Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო კვინიტაძე![]()
Biographyდამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მთავარსარდლისა და ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის (ჩიქოვანი.1874-1970) უმცროსი ქალიშვილი ნინო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა 1920 წელს. გიორგი კვინიტაძესა და მის მეუღლეს, მარიამ მაყაშვილს (1889-1960) სამი ქალიშვილი ჰყავდა: ივდითი (იდა; 1912- 2002), თამარი (თამი; 1913-2009) და ნინო (ნანო; 1920- 2020). 1921 წელს, რუსული ოკუპაციის გამო, გენერალი გიორგი კვინიტაძე ცოლ-შვილთან და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი საფრანგეთში, შატუში. პირველი ოთხი თვე ოჯახი საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას იღებდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ცხოვრების სახსარის მოსაპოვებლად გენერალმა პატეს გრამფირფიტების ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მექანიკოსად., მაგრამ მისი მწირი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა. გამოსავალი ისევ ძიძამ, კახელმა ქალმა იპოვა. მან შემოსავლის გაზრდის მიზნით 1923 წლის ზაფხულში დაიწყო მაწვნის შედედება. ყიდულობდნენ ფერმებში რძეს და ქართულ მაწონს აკეთებდნენ. ამაში ჩართული იყო მთელი ოჯახი, თავადიშვილი მარიამ მაყაშვილიდან დაწყებული უმცროსი ნანოთი დამთავრებული. გენერალი კვინიტაძე კი მაწვნის რეალიზაციით, ანუ გაყიდვით, იყო დაკავებული. ნინოს უფროსმა დებმა პარიზში ქართული ოჯახები შექმნეს. ივდითი 1943 წელს ცოლად გაჰყვა გოგი გიორგის ძე ჩხეიძეს (1907-1970). მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჯოტო (1944-2002), გაიანე (1946-1947), გაიოზი (1947-1964) და ალექსი (1953-1978). მათი ოჯახის საფლავი მდებარეობს ლევილში. თამარის მეუღლე იყო (დაქორწინდნენ 1938 წელს) სამხედრო პირი, გიორგი ოდიშელიძე (1899-1970). ისინი განისვენებენ პარიზთან ახლოს, შატუს სასაფლაოზე. მათ სამი შვილი ჰყავდათ - ნოდარი, მერაბი და ეკატერინე. ნინო კვინიტაძის მეუღლე იყო ინგლისელი პიტერ კლოდ ოლანდი დ’აბო. მათი ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მსახიობი მარიამ დ’აბო, რომელიც დაიბადა 1960 წ. ჰამერსმიტში, ლონდონის გარეუბანში, იზრდებოდა პარიზსა და ჟენევაში. მარიამ დ’აბოს ჰყავს ინგლისელი მეუღლე, რეჟისორი ჰიუ ჰადსონი. ცხოვრობს ლონდონში, მაგრამ დღესასწაულებზე ყოველთვის სტუმრობდა დედას შატუში. ნინო კვინიტაძე სიცოცხლის ბოლო წლებამდე აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. იგი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ამბებს სამშობლოდან, მონაწილეობდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მუშაობაში, არ აკლდებოდა დიასპორის ღონისძიებებს, მასპინძლობდა სააღდგომო წვეულებებს ბაბალეს რეცეპტით გაკეთებული პასკით და ა.შ. ნინო დ’აბო-კვინიტაძე 2020 წელს, 100 წლის ასაკში, შატუში გარდაიცვალა. 2007 წელს ნანო კვინიტაძემ, გენერლის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. 2014 წელს, გენერალ კვინიტაძის სამოსის კოლექციის აღდგენის პროცესში ახალგაზრდა კალიგრაფები ჩაერთვნენ. მათ უნიკალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით შეძლეს გარკვეული თანხის მობილიზება, რაც კოლექციის მცირე ნაწილის აღდგენას მოხმარდა, რის შემდეგაც გენერალ კვინიტაძის სრული კოლექციის რესტავრაციის საკითხში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო და პროცესის ფინანსური უზრუნველყოფა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გენერალ კვინიტაძის სამოსის კოლექცია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის ჯგუფის წევრებმა - ნინო სოხაშვილმა, მეგი ხუბულურმა, მანანა პაპიძემ და ნანა ჯავშანაშვილმა 6 თვის განმავლობაში ჩაატარეს. „გენერალი გიორგი კვინიტაძე - გაცოცხლებული ისტორია“ - ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა 2018 წლის 26 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში (მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს). ქართველმა საზოგადოებამ გამოფენაზე პირველად იხილა აღდგენილი სამოსი - გენერლის მუნდირი, ორი სამხედრო ფარაჯა, ჩოხა და ახალუხი, ნანო კვინიტაძის ეროვნული კაბა, ასევე სამხედრო მოღვაწის ხელნაწერები, ხატი და ხმოვანი ჩანაწერები. გენერალ კვინიტაძის აღდგენილი სამოსი ერთი წლით თავდაცვის სამინისტროში განთავსდა, მოგვიანებით კი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გიორგი კვინიტაძის სახელობის კაბინეტში გადაინაცვლა. წყარო: https://akhalitaoba.ge/2020/08/saphrangethshi-100-tslis-asakshi-gardaitsvala-nano-kvinitadze/ https://nostal.ge/tag/ნინო-კვინიტაძე/ https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=278899373938169&id=109740437520731 https://mes.gov.ge/content.php?id=8430&lang=geo ხოფერია, ნინო. "რასაც შენში აცოცხლებ, არასოდეს დაიღუპება"... : ლევილი, შატუ, გენერალ კვინიტაძის ქალიშვილთან: კვირაძალს საკითხავი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2015. - 18 აპრილი. - N70 (7715). - 5,7 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |