The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან შენგელია

ლევან შენგელია
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1975
გარდაცვ. თარიღი:14 აგვისტო, 2024  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მუსიკოსი ლევან შენგელია 1992 წლიდან, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

დაიბადა 1975 წლის 6 მაისს, სამტრედიაში. ოჯახში მუსიკოსი არავინ იყო, ინსტრუმენტიც კი არ ჰქონდათ. მამა ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ როდესაც შვილს მუსიკისადმი ლტოლვა შეამჩნია,  მუსიკალურ სკოლაში შეიყვანა.

ლევან შენგელიამ ექვსი წლიდან დაიწყო მუსიკის შესწავლა. მეშვიდე კლასამდე დაბა კულაშის მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, შემდეგ თბილისიდან კომისია ჩავიდა ნიჭიერი ბავშვების შესარჩევად და ლევანი თბილისში წამოიყვანეს, რათა კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ესწავლა. ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე გააგრძელა.

კონსერვატორიაში მხოლოდ სამი სემესტრი ისწავლა, მაგრამ დიდი სკოლა გაიარა, რადგან მისი მასწავლებლები, კორიფეები, ოთარ თაქთაქიშვილი და ბიძინა კვერნაძე იყვნენ.

1991 წელს, პირველ კურსს ამთავრებდა, როცა თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკელი კომპოზიტორები, მათ შორის იყო ჯულიან ლენონი (ჯონ ლენონის შვილი). ახალგაზრდა მუსიკოსების ნაწარმოებების მოსმენის შემდეგ, პირადად მან სთხოვა ლევანს, რომ მისი მუსიკის აუდიოჩანაწერები გადაემრავლებინა და ამერიკის რამდენიმე მუსიკალური უნივერსიტეტისთვის გადაეგზავნა, რომელთა მისამართები თავად ჩამოუწერა. პასუხად, სულ მალე, ლევან შენგელიამ 9 უნივერსიტეტისგან მიიღო მიწვევა სწავლის დაფინანსებით. მოცემული სასწავლებლებიდან მან აირჩია ჰარტფორდის უნივერსიტეტი კონექტიკუტში, რადგან ის სწავლის საფასურის გარდა იქ ცხოვრების ხარჯსაც იხდიდა.

საქართველოდან 17 წლის ასაკში, 1992 წელს წავიდა. ცხოვრება ნულიდან დაიწყო. დღესა და ღამეს მუშაობასა და სწავლაში ათენებდა. ყველაფერს გაუძლო, ინგლისური ენაც ისწავლა და უნივერსიტეტიც წარმატებით დაასრულა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაიამიში გადავიდა. იქ გენიალურ კუბურ ანსამბლში მოხვდა, ლათინური მუსიკაც კარგად შეისწავლა და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა შემოიარა კონცერტებით.

მაიამიში ცხრა ნაყოფიერი წელი გაატარა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოში 2002 წელს ჩამოვიდა, მუსიკალური ბენდი შეკრიბა და საკონცერტო ტურნეებით მოგზაურობდა რეგიონებში. დაახლოებით 4-5-ჯერ ოპერის თეატრშიც გამართა საღამო. ასევე, მუშაობდა ბიგბენდთან ერთად.

2009 წლის ბოლოს კვლავ ამერიკაში წავიდა და მას მერე იქ მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში, თუმცა, თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში და მართავდა ღონისძიებებს. აქტიური იყო, როგორც პიანისტი და როგორც კომპოზიტორი.

გარდა პრაქტიკული გამოსვლებისა, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. ასწავლიდა ნიუ-იორკის საფორტეპიანო სასწავლებელსა (Piano School of New York City) და ანსელმოს მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში (Anselmo Academy of Music and the Arts). იყო ანსამბლ „საუნჯის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტებიდან განსაკუთრებული კმაყოფილება და სიხარული მოუტანა პროექტმა - „მიძღვნა გენიოსებს“(„ჯადოსნური ღამე“), რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოს რეგიონებში.

პროექტი დაიწყო საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში და მუხრან მაჭავარიანს მიეძღვნა. ამას მოჰყვა ნიკო ნიკოლაძის, ოტია იოსელიანის, რევაზ ლაღიძის, პაოლო იაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები, და რომ არა მისი მძიმე ავადმყოფობა, კიდევ ბევრი საღამო იყო დაგეგმილი. ლევანს სწადდა, რომ ამ საქმით ახალ თაობებს, განსაკუთრებით ემიგრანტ ბავშვებს, უკეთ გაეცნოთ ჩვენი გენიოსები.

ლევან შენგელია 49 წლის ასაკში, 2024 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა, თბილისში. დაკრძალეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო:

https://sputnik-georgia.com/20220119/levan-shengelia-263732922.html

https://kvirispalitra.ge/article/111590-damireka-pexi-unda-gachukoto-levan-shengelias-gulaxdili-interviu/ 

შენგელია ლევან. ლევან შენგელიას ორი სამშობლო, დაუვიწყარი საღამოები და უცნაური გულშემატკივრები: ინტერვიუ მოამზადა ლიკა ქაჯაიამ // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი, 2023. 30 ნოემბერი - 6 დეკემბერი. N 48 (1225). გვ. 50-52. 

შენგელია ლევან. როგორ შეცვალა ლენონმა ლევან შენგელიას ცხოვრება და როგორ მიიღო ის ერთდროულად ცხრა უნივერსიტეტმა ამერიკაში: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი კაპანაძე // თბილისელები. თბილისი, 2022. 21-27 თებერვალი. N8 (1104). გვ. 51 




გააზიარე: