The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე დადიშქელიანი

ალექსანდრე დადიშქელიანი
Legal name:ალექსანდრე დადეშქელიანი
Other name:ბექირბი
Date of birth:1828
Date of death:1887  (at 59 years)
Burial location:სოფელ აგამიანი, რუსეთი
Category:Geographer, Military Person, Topographer

Biography

სამხედრო პირი, ტოპოგრაფი და გეოგრაფი ალექსანდრე (ბექირბი) მიხეილის (ციოყის) ძე დადიშქელიანი (დადეშქელიანი) შორეული აღმოსავლეთისა და კორეის თვალსაჩინო მოგზაურ-მკვლევარია.

დაიბადა 1828 წელს სოფელ ფარში (ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი).

1843 წელს, ოჯახის მუხანათურად ამოწყვეტის გამო ობლად დარჩენილი, როგორც რუსეთის ქვეშევრდომი პეტერბურგში გაიგზავნა, სადაც დაამთავრა თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი ოფიცრის ჩინით და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში გამწესდა.

1853 წელს ალექსანდრე ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან კონსტანტინესთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს განაგებდა.

ძმები რუსეთში იყვნენ აღზრდილები და კაზაკთა პოლკის ლეიბგვარდიაში ირიცხებოდნენ, თუმცა მათ არ ევალებოდათ სამსახური. ცხოვრობდნენ თავიანთ მხარეში და მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდნენ ბარში, როცა ამას ხელმძღვანელობა ითხოვდა.

1855 წელს ალექსანდრე რუსეთს გაითხოვეს , მაგრამ არ წავიდა. 1857 წელს მეორედ გაითხოვეს. ქუთაისში ჩასულს ხმალი ჩამოართვეს და თბილისში გაგზავნეს მეფის ნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკისთან, რომელმაც სამხედრო ურჩობისთვის სასჯელის მოსახდელად ის ირკუტსკში, ციმბირის საჯარიმო ათასეულში გაგზავნა. 

ალექსანდრე დადიშქელიანი თავდაპირველად მსახურობდა იმიერბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში (1868-იდან პოლკოვნიკი), შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ნიკოლოზ მურავიოვ–ამურსკის ადიუტანტი იყო. 1874 წელს მიენიჭა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორის წოდება.

გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას; 1880-1884 წწ. მან კორეაში დაჰყო, სადაც გაიგზავნა პრიამურიეს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, როგორც ნიჭიერი და ფართო ჰორიზონტის მქონე სამხედრო მოსამსახურე.

ალექსანდრემ მოიარა და შეისწავლა მთელი კორეა, შორეული სოფლების ჩათვლით. ის იყო კორეის გეოგრაფიულ-ისტორიული, პოლიტიკური და ეთნოგრაფიულ-ეკონომიკური პირველაღმწერი. მეცნიერს ეკუთვნის, ასევე,  ამურის მხარის გეოგრაფიული მიმოხილვა.

ალექსანდრე დადეშქელიანის ნაშრომი კორეის შესახებ 1886 წელს გამოქვეყნდა პეტერბურგში სათაურით: "Краткий очерк современного состояния Корея  князя  Дадешкелиани,  состоящего при Канцелярии Приамурского генерал-губернатора 1885 г." (მოთავსებულია კრებულში: "Сборник географических, топографических, статистических материалов по Азии". Вып. XXII, Спб, 1886. გვ. 61-118). შრომას დართული აქვს კორეის რუკა. 1888 წელს გამოქვეყნდა მეორე შრომაც ამურის ოლქის შესახებ. ორივე ნაშრომი გასაიდუმლოებულ იქნა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მეცნიერი იმ დიდ მოგზაურთა და პირველაღმომჩენთა შორისაა, რომელთაც საფუძველი დაუდეს აღმოსავლეთის შორეული ქვეყნების შესწავლას.

ალექსანდრე დადიშქელიანის მეცნიერულმა გამოკვლევებმა მაღალი შეფასება მიიღო და დაიმსახურა მთავრობის ჯილდოები: წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები, აგრეთვე, ვერცხლის იარაღი და საიმპერატორო ჯვარი (1869);

1857 წელს სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა კონსტანტინე დადიშქელიანმა მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი. ამის გამო მისი ძმები და შვილები სვანეთიდან გაასახლეს, მათი ადგილ-მამული კი ხაზინას გადასცეს.

შორეულ ციმბირში მყოფი თავადი დადიშქელიანი მუდმივად წუხდა უმცროსი ძმების - ისლამის, თენგიზისა და ციოყის ბედზე. მისი თხოვნით აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნატორმა მურავიოვ-ამურსკიმ შუამდგომლობით მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს უმცროსი დადიშქელიანების პატიებისა და კავკასიაში დატოვების შესახებ. გრაფის შუამდგომლობამ გაჭრა და ისინი ირკუტსკში კი არ გადაასახლეს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი, არამედ დონის კაზაკთა პოლკში გაამწესეს , რომელიც იმჟამად პოლონეთში იყო განლაგებული.

კონსტანტინეს ძმების, შვილებისა და თავად ალექსანდრეს საბოლოო ნავსაყუდელი კი სამხრეთ რუსეთის მელიტოპოლის მაზრის სოფელი აგამიანი აღმოჩნდა. 

ალექსანდრე დადიშქელიანი გარდაიცვალა 1887 წელს რუსეთში. დაკრძალულია სოფელ აგამიანში (ეკატერინოსლავის გუბერნიის მელიტოპოლის მაზრა).

წყარო:

1. კალანდია გიორგი. პირველი ქართველი მოგზაური კორეაში // კალანდია გიორგი ქართველები მსოფლიო ისტორიაში. ტ.10. - თბილისი, 2021. - გვ. 148-151

2. წულუკიანი ეთერ  გენერალი თავადი ალექსანდრე დადეშქელიანი // წულუკიანი ეთერ. დადეშქელიანები. - თბილისი, 2023. - გვ. 132-143

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_დადიშქელიანი

4. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.257 


Share: