Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
პეტრე ბაგრატიონი![]()
Biography1812 წლის სამამულო ომის გმირი პეტრე ბაგრატიონი იყო ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შვილიშვილის შვილი. მისი პაპა, ალექსანდრე, რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ. როდესაც პოლკოვნიკის ჩინს მიაღწია იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ყიზლარში (ახლანდელი დაღესტანი) დასახლდა (1759 წ.). პოლკოვნიკის ჩინით დატოვა სამხედრო სამსახური პეტრეს მამამ, ივანემაც. პეტრე ბაგრატიონი 1765 წლის 10 ივლისს ყიზლარში დაიბადა. მაშინ მამამისი ჯერ კიდევ სეკუნდმაიორი იყო. მომდევნო წლებში მას კიდევ ორი ვაჟი, ალექსანდრე და რევაზი (რომანი) შეეძინა. იმ ხანებში ყიზლარში, როგორც ახალდაფუძნებულ ქალაქში, არ არსებობდა არც გიმნაზია და არც რაიმე სახის სამხედრო სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდა ბაგრატიონები განათლებას მიიღებდნენ, ხოლო მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში შვილების გაგზავნის შესაძლებლობა მათ მშობლებს არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა პეტრე ბაგრატიონი უსწავლელი არ დარჩენილა. ვიდრე მამიდა პეტერბურგში დაპატიჟებდა, მას ოჯახში მიუღია ქართული ტრადიციული აღზრდა. სანქტ-პეტერბურგში პეტრე ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით შეიტყო მასზე გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმაც 1782 წელს, 17 წლის ახალგაზრდას სამხედრო სამსახური დააწყებინა ასტრახანის ქვეითთა პოლკში, სერჟანტად. პეტრე ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1783 წელს მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ. ამ საბრძოლო ოპერაციის შემდეგ მისი პოლკი გაერთიანდა ტომსკის ქვეითთა პოლკთან და დაერქვა კავკასიის მუშკეტერთა პოლკი. 1787-1791 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს პეტრე ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1792 წლამდე ის კავკასიაში იბრძოდა. 1793 წელს, კიევის კავალერიის პოლკში სამსახურისას, მიიღო პრემიერ-მაიორის ჩინი. 1793-1794 წწ. მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1794 წელს მეთაურობდა ერთ-ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: საკუთრივ ამ ბრძოლის გამო ის 1794 წლის 26 ოქტომბერს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა, 1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის, შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა. 1798 წელს პ. ბაგრატიონი უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (შემდგომში ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). 1799 წელს თავისი პოლკით მონაწილეობდა სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. საფრანგეთთან 1805-1807 წწ. ომში სოფ. შენგრაბენთან (1805 წლის ოქტომბერი) გენერალ-მაიორმა ბაგრატიონმა 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი ორი კორპუსი და რუსული ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის მან გენერალ-ლეიტენანტის (1805) წოდება მიიღო. თავი გამოიჩინა, აგრეთვე, აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას (1809 წლის გაზაფხულზე დაიკავა ალანდის კუნძულები). 1809 წლიდან - რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალია. 1809-1810 წლებში, სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში (1806-1812). 1811 წლის აგვისტოდან მეთაურობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან - II დასავლეთის არმიას. 1812 წლის სამამულო ომის დაწყებისას პეტრე ბაგრატიონმა ოსტატური მანევრით, ბრძოლებით უკან დაიხია, ნაპოლეონის ჭარბი ძალების დარტყმებს გაერიდა და უვნებლად მიიყვანა არმია სმოლენსკში, სადაც I დასავლეთის არმიას შეუერთდა. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას, რომლის წინააღმდეგ იყო მიმართული ფრანგების მთავარი დარტყმა. გენერალმა მტრის 7 იერიში მოიგერია, გამოიჩინა განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში, სადაც გარდაიცვალა 1912 წლის 24 სექტემბერს, ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ. თავდაპირველად დაკრძალეს სოფელ სიმში (ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. სამხედრო კარიერის მანძილზე პეტრე ბაგრატიონს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო: „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1809), “ოქროს დაშნა“ სიმამაცისთვის, ალმასებთან ერთად (1807), წმ. ვლადიმერის, წმ. ანას, წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენები, „წმ. ალექსანდრე ნეველის“, ალმასებთან ერთად (1799), პრუსიული „წითელი არწივის“ (1807), მარი-ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვარი (1799), მალტური „წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენი“ ალმასებთან ერთად (1799) და სხვა. 1800 წლის 14 სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ–მაიორმა პეტრე ბაგრატიონმა იქორწინა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე. მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე I იყო. სამწუხაროდ, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ის სულ ცდილობდა მეუღლესთან და მის ნათესავებთან დაახლოებას, თუმცა უშედეგოდ. ჰყავდა ქალიშვილი მარია-კლემენტინ ბაგრატიონი. პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონის სახელის უკვდავსაყოფად 1946 წლის 7 სექტემბერს ქალაქ ეილაუს ბაგრატიონოვსკი უწოდეს; მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურს ჰქვია „ბაგრატიონოვსკაია“ და, ასევე, არის ხიდი „ბაგრატიონი“; მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარების შეტევის ოპერაციას ბელორუსიის ფრონტზე ეწოდებოდა „ოპერაცია ბაგრატიონი“; მისი სახელობის ქუჩები არის კალინინგრადსა და დონეცკში; 1984 წელს თბილისში აღიმართა პეტრე ბაგრატიონის ძეგლი, 1999 წლიდან კი, ასევე, მოსკოვშიც დგას მისი ქანდაკება. სკულპტორი – მერაბ მერაბიშვილი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ბაგრატიონი ჩხარტიშვილი, ცაცა. დიდი მხედართმთავარი-პეტრე ბაგრატიონი . - თბ., 2010 მეგრელიძე, შამშე. პეტრე ბაგრატიონი . - თბ., 1986 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. – თბ., 1997 . – გვ.320
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |