Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ივანე აფხაზი![]()
Biographyთავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1829) ივანე აფხაზი დაბადებულია 1764/5 წელს. მამამისი, მდივანბეგი ნიკოლოზ აფხაზი (1740-1806) იყო რუსეთში გიორგი XII-ის დესპანი და მისი კარის მხატვარი. მას მოუხატავს ანანურის ტაძარი და ასევე, ნახატებით შეუმკია მრავალი წიგნი. ცოლად ჰყავდა სოფიო ნიკოლოზის ასული გურამიშვილი, გიორგი XII-ის ნათლული. წყვილს სამი ვაჟი შეეძინა - ივანე უფროსი იყო; შუათანა - გიორგი (1795-1826), ქართველ გრენადერთა პოლკის შტაბსკაპიტანი, დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში; უმცროსი - ანტონი (1805-1837), გახლდათ პოდპორუჩიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. ივანე აფხაზი 1800 წელს ჩაირიცხა ეგერთა მე-17 პოლკში. მონაწილეობდა მრავალ ბრძოლასა და სამხედრო კამპანიაში. იბრძოდა ომარ-ხანის (ავარიის ხანი) წინააღმდეგ (ნიახურის ბრძოლა, 1800); თავი ისახელა 1804-1813 წწ. რუსეთ-ირანის ომში - ყარაბაღის (1805), ყარაბაღის (1808), ასლანდუზისა (1812) და ლენქორანის (1813) ბრძოლებში; 1810-1820 წლებში მსახურობდა კავკასიის გრენადერთა პოლკში; 1912 წელს რუსეთის არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩახშობაში; 1820 წლიდან პოდპოლკოვნიკის წოდებით იყო საქართველოს ეგერთა 44-ე პოლკის უფროსი; პოლკოვნიკის ჩინით 1822 წლიდან - იმერეთის, 1827 წლიდან აზერბაიჯანის პროვინციების (ყარაბაღი, ნუხა, შირვანი) მმართველი; თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა ადმინისტრატორმა. რუსეთ-ირანის 1826-1828 წლებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს ჩაშალა აგენტების ცდა რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინათ ამიერკავკასიის მაჰმადიანური პროვინციების მოსახლეობა. 1830 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსად და დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაში. ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს, რომლებსაც ევალებოდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს მთიელების აჯანყებების ჩახშობა. ერთხანს იყო ვლადიკავკაზის კომენდანტი, შემდეგ გაიწვიეს პოლონეთში (გარდაიცვალა გზაში ქ. ბრესტ-ლიტოვსკში, 1831 წელს). XIX ს. 1830-იანი წლების დასაწყისში თბილისში მოქმედი საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ მასზე. ის გახლდათ ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ჯარების მხედართმთავრის თანამდებობაზე. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის ივანე აფხაზი დაჯილდოებული იყო - წმ. ანას I, წმ გიორგისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და ოქროს ხმლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.256 https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_აფხაზი https://georgianencyclopedia.ge/ka/form/22668
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |