შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ივანე სარაჯევი![]()
ბიოგრაფიაპირველი ქართველი პროფესიონალი ვიოლონჩელისტი ივანე თედორეს ძე სარაჯიშვილი (სარაჯევი) დაიბადა 1862 წლის 19 მარტს. ქ. მოსკოვში. 1877-1886 წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები ვ. კ. ფიტცენჰაგენი (ვიოლონჩელო), პ. ი. ჩაიკოვსკი (ჰარმონია), ს. ი. ტანეევი (ფორმის ანალიზი), ნ. ა. გუბერტი (კონტრაპუნქტი, ფუგა). 1881 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და ანსამბლისტი; 1886 წლიდან ასწავლიდა რუსეთის მუსიკალური საზოგადოების ქ. ტამბოვის განყოფილების მუსიკალურ კლასებში ვიოლონჩელოზე დაკვრას და თეორიულ საგნებს, შემდეგ კი დირექტორი იყო (1886−1887). 1887 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, როგორც სოლისტი, სოლისტი-კონცერტანტი, ანსამბლისტი, ტფილისის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო, მუსიკის თეორია, სოლფეჯიო); გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებში, იყო ლოტბარი, სიმებიანი კვარტეტის, ტრიოს უცვლელი წევრი, აგროვებდა და იწერდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. 1890 წლის 1 თებერვლის (N25) გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბ-ნ აღნიაშვილს სიმღერების ნოტებად დასაწყობად მიუწვევია ბ-ნი ივანე თევდორეს ძე სარაჯიშვილი, რომელსაც უკვე დაუწყვია ნოტებად რამდენიმე სიმღერა და მათ შორის ისეთი ძნელებიც, როგორიც არის „ზამთარი“ ანუ „მეფეო შენსა“. ამასთანავე, როგორც გავიგეთ თვით იპოლიტოვ-ივანოვისაგან, ჩინებულად არის თურმე ეს სიმღერები გადაღებული“. ივანე სარაჯიშვილი არის პირველი ქართული მცირე ფორმის ვიოლონჩელოს ნაწარმოების ავტორი; ბეთჰოვენის სიმებიანი კვარტეტის პირველი ქართველი შემსრულებელი; თბილისში გამართული სოლო და სიმფონიური კონცერტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1891 წლის სიმფონიური კონცერტი (დირიჟორები: პ. ი. ჩაიკოვსკი, მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვი); მუსიკოსის რეპერტუარში შედიოდა პ.ი. ჩაიკოვსკის "ვარიაციები როკოკოს თემაზე", ბეთჰოვენის, შოპენის, გრიგის და სხვათა სონატები ვიოლონჩელოსთვის; ივანე სარაჯიშვილის ბიძაშვილია საოპერო მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, რომელიც ბავშვობაში ივანესთან იღებდა ვიოლონჩელოს გაკვეთილებს. მუსიკოსი გარდაიცვალა 1898 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალეს კუკიის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 423 Гинзбург Л., История виолончельного искусства, кн. 3 // Русская классическая виолончельная виолончельная школа,- М., 1965, с. 300-304. Иван Фёдорович Сараджев (Сараджишвили) // Тамбовские даты, 2012 год. − Тамбов, 2011. − С. 18−19. ჩვენ შევიტყეთ, რომ ბ-ნ აღნიაშვილს... // ივერია. - 1890.-1 თებ.. - N25. - გვ.1 ი.თ. სარაჯიშვილი [ნეკროლოგი] // ცნობის ფურცელი. - 1898. - 30 სექტემბერი. - N642. - გვ.2
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |