Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
იცხაკ დავიდი![]()
Biographyებრაელი ისტორიკოსი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე იცხაკ დავიდი (ისაკ ხაიმის ძე დავითაშვილი) დაიბადა 1946 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში. 1963 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1964 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტოლოგიის განხრით - არაბულის სპეციალიზაციით (1964-1969). სამეცნიერო მუშაობას სტუდენტობიდან შეუდგა. 1967-1968 წლებში თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობდა სპეცკურსს არაბულ ენაში; 1969 წლიდან იყო ამ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენათა სექტორის გამგე; 1972 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში და თავიდანვე ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 11 წელი იყო ისრაელის მთავრობის სპეციალური მრჩეველი კულტურისა და მეცნიერების დარგში; იცხაკ დავიდმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია „ისრაელის ეროვნული მოძრაობა“; 1983-1992 წლებში ის იყო ჯერ მმართველი პარტიის "ხერუთის" სარეპატრიაციო სექტორის უფროსი, ხოლო შემდეგ მთავრობის მეთაურის იცხაკ შამირის მრჩეველი; 1972 წელს მისი ინიციატივით თელ-ავივში დაარსდა ბ.გაპონოვის სახელობის ქართველოლოგიის კომიტეტი, შემდეგში „ისრაელის ბ. გაპონოვის სახელობის კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრი“. იცხაკ დავიდი გახლდათ ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 1975–1976 წლებში მოაწყო ამ ცენტრისა და კავკასიიდან წასულ ებრაელთა გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში; 1973-1974 წლებში იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში კითხულობდა სპეცკურსს კავკასიათმცოდნეობასა და ქართულ ენაში; 1974-1975 და 1976-1977 წლებში ჯერ თელ-ავივის, შემდეგ კი იერუსალიმის უნივერსიტეტებში მუშაობდა საქართველოს ებრაელთა ისტორიაზე; იგი გახლდათ ისრაელში დაარსებული საქართველოდან წასულ ებრაელ მწერალთა კავშირის აქტიური წევრი. შექმნილი აქვს პოეზიის, ესეისტიკისა და პროზაული ნაწარმოებები; წერს ლექსებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ებრაულ ენებზე; იცხაკ დავიდის სამეცნიერო კვლევების მთავარი თემაა ქართულ–ებრაულ, საქართველო–პალესტინის ურთიერთობის, მცირე აზიისა და კავკასიელ ებრაელთა ისტორიის შესწავლა–გაშუქება; ამ თემას მიუძღვნა ნაშრომი "კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში"(1982, ებრაულ ენაზე); მისი საინტერესო გამოკვლევაა "ქართული პალესტინიანა" (ორტომეული ქართულ ენაზე (1976-1982) და ფუნდამენტური ნაშრომი "კავკასიის ებრაელთა ისტორია"(1989, ტ. 1-2, თელ–ავივი, რუსულ ენაზე); ებრაულიდან ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო XIX საუკუნის II ნახევრის ებრაელი მოღვაწის იეჰუდა ჰალევი ჩორნის თხზულებას „მოგზაურობა საქართველოში". შეისწავლა ევროპელი მოგზაურების (ამბროჯო კონტარინი, იოსაფატ ბარბარო, ნიკოლას ვიტსენი, ოლფერტ დაპერი) ცნობები და ჩანაწერები საქართველოზე; შრომები აქვს აგრეთვე ენათმეცნიერების, ძველი ებრაული ფილოსოფიის, ესპანურ-არაბულ, ესპანურ-ებრაული პოეზიის შესახებ. 1996 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად; ქართულის, რუსულის და ებრაულის გარდა შესანიშნავად ფლობს ესპანურს, ინგლისურს, ძველ ბერძნულს, გერმანულს, ჰოლანდიურს; ამჟამად ცხოვრობს აშშ–ში. გამოდიოდა და გამოდის ლექციებითა და მოხსენებებით ინგლისის, აშშ-ს, რუსეთის, კავკასიის, შუა აზიის, იტალიის, ესპანეთის, ტაილანდის, ავსტრალიის, იაპონიის უნივერსიტეტებში და სააკადემიო კათედრებზე მოწვეული პროფესორის სტატუსით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.260 https://ka.wikipedia.org/wiki/იცხაკ_დავიდი http://www.georgianjews.org/stat.php?id=81&lang=gr დავიდი იცხაკ. იცხაკ დავიდი - ქართველი ერის სიამაყე: ინტერვიუ / ესაუბრა ნათელა ნათლიაშვილი-კვინიკაძე // კულტურის თეორიისა და თეორიის საკითხები = Issues history and theory of culture / ი. ჯავახიშვილის სახ.თბ. სახელმწიფო უნ-ტი; ისრაელის ცენტრი. თბილისი, 2020. N34. ჰვ. 181-185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |