The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბერნარდ გრდზელოვი

Legal name:ბერნარდ გრძელაშვილი
Date of birth:1 July, 1915
Date of death:8 October, 1950  (at 35 years)
Category:Historian

Biography

მეცნიერი, ეგვიპტოლოგი ბერნარდ გრდზელოვი (ფრანგ. Bernhard Grdseloff) დაიბადა 1915 წლის 1 ივლისს, კაიროში. წარმოშობით ქართველი იყო, გვარად გრძელაშვილი. მისმა მშობლებმა საქართველო რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დატოვეს. ახალციხიდან ყოფილან, რწმენით - კათოლიკეები. საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მერე კი ეგვიპტეში დასახლდნენ.

ბერნარდმა ეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლუდვიგ ბორჰარდტთან;

ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი.

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალებისა, ბერნარდ გრდზელოვმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეგვიპტოლოგიაში. ცნობები მის შესახებ მოცემულია ეგვიპტოლოგთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში („ჰუ იზ ჰუ ინ იჯიპტოლეჯი“. ლონდონი, 1972).

ნიჭიერებასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერი შესაშური შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი არ წყვეტდა მუშაობას. სიცოცხლეში გამოაქვეყნა სამი მონოგრაფია და ოცი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ დაიბეჭდა შვიდი წერილი, რომლებიც სარეცელზე მიჯაჭვულმა უკანასკნელი ძალების დაძაბვით დაასრულა.

ბერნარდ გრდზელოვის გამოკვლევები ეხება პირამიდების ეპოქის ეგვიპტის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს.

მეცნიერის რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. 

ცოლად ჰყავდა დოროთი მეტლიცკი, ინგლისური ენის პროფესორი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი).

ბერნარდის და ამერიკაში ცხოვრობდა, ხოლო ძმა საფრანგეთში. იგი მხატვარი იყო და გრეზელოს გვარს ატარებდა.

ბერნარდ გრდზელოვი გარდაიცვალა 1950 წლის 8 ოქტომბერს, კაიროში.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ბერნარდ_გრდზელოვი

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/939

ჯაფარიძე გოჩა. ბერნარდ გრდზელოვის გახსენება // სამშობლო. თბილისი, 1979. ნოემბერი. N4 (485). - გვ.2


Share: