The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ გუჯაბიძე

Other name:ლადო  (Acronym)
Date of birth:24 August, 1945  (79 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

მხატვარი, მოქანდაკე, დიზაინერი ვლადიმერ (ლადო) გუჯაბიძე დაიბადა 1945 წლის 26 აგვისტოს სოფელ ჯურუყვეთში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), მიხეილ და ანგელინა გუჯაბიძეების ოჯახში.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ: თეიმურაზ ნაცვლიშვილი და ვალერიან თოფურიძე.

მუშაობდა მხატვარ–გამფორმებლად თბილისის კომბინატ "ქალაქგაფორმებაში"; მხატვრულად  გააფორმა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე ობიექტი, მათ შორის: მოსკოვში - „გამოფენა-70“, რესტორანი - „ზოლოტოი კოლოს“;  ბაქოში - რესტორანი „თბილისი“; ბიჭვინთაში - კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი სახლი; აშშ-ში - საბჭოთა კავშირის გამოფენა; უნგრეთში - გამოფენა „ქართული სამზარეულო“ და სხვა.

1975 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში, შემდეგ – იტალიაში.

ლადო გუჯაბიძე ადრე დაოჯახდა. ცხოვრების თანამგზავრად აირჩია ნიჭიერი მხატვარი ქალი - შაქე, „კაროს“ სახელით ცნობილი თბილისელი იუველირის ასული. შეეძინათ ქალიშვილი - მარინე. როდესაც მეუღლის მშობლებმა საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა გადაწყვიტეს, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ შეელივნენ და საზღვარგარეთ ლადოც ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა.

1976 წლიდან ხელოვანი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მუშაობდა ქანდაკებების ჩამომსხმელად და დიზაინერად. უცხოეთში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. მისმა ნამუშევრებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს და მალე კომპანია „არტ დე ლუქსის“ კატალოგში მოხვდნენ.  კერძო შეკვეთებმაც არ დააყოვნა.

ლადო გუჯაბიძემ მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში, გაიმარჯვა კონკურსებში - აშშ-ში, ევროპასა და აზიაში.

1981 წელს მისი სკულპტურული ნამუშევრები ერთროულად გამოიფინა ნიუ–იორკის რამდენიმე გალერეაში.

1989 წელს იაპონიაში გამართულ მოქანდაკეთა როდენის სახელობის III საერთაშორისო კონკურსში (მონაწილეობდა 10 000 მხატვარი მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) ხელოვანის სკულპტურული კომპოზიცია "დაუოკებელნი" (ბრინჯაოს რაშები) 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ტოკიოს ერთ–ერთ ქუჩაზე დაიდგა, ხოლო, ქანდაკება "მუზა" დგას ჰამილტონის ტბის ნაპირას (ჩიკაგოს მახლობლად, აშშ).

"კნიკერ ბოკერის" გამოფენაზე მიეკუთვნა ოქროს მედალი.

ვლადიმერ გუჯაბიძე ნაყოფიერად მუშაობს ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერასა და გრაფიკაში. მისი ნამუშევრები დაცულია აშშ–ის მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

წყარო: 

ენციკლოპედია „საქართველო“, . 2, თბ., 2012. გვ. 236.

https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_გუჯაბიძე

აბაშმაძე გულნარა. ლადო გუჯაბიძე - საქვეყნოდ ცნობილი მოქანდაკე // გაზ.: სამშობლო. - თბილისი, 1990, აპრილი, N8


Share: