Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ოთარ შიუკაშვილი![]()
Biographyფერმწერი ოთარ გიორგის ძე შიუკაშვილი (Otari Shiuk) დაიბადა 1921 წლის 20 იანვარს, ლენინგორში. გაიზარდა თბილისში. დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი. 1941 წლიდან იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. თითქმის ბერლინამდე ჩააღწია, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო თავის არეში და ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ის იყო ერთადერთი სტუდენტი, რომელმაც დაიმსახურა სტალინის სტიპენდია. 1950 წლიდან მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად კინოსტუდია „ქართულ-ფილმში“. 1957 წელს საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. ამვე წლიდან გახდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. როგორც მხატვარმა იმუშავა „მოსფილმის“ ფილმებზე „ბორის გოდუნოვი“ და „რომეო და ჯულიეტა“. ოთარ შიუკაშვილმა გამოიმუშავა თავისი სტილი მხატვრობაში. ის ერთდროულად იყო იმპრესიონისტი და „სოცრეალიზმის“ ოსტატიც, ხატავდა პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, თეატრისა და კინოს დეკორაციის ესკიზებს. ხშირად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და სხვა. მის მიერ შესრულებულმა ბალერინა გალინა ულანოვას პორტრეტმა გრან-პრი მიიღო ვენის საერთაშორისო სამხატვრო გამოფენაზე. 1980 წელს, მეუღლესთან, პიანისტ ბელა შიუკაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობდა ნიუ-იორკში, შემდეგ ვაშინგტონში. ოთარ შიუკაშვილი ძალიან ნაყოფიერი მხატვარი იყო. ხატავდა შეკვეთითაც და უამრავი საინტერესო ფერწერული ტილო დაუტოვა მსოფლიოს. მისი ნამუშევრები გამორჩეულია ფერებით, განწყობილებითა და კომპოზიციით. პეიზაჟებში იგრძნობა უდიდესი მოწიწება და მადლიერება ბუნების მიმართ, ხოლო ნატურმორტებში, რომლებიც საქართველოს სიყვარულს ეძღვნება, თავს იწონებენ თიხის, ვერცხლის ნივთები, ფერად-ფერადი მთიულური ხალიჩები და ხევსურული ტანისამოსის ფრაგმენტები. ერთ-ერთი ამ ნატურმორტებიდან განთავსებულია ქართული ემიგრაციის მიერ ნიუ-იორკში დაარსებული კავკასიური სახლის - "ალავერდის" კედელზე. ამერიკაში მხატვრის არაერთი პერსონალური გამოფენა ჩატარდა. მის გამოფენებს მასპინძლობდნენ: ნიუ-იორკი, ჯერსი სითი, სტენფორდი, ალექსანდრია (ვაშინგტონის ძველი უბანი) და სხვა. 1986 წლის დეკემბერში დიდმა ჟურნალმა „სამყარო და მე“ (ვაშინგტონი) თავისი ფურცლების დიდი ნაწილი დაუთმო ოთარ შიუკაშვილის შემოქმედებას. ამავე დროს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა, ხოლო 1987 წლის იანვარში გაიხსნა პერსონალური გამოფენა ტაივანში. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო შემოთავაზებული აუქციონზე და ბევრი მათგანი გაიყიდა. გარდა კოლექციონერებისა, სურათებს დიდი ბანკები და ოფისებიც ყიდულობდნენ. ოთარ შიუკაშვილის მრავალი ნამუშევარი, ჯერ კიდევ ემიგრაციამდე, შეიძინა მოსკოვის, ლენინგრადისა და ვოლგოგრადის მუზეუმებმა. საქართველოში დაცულია მხატვრის მხოლოდ ერთი ნახატი. ეს არის მისი ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან), ლალის პორტრეტი, რომელიც მან თბილისის მუზეუმს აჩუქა. მეორე ქორწინებაში შეეძინა ვაჟი, მიხეილი. ოთარ შიუკაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს ბევრ კატალოგშია შესული. მხატვარი გარდაიცვალა 1995 წლის 13 მარტს როკველში (მერილენდის შტატი). დაკრძალულია იქვე. წყარო: https://www.mutualart.com/Artist/Otari-Shiukashvili/64D37DB3FCAE4AB7/Biography https://socrealizm.com.ua/gallery/artist/shiukashvili-og-1921 ჩოხელი გიული. „ქართული მზის სხივი ამერიკაში“: [ქართველი მხატვარი ოთარ შიუკაშვილი]. - თბილისი, 2024
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |