Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვლადიმერ გძელიძე![]()
Biographyმეწარმე, ხილეულის წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების სპეციალისტი ვლადიმერ დავითის ძე გძელიძე (გრძელიძე) დაიბადა 1894 წლის 10 (22) მაისს სოფელ ბარში (ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი). 1917 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის „კომპანია ზემელის“ ლიმონათის ქარხანაში, სადაც დაეუფლა სიროფის დამზადების ტექნოლოგიას. 1920-იანი წლებიდან იგი დამოუკიდებლად ქმნიდა ხილეულის წყლების სიროფის რეცეპტებს; 1922-1924 წწ. მუშაობდა ბაქოს ხილეულის წყლების წარმოებაში; 1924-1932 წწ.- ამიერკავკასიის რკინიგზის (ბაქო, ლენინაკანი, თბილისი) კვების ობიექტებში; 1932 წელს ვლადიმერ გძელიძის თაოსნობით თბილისში ამოქმედდა ლიმონათის ქარხანა (ნ. გოგოლის ქ. N 52, ახლანდელი N16), სადაც იგი იყო უალკოჰოლო სასმელების დამზადების ოსტატ-სპეციალისტი და წარმოების ხელმძღვანელი. ქარხანა უშვებდა სხვადასხვა სახეობის ხილის ლიმონათს და წლების განმავლობაში ამარაგებდა ამიერკავკასიის რკინიგზის, ასევე უკრაინის ქალაქების - დნეპროპეტროვსკისა და კიევის კვების ქსელს; თბილისში ფუნქციონირებდა „გძელიძის წყლების“ საფირმო მაღაზიებიც: პირველი – 1930-იან წლებში რკინიგზის ვაგზალთან, ნ. გოგოლისა და ჩელუსკინელების (ახლანდ. თამარ მეფის გამზირი) ქუჩების კუთხეში; მეორე (მაღაზია-პავილიონი) – 1940-იან წლებში ა. ელბაქიძის (ახლანდ. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა) დაღმართზე; საფირმო მაღაზიებში იყიდებოდა ვლადიმერ გძელიძის რეცეპტით დამზადებული ხილეულის გამაგრილებელი წყლები: „მსხლის", „შინდის", „პიტნის", „ვაშლის", „კომშის", „ასკილის", ასევე „შოკოლადის", „ყავის", „ნაღების" და სხვ., უალკოჰოლო სასმელები – „ხვანჭკარა", „კახური", „შამპანური", „სადესერტო", „საგაზაფხულო"; ასევე, სუსტი ალკოჰოლიანი სასმელები – „საფესტივალო", „საამო", „ჩქეფი", „თბილისი", „მოსკოვი"; ლიმონათის ბოთლების ეტიკეტზე მითითებული იყო: „ხილის წყლების წარმოება ვლადიმერ გძელიძის ხელმძღვანელობით“; 1959 წელს თბილისის რკინიგზის ვაგზლის რეკონსტრუქციის გამო ლიმონათის ქარხნის ამორტიზებული შენობა აიღეს. 1960-იან წლებში სასტუმრო „ივერიისა" და მიმდებარე მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით ელბაქიძის დაღმართზე მდებარე მაღაზია-პავილიონი დაინგრა, ამავე პერიოდში შეწყვიტა არსებობა ნ. გოგოლის ქუჩაზე არსებულმა საფირმო მაღაზიამაც. 1947-1951 წწ., მოსკოვში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, საქვაჭრობის საფირმო მაღაზიაში ფუნქციონირებდა ვლადიმერ გძელიძის ხილეულის წყლების სექცია; 1950 წელს ქართველი მეწარმე მიიწვიეს სომხეთის მინერალური წყლების ტრესტში, ოსტატ-მეკუპაჟეებისათვის უალკოჰოლო სასმელების დამზადების გამოცდილების გასაზიარებლად. ამ პერიოდში ერევნის ლუდისა და ლიმონათის ქარხანაში მისი ხელმძღვანელობით ამზადებდნენ ხილეულის წყლების უალკოჰოლო სასმელებს; ვლადიმერ გძელიძემ თავისი საქმიანობით მრავალჯერ დაიმსახურა მაღალი შეფასება: 1955 წელს სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტრომ მას მიანიჭა "ხილეულის წყლებისა(ლიმონათი) და I კატეგორიის ბურახის დამზადების ოსტატის" წოდება; გარდაიცვალა 1960 წლის 5 ივნისს, თბილისში. ვლადიმერ გრძელიძის მეუღლე იყო თამარ გრძელიძე. ჰყავდათ ორი ვაჟი: დავითი და ოთარი. 1989-1997 წლებში თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის №12-ში ფუნქციონირებდა ვ. დ. გძელიძის შვილიშვილის, ვლ. გრძელიძის მიერ დაფუძნებული ხილეულის წყლების მცირე საწარმო და საფირმო მაღაზია „გ.წ.“. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_გძელიძე საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/2984 ვლადიმერ დავითის ძე გრძელიძე [ნეკროლოგი]// გაზ. „თბილისი“. 1960. 6 ივნისი. N 133 (2139). - გვ. 4. მაისურაძე, მარინე. გახსოვთ გრძელიძის წყლები? : [ ვლადიმერ გრძელიძის გახსენება]//გაზ. „თბილისი“. 1987. 20 აგვისტო
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |