The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან ჯინჭარაძე

ქეთევან ჯინჭარაძე
Date of birth:1926
Date of death:21 September, 2023  (at 97 years)
Category:Humanitarian

Biography

ქეთევან (ქეთო) ჯინჭარაძე გახლდათ ქართველი იუნკრის და შემდგომში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მაიორის ალექსანდრე დავითის ძე ჯინჭარაძისა (1897-1970) და ნინო ვასილის ასულ მაჩაბლის ერთადერთი ქალიშვილი. ქეთევანის ბიძა, პოლიტიკოსი და ქიმიკოსი გიორგი მაჩაბელი (1885-1935) იყო ცნობილი პარფიუმერული ფირმის - "Prince Matchabelli"- დამაარსებელი. 

სამხედრო ოფიცერი ალექსანდრე (საშა) ჯინჭარაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918), იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის დაიმსახურა წმ. გიორგის ჯვარი.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაირიცხა 1919 წელს დაარსებულ ქართულ-სამხედრო სკოლაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იუნკერთა სკოლის კურსანტებთან ერთად ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას  კოჯორსა და ტაბახმელასთან (1921 წ. თებერვალი).

გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გაჰყვა მთავრობას. 1921 წლის სექტემბერში სხვა ოთხ იუნკერთან ერთად (ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, გიორგი ოდიშელიძე, ალექსანდრე კინწურაშვილი), განათლების შემდგომი სრულყოფის მიზნით მივლენილ იქნა საფრანგეთში,  სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში.

1922 წელს გადავიდა ნაპოლეონის მიერ დაარსებულ ფონტენბლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში, რომელიც 1926 წელს კავალერიის ოფიცრის წოდებით დაამთავრა. ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის I პოლკში უმცროსი ლეიტენანტის ჩინით.

1935 წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და დაჯილდოვდა საბრძოლო ჯვრით. ასევე ფლობდა მრავალ ჯილდოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის. 

1940 წლიდან ოფიცერი ჯინჭარაძე  ერთმანეთს უთავსებდა ორ საქმიანობას: მებრძოლისა და მშენებლის – აშენებდა გზებს, ხიდებს, საავადმყოფოებს.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კაპიტნის ჩინით იბრძოდა დივიზიის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში. 1940 წლის ივნისში უაზში, ნორუაისთან ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

1945 წელს ავადმყოფობის გამო ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დაბრუნდა უცხოელთა ლეგიონში და 6 წლით გაემგზავრა მაროკოში, სადაც მეთაურობდა ესკადრონს.  

ქეთევან ჯინჭარაძე 1926 წელს დაიბადა. 1930 წელს მოინათლა პარიზში, წმინდა ნინოს ტაძარში. მონათლა ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ. ნათლია კი ბიძამისი, გიორგი მაჩაბელი იყო. 

ქეთევანი იზრდებოდა პარიზთან ახლოს კლამარში, სადაც მაჩაბლის ფირმის ფრანგული ფილიალი მდებარეობდა. მან იქ გაიცნო თავისი საქმრო გი ემერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდა გერმანელ ოკუპანტებს. გი ემერი ფაშისტებმა შეიპყრეს, აწამეს და ციხეში გამოკეტეს. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუკავშირდა პარტიზანებს, ჩუმად დაბრუნდა პარიზში და ჩაება იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქეთევან ჯინჭარაძე გი ემერის ჯგუფს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასა და სამალავებში მოთავსებაში ეხმარებოდა. მოღალატის მიერ გაცემული ჯგუფი გესტაპომ ხელთ იგდო და გაანადგურა. დახვრიტეს ქეთევანის საქმრო, 21 წლის გი ემერიც.

ამ ტრაგედიას დაემატა ცნობა, რომ ქეთოს მამა ალექსანდრეც ტყვეთა ბანაკში მოხვდა. გოგონას სასოწარკვეთილებით შეწუხებულმა გენარალმა კოენიგმა (შემდეგ სამხედრო მინისტრი დე გოლის მთავრობაში) ქეთევანი ალჟირში წაიყვანა, სადაც მამამისი გათავისუფლების მერე იმყოფებოდა. ავადმყოფი მამის მოვლამ ქეთოს ცოტათი მაინც შეუმსუბუქა მწუხარება.

ქეთევან ჯინჭარაძეს, როგორც ომის ვეტერანს, საფრანგეთის სახელმწიფომ პენსია დაუნიშნა.

ქალბატონი ქეთევანი 2023 წლის 21 სექტემბერს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გულშემატკივრობდა საქართველოს სათვისტომოს საფრანგეთში და კავშირი ჰქონდა საქართველოსთან.

წყარო:

https://kvirispalitra.ge/article/108254-97-clis-asakshi-gardaicvala-ketevan-jincharaze-iunker-davit-jincharazis-samachablos-ukanaskneli-tavadis-vasil-machabelisa-da-princ-machabelis-dampuzneblis-shtamomavali/

დაუშვილი რუსუდან. მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები // ქართული ემიგრაცია. - თბილისი. - 2022-2023.-N10-გვ.26

ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წინააღმდეგობის "პატარა ხელები" // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.80-88.


Share: