Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
არჩილ გომიაშვილი![]()
Biographyარჩილ (ვიქტორ) მიხეილის ძე გომიაშვილი დაიბადა 1926 წლის 23 მარტს ქ. ჭიათურაში. მამამისი ყოფილი მწყემსი იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში კარგი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და სასწავლებლად რუსეთში წავიდა. მოსკოვიდან არჩილის მამა ოჯახთან ერთად დონბასში გააგზავნეს ქვანახშირის პროფკავშირის თავმჯდომარედ, რის შემდეგაც 1930 წელს დააპატიმრეს და რამდენიმე წლით გამოსასწორებელ ბანაკში გაგზავნეს. მისი დაპატიმრების შემდეგ დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდა და ვინაიდან არჩილი ხატვით იყო გატაცებული სამხატვრო ტექნიკუმში ჩააბარა. 1940-1942 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ ხელოვნების ტექნიკუმში სწავლობდა სახვითი ხელოვნების განხრით. მერე სწავლა გააგრძელა მოსკოვის ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდიაში. სწორედ მაშინ დაინტერესდა თეატრით. მოსკოვში სწავლის პარალელურად იგი თბილისში მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის აკადემიურ დასში. რამდენიმე სეზონი სხვა თეატრებშიც იმუშავა. 1944 წლიდან გამოდიოდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე. 1948-1954 წლებში კოტე მარჯანიშვილის, ხოლო 1954 წლიდან კვლავ გრიბოედოვის თეატრის დასის წევრი იყო. 1958 წელს მსახიობმა მუშაობა დაიწყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, შემდეგ კი ისევ გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრს დაუბრუნდა. 1966 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. არჩილ გომიაშვილის შემოქმედებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ოსტაპ ბენდერის სახის შექმნა სპექტაკლში „ოსტაპ ბენდერის თავგადასავალი“. ამ როლზე ის გრიბოედოვის სახელობის თეატრში დააკავეს. ეს იყო მონო-სპექტაკლი, სადაც გომიაშვილი არა მხოლოდ დიდ კომბინატორს, არამედ ყველა სხვა პერსონაჟსაც თამაშობდა, მათ შორის ზოსია სინიცკაიას. ამ სპექტაკლით მსახიობი უამრავ ქალაქში მოგზაურობდა. იალტაში მისი გასტროლები დაემთხვა ფილმის გადაღებას იმავე სიუჟეტზე. ოსტაპის როლზე უკვე დამტკიცებული იყო მსახიობი და პირველი სერიის გადაღებაც დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფილმის დირექტორმა აფიშას მოჰკრა თვალი, დაინტერესდა და დაესწრო წარმოდგენას. არჩილის თამაშით აღფრთოვანებულმა სასწრაფოდ მოიყვანა ფილმის რეჟისორი ლეონიდ გაიდაი და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით ოსტაპის როლის შემსრულებელი შეიცვალა. მათ არჩილი დაამტკიცეს მთავარ როლზე და ფილმის გადაღებაც თავიდან დაიწყო. არჩილ გომიაშვილს კინოში1961 წლიდან იღებდენ და ბევრი ეპიზოდური როლი ჰქონდა შესრულებული, მათ შორის კოსტაია, მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. თუმცა „თორმეტი სკამის" გამოსვლის შემდეგ უცებ მოვარდა წარმატება და მსახიობი მოსკოვში სამუშაოდ მიიწვიეს. არჩილ გომიაშვილს 30 კინოროლზე მეტი აქვს შესრულებული; 1971 წლიდან მსახიობი მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის, შემდეგ კი პუშკინის სახელობის თეატრში; თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში; სცენაზე შესრულებული აქვს 100–მდე როლი, მათ შორის: არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ალდემარო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი (ლ. ზორინის "ვარშავული მელოდიები"); დადგა პანტონიმა "სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები" და სხვა. 1990-იანი წლების დასაწყისში არჩილ გომიაშვილმა ბიზნესში დაიწყო მოღვაწეობა. 1990 წელს გახდა სააქციო საზოგადოება "სითი ბიზნესის" პრეზიდენტი, ხოლო 1992 წელს მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი", რომელმაც სულ მალე მოიპოვა პოპულარობა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებად გადაიქცა. მსახიობი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2005 წლის 31 მაისს, მოსკოვში. არჩილ გომიაშვილი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. მას ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი დარჩა. ყველანი ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ. ვაჟები მსახიობ ლიანა მანჯავიძესთან ქორწინებაში შეეძინა. შვილებიდან მხოლოდ მიშა გომიაშვილი გაჰყვა მამის კვალს და მსახიობი გახდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.93 https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_გომიაშვილი https://www.ambebi.ge/article/316325-rogor-gagrzelda-kostaias-cxovreba-cnobili-pilmis/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |