Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
იოსებ ქართველი![]()
Biographyიოსებ ქართველი (აბესლამიანი/აბესლამაშვილი) დაიბადა თბილისში 1687 წელს. მისი მშობლები ანა და გასპარი, კათოლიკური სარწმუნოებისა იყვნენ. მესხეთიდან გადმოსახლებული აბესლამიშვილთა გვარი ცნობილ და გავლენიან გვარებს მიეკუთვნებოდა. გასპარი წლების მანძილზე ქალაქის ნაცვალი იყო. ნაცვალს უშუალოდ მეფე ნიშნავდა და მას წამყვანი ადგილი ეჭირა ქალაქის მმართველობაში. იოსების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი კათოლიკობაზე მოქცეული სომეხია. თუმცა ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს XVII-XVIII საუკუნეების მრავალი თბილისური დოკუმენტი, რომელშიც ამ გვარის არაერთი წარმომადგენელია დამოწმებული და გარდა ამისა იოსები ქართველად მოიხსენიება თანამედროვე ავტორთა თხზულებებში. იოსებ ქართველმა დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში, სადაც ასწავლიდნენ იტალიური და ლათინური ენებს, გრამატიკას, აგრეთვე - სარწმუნოების უმთავრეს საგნებს და ლოცვებს. 1697-1698 წლებში თბილისში კათოლიკე პატრების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდა და ქალაქის ნაცვლის გაკათოლიკებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა იგი ოჯახითურთ თბილისიდან გააძევეს. გასპარ აბესლამაშვილმა ოჯახითურთ მალე ირანში ამოყო თავი. 1699 წელს იგი გაჰყვა ისპაანის კათოლიკეთა ეპისკოპოსს ელიასის ელჩობას ევროპაში და გიორგი XI-ის წერილები წაიღო დასავლეთის ხელმწიფეთა კარზე. პატარა იოსებიც მამასთან ერთად გაემგზავრა და ცხოვრება სამშობლოდან მოშორებით გაატარა. მოგზაურობამ თითქმის სამ წელს გასტანა. გასპარს რომში ჩასვლა არ ეწერა. 1701 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ვარშავაში და შვილისთვის არავითარი მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, გარდა ფსევდონიმისა. გასპარ აბესლამაშვილს უცხოეთში გასპარ ქართველს ეძახდნენ. დაობლებულ იოსებს ეპისკოპოსმა ელიასმა და იტალიელმა მისიონერმა ამადეომ გაუწიეს პატრონობა. 1702 წლიდან იოსები რომშია და მონტეფიასკონის სემინრიაში სწავლობს . 1703 წლის 11 ოქტომბერს კი ურბანოს კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც 1709 წლამდე შეისწავლა ფილოსოფია, თეოლოგია და ევროპული ენები. იოსებმა ჩინებული განათლება მიიღო, მაგრამ მას არ იზიდავდა კათოლიკე მისიონერის კარიერა, იოსებისათვის კათოლიკობის საკითხი უფრო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი იყო, ისევე როგორც ქართველი მეფე-ბატონიშვილებისა და ფეოდალებისათვის. 1709 წელს სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა. ნება დართეს და ცოტაოდენი ფულიც გამოატანეს სამგზავროდ. ურბანოს კოლეჯის მოწაფეთა დავთარში კი სამუდამოდ დარჩა მისი მკაცრი შეფასება: „ჭეშმარიტად მშფოთვარე და დაუმორჩილებელი სულისა და ღმერთმა უწყის, რა დაემართება მას“. იოსებ ქართველი ერთხანს ვენეციაში იმყოფებოდა, შემდეგ კონსტანტინოპოლში გადაბარგდა და საფრანგეთის საელჩოს დაუახლოვდა, აქვე გაიცნო სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ევროპიდან საქართველოში ბრუნდებოდა და წელიწად-ნახევარი დაყოვნდა კონსტანტინოპოლში. იოსებს ქართულ-იტალიური ლექსიკონის შედგენაში შეუტანია წვლილი. 1716-1717 წლებში იწყება იოსებ ქართველის დიპლომატიური სამსახური. საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის საგანგებო დავალებით ირანის შაჰის კარზე ელჩად გაგზავნილმა ანჟე დე გარდანმა კონსტანტინოპოლში თარჯიმნად აიყვანა იოსებ ქართველი. მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავშირი ირანში მყოფ ქართველებთან. 1717 წელს იყო ყაზვინში, შემდეგ 1723 წლამდე – ისპაანში, სადაც საფრანგეთის საკონსულოში თარჯიმნად მუშაობისას ფრანგულ ენაზე შეადგინა "მოხსენებითი ბარათი სპარსეთში უკანასკნელი სამოქალაქო ომის შესახებ" (1723 წ. 31 იანვ.). 1724 წლიდან იოსებ ქართველი სტამბოლში იყო; იგი, როგორც თარჯიმანი, მონაწილეობდა სულთნის კარზე მყოფ დომენტი კათოლიკოსთან გამართულ მოლაპარაკებაში, იზიარებდა ანტიოსმალურ თვალსაზრისს და ოსმალეთთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა საფრანგეთს; 1726 წელს იოსებ ქართველის ურთიერთობა საფრანგეთის საელჩოსთან შეწყდა; მან სტამბოლში დიდი ვეზირის დავალებით თურქულ ენაზე ვრცლად აღწერა ირანში მომხდარი ამბები. დაწერა რამდენიმე თხზულება, რომლებიც მნიშვნელოვანი პირველწყაროა XVIII ს. I მეოთხედის ირანისა და ირან-საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად. ამ თხზულებებში არის ცნობები ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონიშვილი, ვახტანგ VI, ყულარაღასი როსტომი). წყარო: 1.საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.335-336; qim.ge 2. ტაბაღუა, ილია. იოსებ ქართველის მოღვაწეობა რანსა და თურქეთში (1717-1726 წწ.) / ილია ტაბაღუა // ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული / ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1976. - გვ. 370-379 3. ტაბაღუა, ილია. იოსებ ქართველის მოღვაწეობის ისტორიიდან // მასალები XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის / ილია ტაბაღუა. - თბილისი, 1982. - გვ. 42-88 4.ნატროშვილი, თამაზ. ვინ იყო იოსებ ქართველი // მაშრიყით მაღრიბამდე / თამაზ ნატროშვილი. - თბილისი, 1978. - გვ. 312-322 5. https://qim.ge/ioseb%20qartveli.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |