Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მინადორა თურქია-ხოშტარია![]()
BiographyXX საუკუნის დასაწყისის ცნობილი მეწარმე-მეცენატის აკაკი ხოშტარიას (1873-1932) მეუღლე მინადორა ეგნატეს ასული თურქია 1881 წელს დაიბადა ქალაქ ფოთში, ერთ მდიდარ და ტრადიციულ ოჯახში. ის დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ქალიშვილი იყო. ამავე დროს მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთთანაც. მომავალი მეუღლე აკაკი ხოშტარიამ ფოთში სამსახურის დროს გაიცნო. ქალმა მას ღირსეული მეგობრობა გაუწია მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიდი როლიც ითამაშა ქმრის ფინანსურ წარმატებებში. აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე. წყვილს შეეძინა ქალიშვილი თამარი. ამჟამად თამარი მამასთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს თეირანში გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე, საგანგებოდ მისთვის აგებულ მავზოლეუმში. მისი ცხედარი მაშინვე არ დაუკრძალავთ. ეგვიპტელმა სპეციალისტებმა მოახდინეს ნეშტის მუმიფიცირება და სამლოცველოს აგებამდე კარგა ხანს ინახებოდა აკაკი ხოშტარიას კერძო მამულებში. მინადორა ხოშტარიას საფლავზე აგებული სამლოცველო და აკლდამა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აკლდამა ახლაც არსებობს და მისი მონახულება ტურისტულ მარშრუტებში შედის. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამლოცველო მოკლებული იყო მოვლა-პატრონობას და სრული დანგრევის პირას იყო მისული. 1993 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნისთანავე დაიწყო მოლაპარაკებები ირანის მთავრობასთან სამლოცველოს რეაბილიტაციაზე. ამ პერიოდში საქართველოს ოთხივე ელჩმა ირანში, განსაკუთრებით კი, პროფესორმა ჯემშიდ გიუნაშვილმა ყველა ღონე იხმარა, რომ ეს უნიკალური შენობა გადაერჩინათ და მომავალი თაობებისთვის შეენარჩუნებინათ. თეირანის ოსტანის (გუბერნიის) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტმა 2003 წლის შემოდგომიდან 2004 წლის ივნისამდე ჩაატარა მინადორა ხოშტარიას სამლოცველოსა და აკლდამის კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები. სამწუხაროდ რესტავრაციამ სასურველი შედეგი არ მოგვცა და უკვე 2 წელიწადში აქტუალური გახდა ამ ძეგლის ხელახალი რესტავრაციის საკითხი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა. წყარო: https://fereidani.ge/articles/202_minadora/202_minadora.html https://gfsis.org.ge/files/my-world/25/_3.pdf https://rustaveli.org.ge/res/docs/7377e90498c5f42892233f363aecdddd7564bb4a.pdf ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე [კრებული]. - თბილისი, 2019
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |