The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იბრაჰიმ ქათხუდა ალ კაზდაღლი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1754
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში კაზდაღლის სახლი ფაქტობრივად გაქართველდა, მართავდნენ კაიროში დისლოცირებული იანიჩართა კორპუსის სამხედრო მეთაურები. დიდძალმა სიმდიდრემ, რაც მათ დააგროვეს, უმთავრესად ალექსანდრიის საბაჟოების კონტროლით და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადასახადების იჯარის აკრეფით, მათ საშუალება მისცა, გაბატონებულიყვნენ ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე.

1738-39 წლებში იბრაჰიმი იანიჩერთა კორპუსის „ჩავუშია“ - მექაში პილიგრიმების ქარავნების გამყოლი და ბადრაგი.  შემდეგ კი - კაზდაღლის სახლის მეთაური ხდება. მან 1748  წელს აზებანის კორპუსის ქათხუდასთან ერთად - რიდვან ალ-ჯალფისთან ერთად - ეგვიპტიდან გააძევა ოსმალო ფაშა და მცირე ხნით გახდა იენიჩართა კორპუსის ქათხუდა, ფორმალურად რანგით მეორე, აღას  შემდეგ, მისი მოადგილე, ფაქტობრივად კი პირველი პირი და მერე უკვე ამ სახელით იხსენიებოდა. რიდვან ქათხუდასთან ერთად მან შექმნა დუუმვირატი, რომელიც 1748-1754 წლებში განაგებდა ეგვიპტეს. დუუმვირატში წამყვანი იყო იბრაჰიმი, რომელიც იღებდა ყველა შემოსავალს და მერე მესამედს უნაწილებდა რიდვან ქათხუდას, რომელსაც სახელმწიფო საქმეები არ აინტერესებდა, აშენებდა ბრწყინვალე რეზიდენციებს და ცხოვრობდა ფუფუნებაში.

იბრაჰიმ ქათხუდას შვიდწლიანი მმართველობის დროს კაიროში არ იყო აჯანყებები, სიმშვიდე იყო პროვინციებშიც. მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა იბრაჰიმ ქათხუდას არ უცდია გამოსულიყო ოსმალეთის წინააღმდეგ და ქვეყანას ოსმალური ინსტიტუტების მეშვეობით მართავდა, ოსმალეთის პროვინციის სტატუსით. მის დროს გაიზარდა დ ა გამშვენიერდა კაირო. შემორჩენილი იბრაჰიმ ქათხუდას  მიერ აგებული საბილ (შადრევანი, რომელიც წყლით ამარაგებდა მიმდებარე ტერიტორიებს) და ქუთაბი (მუსლიმანური სასწავლებელი).

იბრაჰიმ ქათხუდა ყიდულობდა მონებს და მხევლებს. ჰყავდა ორი ათასზე მეტი მამლუქი და ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას მაღალ თანამდებობებზე. კაზდაღლის და ჯალფის სახლების მეთაურებმა სწორად განსაზღვრეს, რომ ეგვიპტის მომავალი სამხედრო ხელმძღვანელობა იქნებოდა ბეიების ოლიგარქიაში - ბეილიქათში. დუუმვირატმა 5-5 მამლუქი შეიყვანა ბეილიქათში და ფაქტობრივად  თავიანთ გავლენას დაუქვემდებარა ის.

იბრაჰიმ ქათხუდას ოჯახის შესახებ ცნობები მწირია. მისი ცოლი თავის დროზე სახელგანთქმული სითთ შუვაიქარი იყო. ვაჟი არ ჰყავდა. ორი ქალიშვილიდან ერთი, ჰანიმი მისი ქართველი მამლუქის, 1776-77 და 1787-91 წლებში „შაიხ ალ ბალად“ ისმაილ ბეი ალ-ქაბირის ცოლი იყო.

1754 წლის 23 ნოემბერს იბრაჰიმ ქათხუდა ხანმოკლე მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალ. ზოგიერთი ცნობით მეტოქეებმა მოწამლეს. ის დიდი პატივით დაკრძალეს კაიროში „მცირე კარაფას“ სასაფლაოზე.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრის მთელ მანძილზე ეგვიპტეს კაზდაღლის სახლიდან გამოსული მამლუქები განაგებდნენ, რომელთა შორის ბევრი ქართველი იყო.

წყარო:

1.იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.106-108. 

2.იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.162-163. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.


გააზიარე: