Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანდრია ბენაშვილი![]()
Biographyსამხედრო და საზოგადო მოღვაწე ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი (ბენაევი) დაიბადა 1868 წლის 4 აპრილს, ყვარელში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დედამისი, ელისაბედ ყულდოაშვილი დიასახისი იყო. მიხეილმა და ელისაბედმა რვა შვილი აღზარდეს - 6 ვაჟი და ორი ასული. 1877 წელს10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. კადეტთა კორპუსში სწავლისას ანდრია ბენაშვილმა დააარსა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა“, რომელიც მისივე რედაქტორობით გამოდიოდა (1882-1883 ). ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ამ მკაცრი რეჟიმის სამხედრო სასწავლებელში ქართველი მსმენელის მიერ დაარსდა ხელნაწერი ჟურნალი მშობლიურ ენაზე. მთავარი ადგილი ჟურნალში ეკავა პუბლიცისტიკას, რომლის დედააზრი ის იყო, რომ გიყვარდეს ქართული ენა, შენი სამშობლო, მისი ისტორია და კულტურა. 1885 წელს, კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ, ანდრია შევიდა მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1887 წელს, 19 წლის ასაკში. ანდრია ბენაშვილს, როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს უფლება ჰქონდა აერჩია მომავალი სამუშაო ადგილის სასურველი ვაკანსია და მან 1887 წელს დაიწყო სამსახური თბილისში, სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში პოდპორუჩიკის წოდებით. 1890 წელს გახდა პორუჩიკი. ახალგაზრდა ოფიცერი სამხედრო სამსახურით არ იზღუდებოდა და ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. ამ პერიოდში გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა, ხოლო „ივერიაში” დაიბეჭდა მისი პიესები - „დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო”, „დროთა ბრუნვა” და სხვა. „თელაველი ოტელო“ სცენაზეც იდგმებოდა. ანდრია ბენაშვილი უმაღლეს განათლებაზე ოცნებობდა, მაგრამ მას მხოლოდ სამხედრო განათლების მიღება შეეძლო. იმ დროის რუსეთში არცერთი სასწავლებელი არ ამზადებდა მეცნიერ სპეციალისტებს ასტრონომიასა და გეოდეზიაში, გარდა გენერალური შტაბის აკადემიისა, რომლის გეოდეზიური განყოფილების კურსდამთავრებულ ოფიცერს ენიჭებოდა გეოდეზისტის (ასტრონომის) სამეცნიერო წოდება. მეცნიერ-გეოდეზისტებს უფლება ჰქონდათ წაეკითხათ ლექციები ყველა უმაღლეს სასწავლებელში (მათ შორის სამოქალაქოში) დამატებითი დისერტაციის დაცვის გარეშე. გეოდეზისტის წოდება უთანაბრდებოდა ასტრონომიისა და გეოდეზიის დოქტორის ხარისხს. 1896 წელს, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ანდრია ბენაშვილი ჩაირიცხა გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე, ხოლო, 1899 წელს, აკადემიის თეორიული კურსის 1-ლი თანრიგით დასრულების შემდეგ, იგი 2 წლით გაიგზავნა პულკოვოს ასტრონომიულ ობსერვატორიაში პრაქტიკული ასტრონომიისა და უმაღლესი გეოდეზიის მიმართულებით სამუშაოდ. სწორედ პულკოვოში ყოფნის დროს დაწერა მან დისერტაცია თემაზე: „განედის განსაზღვრა ორი ვარსკვლავის შესატყვის სიმაღლეთა და ამ ვარსკვლავთა ზენიტურ მანძილთა მცირე განსხვავების გაზომვის მიხედვით“. ანდრია ბენაშვილის დისერტაცია გენერალური შტაბის აკადემიის კონფერენციის მიერ აღიარებულ იქნა თვალსაჩინო მეცნიერულ გამოკვლევად და დაიბეჭდა გენერალური შტაბის სამხედრო ტოპოგრაფიული განყოფილების მთავარი სამმართველოს კრებულში. მისი ძირითადი დებულებები შემდგომ გადაიბეჭდა გერმანულ და ფრანგულ სპეციალურ გამოცემებში. ახალგაზრდა მეცნიერმა 1901 წელს დაამთავრა აკადემია ასტრონომიისა და გეოდეზიის განხრით და მიიღო გენერალური შტაბის ოფიცრის წოდება. 1899 წელს ა. ბენაშვილს მიენიჭა შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1901 წელს კაპიტნის წოდება. 1901 წელს დაინიშნა ტრიანგულაციის დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფროსის თანაშემწედ, შემდეგ კი - სამმართველოს უფროსად (1904-1916). 1902-1903 წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში. 1904 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი. 1908 წელს - პოლკოვნიკი. 1902 წელს მიიწვიეს სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ (1902-1916). ამ დროიდან დაიწყო მისი უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობა, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა. 1905-1916 წწ., პარალელურად, ასრულებდა გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. გარდა ამისა, სამხედრო ტოპოგრაფიის კურსს კითხულობდა პავლოვისა და მიხაილოვის სამხედრო სასწავლებლებში. თავის მთავარ პროფესიად და მოწოდებად ა. ბენაშვილი სწორედ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თვლიდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკული საქმიანობა არ მიუტოვებია და მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). ომის დასაწყისში (1915-1916) პოლკოვნიკი ა. ბენაშვილი ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, მაგრამ ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო, მალევე გაიწვიეს მოქმედ არმიაში. ომის პირობებში მან წარმატებით გაიარა გზა პოლკის მეთაურიდან არმიის სარდლამდე: მსახურობდა კამიშინის 404-ე ქვეითი პოლკის მეთაურად (1916-1917), 105-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად, 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად (1917-1918) და სულ რაღაც სამ წელიწადში მიაღწია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის (1916), შემდეგ კი გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. რუსეთის არმიაში სამსახურის დროს ანდრია ბენაშვილი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით: 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის; 1913 - წმინდა ანას II ხარისხის; 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის; 1907 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის; 1907 - წმინდა ანას III ხარისხის; 1918 წლის იანვრიდან გენერალი ა.ბენაშვილი გაიგზავნა კავკასიის ფრონტზე კავკასიის ზურგისა და მომარაგების ჯარების უფროსად, ამიერკავკასიის არმიის სამხედრო–ტოპოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. ანდრია ბენაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დრო დაემთხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დასკვნით ეტაპს. ქართულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა მისი ჭაბუკობისდროინდელი ოცნება იყო, ამიტომაც სიხარულით ჩაება პროფესორთა კოლეგიის მუშაობაში. 1918 წლის 17 იანვარს ის უკვე ესწრებოდა პროფესორთა საბჭოს მეორე ოფიციალურ სხდომას. პეტრე მელიქიშვილი და ანდრია ბენაშვილი უნივერსიტეტის პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. თუმცა ა. ბენაშვილს ლექციების კითხვა პირველ სემესტრშივე არ დაუწყია. 1918 წლის 13 აპრილს პროფესორთა საბჭომ იგი წარადგინა კანდიდატად ტფილისის ფიზიკური (მაგნიტურამეტეოროლოგიური) ობსერვატორიის დირექტორის თავისუფალ ადგილზე. ტფილისის ობსერვატორია წარმოადგენდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უძველეს სტაციონარულ დაწესებულებას კავკასიაში და მისი კავშირურთიერთობა აკადემიასთან ხორციელდებოდა პულკოვოს მთავარი ობსერვატორიის საშუალებით. ობსერვატორიის ამოცანა იყო ქ. თბილისში მუდმივი მაგნიტური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები, აგრეთვე კავკასიის კლიმატური და ფიზიკური გამოკვლევა. ანდრია ბენაშვილამდე ობსერვატორიას არც ერთი ქართველი მეცნიერ-თანამშრომელი არ ჰყოლია. მისი დირექტორად დანიშვნიდან მალევე დადგა საკითხი თბილისის ობსერვატორიის უნივერსიტეტის გამგებლობაში გადმოცემისა. 1919 წლის 20 მარტიდან თბილისის უნივერსიტეტი ობსერვატორიის გზით მთელი რიგი სამეცნიერო დაწესებულებების ქსელის გამგებელი გახდა. უნივერსიტეტის ხელში გადმოვიდა საკმაოდ მდიდარი მატერიალური ბაზა, რამდენიმე გამოცდილი თანამშრომელი კი, სწორედ ა, ბენაშვილის დირექტორობის დროს მიიწვიეს უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლად. ანდრია ბენაშვილი თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი 1919-1923 წწ. იყო. ამავე დროს, იგი 1919–1921 წწ. გახლდათ უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დროს, მსახურობდა ქართულ ჯარში. ერთხანს ასრულებდა სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობას, კითხულობდა ლექციათა კურსს სამხედრო ტოპოგრაფიასა და გეოდეზიაში. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, მეთაურობდა ქვეითთა მე-5 პოლკს. შემდგომში იყო გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი, სამხედრო მინისტრის თანაშემწე, 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გავიდა თადარიგში. 1919-1936 წწ. ანდრია ბენაშვილი ხელმძღვანელობდა თსუ-ის ასტრონომიისა და გეოდეზიის კათედრას. ამ სპეციალობებში სწორედ მან დაიწყო ლექციების კითხვა ქართულ ენაზე (უნივერსიტეტის არსებობის მეორე სემესტრიდან). პროფესორი ანდრია ბანაშვილის მეცადინეობით შეიქმნა ასტრონომიული კაბინეტი თბილისის უნივერსიტეტთან. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში, რისთვისაც მოხერხებულად იყენებდა ძველ ქართულ ასტრონომიულ სახელწოდებებსა და ციური მოვლენებისა თუ ობიექტების ხალხურ დასახელებებს. 1928 წლიდან იგი გახლდათ გეოდეზიისა და სამარქშეიდერო საქმის კათედრის გამგე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1923-1941 წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტფილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში; 1933–1936 წწ. - ქუთაისსა და 1938–1941 წწ.- სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იგი გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა უმაღლესი ტექნიკური განათლების სარბიელზე და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში. პროფესორი ანდრია ბენაშვილი გარდაიცვალა 1941 წლის 28 ივნისს სოხუმში. მისმა მოსწავლეებმა, პროფესორ ნიკოლოზ თევზაძის თაოსნობით, საყვარელი მასწავლებლის ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დროთა განმავლობაში მისი საფლავის ადგილსამყოფელი დავიწყებას მიეცა და მას მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. სიმბოლურია, რომ საფლავი მოიძებნა 2018 წელს, მაშინ როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ანდრია ბენაშვილის დაბადების 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა. 1941 წელს ანდრია ბენაშვილს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. პროფესორი ა. ბენაშვილი ავტორია 30-მდე სამეცნიერო შრომისა უმაღლესი გეოდეზიის, სფერული ტრიგონომეტრიის, სფერული ასტრონომიის და ტოპოგრაფიის დარგებში. მან შეადგინა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტოპოგრაფიის, სფერული ტრიგონომეტრიის, სფერული ასტრონომიისა და ცდომილებათა თეორიის დარგში. ის იყო, აგრეთვე, ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა. მეცნიერის ღვაწლი დავიწყებას არ მისცემია. მის სახელს ატარებს თბილისის გეოდეზიის და კარტოგრაფიის კოლეჯი (ყოფილი თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი); თბილისში არის ანდრია ბენაშვილის სახელობის ქუჩა, ხოლო სახლს, სადაც ის ცხოვრობდა, ამშვენებს მემორიალური დაფა. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია_ბენაშვილი http://conference.ens-2019.tsu.ge/statements/ბენაშვილი.pdf საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.396 ხარაძე, ევგენი. ანდრია ბენაშვილი: ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა / ევგენი ხარაძე, სერგო ჯორბენაძე. - თბილისი, 1988.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |