Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ელისო ბოლქვაძე![]()
Biographyპიანისტი ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში, ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა - ნანა დარჩია ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა- ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო. სულ რაღაც 2 წლის გახლდათ, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, ფორტეპიანოს შესწავლა სამწლინახევრის ასაკში დაიწყო, 7 წლისას კი პირველი სოლო-კონცერტი ჰქონდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით; 1992 წელს - ასპირანტურა. მონაწილეობას იღებდა მოსკოვში ჩატარებულ ტატიანა ნიკოლაევას მასტერკლასებში. 1993-1996 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში; ჰქონდა სოლო-კონცერტები; ღია გაკვეთილები; მისი შესრულებით ჩაწერილია კომპაქტური დისკები - "არტ ენდ ელექტრონიქსში" (1990), რომელიც კალიფორნიაში დაიბეჭდა; ხუთი კონცერტი ჯანსუღ კახიძესთან ერთად "Sony Clasical"-ში და სხვა. ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. მათ შორის: მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია (1984); მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია (1987); ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ, 1989); პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის (1994); პარიზში - მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1995) და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1995); ამავე წელს "Radio France"-ში გამოვიდა ლონგის კონკურსის ლაურეატების ჩანაწერი, რომელშიც ელისოს ფინალის კონცერტია ჩაწერილი. 1995 წელს, პარიზში, მ. ლონგის საერთაშორისო კონკურსზე გამოსვლისას ელისო ბოლქვაძემ გაიცნო ცნობილი მუსიკოსი და პედაგოგი - მიშელ სონი, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა მისი შესრულებით და იგი ავსტრიაში, თავის სასწავლებელში მიიწვია. მას შემდეგ პიანისტის შემოქმედებითი მოღვაწეობა ავსტრიასა და საფრანგეთს უკავშირდება. ელისომ პარიზში დაამთავრა სახელოვნებო უმაღლესი სკოლა „Ecole Normale Superiere de Paris“. 1997 წელს გახდა დუბლინის საერთაშორისო AXA სახელობის კონკურსის ( ირლანდია) ლაურეატი. პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში - ევროპაში და ამერიკაში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე; არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე; იგი, ასევე, თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ "SOS Talents"-ის პროექტში. საფრანგეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით მონაწილეობს პროექტში: „მუსიკალური განათლების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“; მიღებული აქვს: 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია; 2018 - ღირსების ორდენი; 2015 - იუნესკოს მშვიდობის არტისტის (ელჩი) წოდება; 2016 - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი; 2019 - პრემია "საგურამო", მუსიკის დარგში; სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“; ელისო ბოლქვაძე გახლავთ: ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი (2013 - ) და ა(ა) იპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის - „ლირა"- დირექტორი, (დამფუძნებელი) (2012 - 2020); 2020 წელს პიანისტი გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (პარტიული სიით). თავმჯდომარეობდა კულტურის კომიტეტს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ელისო_ბოლქვაძე ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.- თბ., 1996-97. -გვ.41; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ბოლქვაძე ელისო. სამშობლო“ ღრმა შინაარსით დახუნძლული ცნებაა…: ინტერვიუ / ესაუბრა ნანა ქარდავა // რიწა: საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი. თბილისი, 2022. N1. გვ. 23-26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |