებით მას მისცეს 4250 მანეთი. 1825 წელს კი თავის ნაბოლარა ვაჟთან, გიორგი ერისთავთან ერთად პეტერბურგში გადასახლდა. ანასტასია ბატონიშვილი წიგნიერი ქალი გახლდათ და თავისი უმცროსი ვაჟის აღზრდა-განათლებაზე საგანგებოდ ზრუნავდა. გიორგი 10 წლის ასაკში მიუბარებიათ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. უკვე მე-5 კლასის მოსწავლე იყო, როცა დედამ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წაიყვანა. მათთან ერთად პეტერბურგს სასწავლებლად გამგზავრებულან შემდეგში ცნობილი მოღვაწენი ესტატე თარხნიშვილი, დავით ჯორჯაძე, მწიგნობარი ნიკოლოზ ჩუბინაშვილი, რომელსაც თან ობოლი ძმისწულები დავით და პელაგია ჩუბინაშვილები ახლდა. პეტერბურგში ჩასულ ანასტასიას გიორგი თავდაპირველად გადენიუსის პანსიონში შეუყვანია, შემდეგ ლორენცისაში, ბოლოს კი გვარდიის პრაპორშჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. გიორგი რომანის ძე ერისთავი (1812-1891) 1829 წლიდან მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში. 1849-1852 წლებში კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო. ამ ფაქტის გამო მას „ატამანის“ სახელითაც იხსენიებენ. 1858 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. ანასტასია ბატონიშვილი გარდაიცვალა პნევმონიით 1838 წლის 17 მაისს, პეტერბურგში. დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრის ეკლესიაში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანასტასია_ბატონიშვილი https://nobility.pro/ge/statia/160-bagrationi-anastasia-erekles-as.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |