The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო გურევიჩი

ნინო გურევიჩი
Date of birth:19 September, 1976  (48 years)
Category:Musician

Biography

საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და აქტიური საკონცერტო კარიერის მქონე ქართველი პიანისტი ნინო გურევიჩი დაიბადა თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში. დედა - ლალი ბაბუციძე მუსიკისმცოდნე გახლავთ. მამა - ვილი (ბენიამინ) გურევიჩი მუსიკისმცოდნე და დირიჟორი. ის 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და 1985-1999 წლებში მუსიკისმცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტის დეკანი გახლდათ.

ნინო გურევიჩი 5 წლის ასაკში მიიღეს მუსიკალურ ათწლედში, პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში. მისი დებიუტი საკონცერტო სცენაზე შედგა თბილისში, როდესაც მან 8 წლის ასაკში შეასრულა ჰაიდნის საფორტეპიანო კონცერტი რე მაჟორი Hob XVIII: 11 საქართველოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

ნინო ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ის იყო საერთაშორისო პროგრამა “ახალი სახელების” და ვლადიმერ სპივაკოვის ფონდის სტიპენდიის მფლობელი.

ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ მუსიკოსმა სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში, ასპირანტურა კი გერმანიაში ქ. მიუნხენის უმაღლეს სკოლაში გამოჩენილი ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა. აქ იგი გახდა საკონცერტო კონკურსის (Konzert Wettbewerb der Hochschule) გამარჯვებული და სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა. შემდეგ იმავე სასწავლებელში განაგრძო სწავლა პროფესორ ჰელმუტ დოიჩთან გერმანული სიმღერის შესრულების დახელოვნების ასპირანტურაში (“Meisterklassenpodium Liedgestaltung“).

ამჟამად ნინო გურევიჩი მიუნხენში ცხოვრობს და მოგზაურობს კონცერტებით ევროპის, აზიის და ამერიკის მასშტაბით. მას მუდმივად იწვევენ საერთაშორისო ფესტივალებსა და მასტერკლასებზე - “მუსიკის ფესტივალი თელავში” (თელავი, საქართველო), “ოლეგ კაგანის ფესტივალი” (ქ. კროიტი, გერმანია), “რურის ფესტივალი” (დორტმუნდი, გერმანია), “საფორტეპიანო ზაფხული” (ვრანიე, სერბეთი), შოპენის ფესტივალი “შოპენიადა” (ბელგრადი, სერბეთი), “ევროპის მუსიკალური ფესტივალი” (ალტომიუნსტერი, გერმანია), “საზაფხულო სკოლა” (ბად რაიხენჰალი, გერმანია), “ევა ლინდის აკადემია” (ავსტრია), აგრეთვე საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად.

პიანისტს ჰქონდა გამოსვლები ცნობილ ორკესტრებთან და დირიჟორებთან. მას მრავალი ჩანაწერი აქვს გაკეთებული ქართული რადიო-ტელევიზიისთვის.

ამავე დროს ნინო გურევიჩი არის ქ. მიუნხენის უმაღლესი სკოლის Hochschule für Musik und Theater დოცენტი, და აგრეთვე მუშაობს ქ. აუგსბურგის უნივერსიტეტის ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში.

პიანისტის სოლო ალბომმა სახელწოდებით “მთელი სამყარო ქრება, როდესაც…” საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.

2019 წელს ნინომ დააარსა ტრიო „Somni“ (სიზმარი) ნილს ფრიდლთან (ვიოლინო) და იონას მერკადალთან (კლარნეტი) ერთად. ტრიო არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. მათმა დისკმა “Trio Somni” საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოში ნინოს ბოლო კონცერტი შედგა 2024 წლის 16 ნოემბერს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, სადაც მან შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N 5 თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით.

წყარო:

https://www.ninogurevich.com/ 


Share: