The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გრიგოლ ჩხეიძე

გრიგოლ ჩხეიძე
Date of birth:28 February, 1903
Date of death:14 May, 1975  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი გრიგოლ დავითის ძე ჩხეიძე დაიბადა 1903 წლის 28 თებერვალს. ხუთი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ადრე დაობლებული გრიგოლი და მისი ძმა ბიძამ გაზარდა, რომელიც პიატიგორსკში (სტავროპოლის მხარე, რუსეთი) მუშაობდა და გრიგოლმაც იქ დაამთავრა გიმნაზია.

1923 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში.

გრიგოლ ჩხეიძის მრავალფეროვანმა შრომითმა ბიოგრაფიამ ხელშესახები კვალი დატოვა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის რუკაზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ პერიოდში იგი ყვარელში იმყოფებოდა, ხოლო 1925 წლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში: ბამი, ვოლგა-ბალტიის სამდინარო არხი, იმიერპოლარეთის რკინიგზის მაგისტრალი, ნავთობსადენები, ტრასა ვოლგისპირეთში და სხვა.

1941 წელს გრიგოლ ჩხეიძე დაინიშნა ერთდროულად სამ თავდაცვით სამშენებლო ობიექტზე: იყო სახალინ-მატერიკის სახელწოდებით ცნობილ ნავთობსადენის მშენელობის მთავარი ინჟინერი, ასევე, ხელმძღვანელობდა აეროდრომების მშენებლობას ქ. კომსომოლსკ-ამურზე და ასტრახან-სარატოვის ნავთობსადენის მშენებლობას. სამივე ობიექტი ვადაზე ადრე, წარმატებით დასრულდა.

1944 წელს გრიგოლ ჩხეიძე დაინიშნა ჭიათურის "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" მშენებლობის უფროსად, საიდანაც 1946 წლის თებერვალში გადაიყვანეს მოსკოვში "მინმშენის" კოლეგიის მდივნად.

1957 წელს დაინიშნა ქ. ნოვოსიბირსკში მშენებარე სამეცნიერო ქალაქისა  და მისი ფილიალების მშენებლობის დირექტორად, ხოლო ამავე წლის ოქტომბრიდან – საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად.

გრიგოლ ჩხეიძემ მსოფლიო სამშენებლო პრაქტიკაში პირველად გამოიყენა აფეთქების საშუალებით ტრანშეს გაჭრის ტექნიკა ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გასაყვანად.

1960 წელს გრიგოლ ჩხეიძე გადაიყვანეს რსფსრ "სახმშენის" მძიმე ინდუსტრიის სამშენებლო დაწესებულების უფროსის მოადგილედ და გახდა რსფსრ "სახმშენის" ტექნიკური და არქიტექტურის პლენარული საბჭოს წევრი, ხოლო, 1964 წლიდან დაინიშნა ნავთობისა და გაზის მრეწველობის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად, სადაც მუშაობდა პერსონალურ პენსიაზე გასვლამდე.

გრიგოლ ჩხეიძე გარდაიცვალა 1975 წლის 15 მაისს.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და „საპატიო ინჟინრის“ წოდება.

წყარო:

ნაცარაშვილი ოთარ. კახეთის გამოჩენილი ადამიანები.-თბილისი, 2001.-გვ.418

სტროგოვა ე. ინჟინერ ჩხეიძის იდეა // კომუნისტი. თბილისი, 1960, 17 აპრილი


Share: