The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მელაათ ხიმშიაშვილი

Date of birth:14 June, 1922
Date of death:5 May, 2015  (at 92 years)
Category:Educator

Biography

ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის შვილთაშვილი, ქართველი მუსლიმი პედაგოგი მელაათ ხიმშიაშვილი დაიბადა 1922 წლის 14 ივნისს დაბა ხულოში. მამა, ჰაჯი ალი სეიდიშვილი, ვაჭრობას მისდევდა, სტამბოლიდან სამრეწველო საქონელი ჩამოჰქონდა აჭარაში და ამით ახერხებდა ოჯახის შენახვას; დედა - მინირე ხიმშიაშვილი, შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილისა და დანიის მეფის ქრისტიან IX-ის (1818-1906) ძმის შვილის - ნადეჟდა დაგმარას ქალიშვილი იყო.

მელაათის მშობლები სტამბოლში ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ოსმალეთის სახელმწიფოს ბოლო იმპერატორმა (ფადიშაჰმა), დედით ქართველმა - სულთან მეჰმედ ვაჰიდუდინმა (1918-1922) სამეფო ტახტი დაკარგა. ოსმალეთის იმპერიის გულში აღმოცენდა ახალი სახელმწიფო - თურქეთის სახალხო რესპუბლიკა, ქემალ ათათურქის მეთაურობით.

თურქეთში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მელაათის დედ-მამა საცხოვრებლად ხულოში გადავიდა ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილის, მინირეს ძმის ოჯახში.

მელაათ ხიმშიაშვილი ხულოში ცხოვრობდა 1935 წლამდე. მან აქ მიიღო დაწყებითი განათლება, დაამთავრა ხულოს საბაზო სკოლა. ქალბატონი მელაათი დიდი სიყვარულით იგონებდა ხულოში გატარებულ ბავშვობას, მცხოვან ასაკშიც ხშირად იხსენებდა ნინო მასწავლებელს, რომელმაც ქართული წერა-კითხვა ასწავლა.

საბჭოთა პერიოდში რუსეთის იმპერიის მაღალი წრის წარმომადგენლები განსაკუთრებული დევნის ობიექტს წარმოადგენდნენ. მელაათის მშობლები იძულებული გახდნენ 1935 წელს დაეტოვებინა აჭარა და ყარსში გადასულიყვნენ. გზად მათ მოინახულეს ტაო–კლარჯეთში - ოლთისში, ტაოსკარში, შავშეთში, არტაანში, არტანუჯში, ფოცხოვში მცხოვრები ხიმშიაშვილები, ამ მხარეების ყოფილი გამგებლები. ყველანი მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. მალე თურქეთის მთავრობამ ისინი გადაასახლა შიდა თურქეთში და გაფანტა. შემდეგ წლებში ნელ-ნელა წელში გაიმართნენ და სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში გადასახლდნენ, რათა შვილებისათვის მიეღებინებინათ შესაბამისი განათლება.

მელაათ ხიმშიაშვილმა დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი, მიიღო დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობა. 

პენსიაზე გასვლამდე მასწავლებლობდა. ძალიან უყვარდა ბავშვები. თავის ენერგიას უანგაროდ ახმარდა მომავალი თაობის აღზრდა–განათლების საქმეს. ნათესავების ბავშვებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას. სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლებში აღვივებდა ისტორიული სამშობლოს სიყვარულს. მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა სიგელები და ჯილდოები. სიკვდილამდე იღებდა დამსახურებული პედაგოგის პენსიას.

სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე, ძმის შვილიშვილთან, ენვერ ხიმშიაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში, მოიარა მშობლიური ადგილები. მომდევნო წლებშიც რამდენჯერმე გაიხარა გული სამშობლოს ნახვით.

მელაათ ხიმშიაშვილი გარდაიცვალა სტამბოლში, 2015 წლის 5 მაისს. იგი აჭარაში, ხულოში, ხიმშიაშვილთა საგვარეულო სახლში დაბადებულთა შორის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. დაკრძალულია სტამბოლში.

წყარო: 

ფუტკარაძე შუშანა. „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო“…: სამშობლოს სიყვარულით გულანთებული - მელაათ ხიმშიაშვილს. გამოსათხოვარი // ლაკლაკეთი: სალიტერატურო-სამხატვრო, სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი. ბათუმი, 2015. N5. გვ. 14-22


Share: