Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ოსმან ფაშა ალ-ქურჯი![]()
Biography1760-1771 წლებში ოსმალეთის ერთ-ერთი პროვინციის, დამასაკოს საფაშოს გამგებლის წარმოშობით ქართველი ოსმან ფაშა ალ-ქურჯის ცხოვრების ადრინდელი წლები შესახებ ცნობები არ არის. იგი ყო ოსმალეთის სირიელი მოხელის, დამასკოს ვალის, ასად ფაშა ალ-აზმის მამლუქი და ერთგული სამსახურისთვის ქალაქ ჰამას გამგებლად დანიშნეს. პატრონის სიკვდილის შემდეგ, 1758 წელს სატუსაღოში აღმოჩნდა, მაგრამ გონიერებისა და წინდახედულობის წყალობით თავი დაიხსნა და საპატიო ტიტული „ას-სადიკ“ (მართალი) მიიღო. 1760 წლის დამდეგს ოსმანი დანიშნეს ტრიპოლის გამგებლად. აქ თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა მოხელემ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა სტამბოლში. 1760 წელს სულთან მუსტაფა III-ის ბრძანებით, ყოფილი ქართველი მამლუქი დამასკოს ვალად დაინიშნა. დამასკოში ოსმანმა აღკვეთა დაქირავებული რაზმებისა და იანიჩირების თვითნებობა. ჩაატარა რეფორმები: გააუქმა ზოგიერთი გადასახადო და კონტროლი დააწესა პროდუქტების ფასებზე. როგორც მუსლიმ პილიგრიმთა დიდი ქარავნის მეთაური („ამირ ალ-ჰაჯი“) და მფარველი, უზრუნველყოფდა მორწმუნეთა გამგზავრებას ჰიჯაზში და მათ მშვიდობიან დაბრუნებას. საპილიგრიმო გზაზე აშენებდა ციხე-სიმაგრეებს და წყალსაცავებს, რასაც მოსახლეობა კმაყოფილებით ხვდებოდა. ოსმანი ცდილობდა თავისი და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას ლიბანსა და პელესტინაში, მაგრამ აქ პალესტინელი ბედუინების ბელადის, ზაჰირ ალ-უმარის წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1770 წლის ბოლოს დამასკოს ახალი საფრთხე დაემუქრა ეგვიპტიდან. მამლუქთა ქართული წარმოშობის ბელადის, ალი ბეი ალ-ქაბირის ბრძანებით, მამლუქები ისმაილ ბეის მეთაურობით პალესტინაში შეიჭრნენ. მათ შეუერთდა ოსმან ფაშას მეტოქე ზაჰირ ალ-უმარი. 1771 წლის გაზაფხულზე სამხედრო ექსპანსიას სათავეში ჩაუდგა ალი ბეის გამოცდილი სარდალი მუჰამად ბეი აბუ აზ-ზაჰაბი. სირია-პალესტინაში ლაშქრობას ალი ბეი ხსნიდა „ოსმან-ფაშას უსამართლობის აღკვეთისა და კანონიერების დამყარების აუცილებლობით“. ოსმანი იძულებული გახდა დაეტოვებინა დამასკო, რომელიც მუჰამად ბეი აბუ აზ-ზაჰაბმა დაიკავა, მაგრამ ათი დღის შემდეგ მოულოდნელად იგი ალი ბეი ალ-ქაბირს განუდგა , დამასკო დატოვა და ეგვიპტეში დაბრუნდა. ოსმან ფაშამ დამასკო დაიბრუნა და ერთგულებისთვის სულთნის „საპატიო ხალათი“ დაიმსახურა. ტრიპოლისა და საიდას საფაშოები ოსმანის შვილებს - მუჰამედს და დერვიშს გადაეცათ. პალესტინის საკითხი ისევ სადაო იყო. 1771 წლის 2 სექტემბერს ოსმანი დამარცხდა ჩრდილოეთ პალესტინაში ზაჰირ ალ-უმართან შეტაკებისას. წარუმატებლობის გამო ის დააქვეითეს და გადაიყვანეს კონიის (სამხრეთ თურქეთი) ბეგლარბეგად. არაბი ისტორიკოსები ოსმან ფაშას გამგებლობას სირიაში დადებითად აფასებდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ოსმანი წარმოშობით არ იყო სირიელი, მაგრამ მაშინაც კი, როცა ეგვიპტელი მამლუქები დამასკოსთან იდგნენ, მოსახლეობა არ გამოვიდა თავისი ვალის წინააღმდეგ და ლოიალური დარჩა. ზომიერმა პოლიტიკამ ოსმან ფაშას საშუალება მისცა თერთმეტი წელი ემართა ოსმალთა იმპერიის უმნიშვნელოვანესი პროვინცია. წყარო: ოსმან ფაშა ალ-ქურჯი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 158. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |