შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მაკა დადიანი![]()
ბიოგრაფიაოდიშის მთავართა შთამომავალი, შვეიცარიაში მოღვაწე ვიზუალურ-კონცეპტუალური მხატვარი მაკა დადიანი თბილისში დაიბადა. მამა - რობერტ დადიანი, დედა - გურანდა ტყავაძე. გოგონას მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა და მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. მაკა სკოლას ამთავრებდა, როცა დედა გარდაეცვალა. სამ მცირეწლოვან ბავშვს მამა და ბებია ზრდიდნენ. უმცროსი ვაჟი, დუდუ დადიანი, სულ რაღაც ოთხი წლის იყო. მაკა და მისი უფროსი ძმა, ლევანი, მასზე დიდებივით ზრუნავდნენ და მის გაზრდაში თავისი წვლილი შეიტანეს. დუდუ კარგი კალათბურთელი დადგა, 1990-იანი წლების თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი გახლდათ. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა, 32 წლის ასაკში დაიღუპა. მაკა წარმატებული მოსწავლე იყო და პიანისტობას გეგმავდა, თუმცა მუსიკასთან ერთად ბავშვობიდანვე იზიდავდა მხატვრობა. სიამოვნებით ქმნიდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლებს, როგორიცაა ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი …, და ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა კონცერტმაისტერის განხრით, მაგრამ ხატვის სიყვარულის გამო, 23 წლის ასაკში მუსიკოსის კარიერა მიატოვა და ხელოვნების სწავლა დაიწყო. 1983 წელს გაიმართა მისი პირველი სოლო გამოფენა; 1988 წელს მაკა დადიანმა მუშაობა დაიწყო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრაზე, ასოცირებულ პროფესორად; 1989 წლიდან მუშაობდა თბილისის მხატვართა სახლში. სამოქალაქო ომის დროს, 1991 წელს, მხატვართა სახლი სრულად დაიწვა და მისი ბევრი ნამუშევარი განადგურდა. მიუხედავად ამისა, ხატვა განაგრძო და გამოფენებშიც მონაწილეობდა. მაკა დადიანის ნამუშევრები და მხატვრობის სტილი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული პორტრეტებით, დამთავრებული აბსტრაქციებით. 2006 წლამდე იგი ძირითადად ზეთის საღებავებით ხატავდა, მაგრამ მუდმივად ეძებდა გამოხატვის ახალ გზებს, ქმნიდა სპეციალურ ტექნიკას სამგანზომილებიანი ეფექტებისა და რელიეფური ფორმების მისაღწევად. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან შექმნა ახალი კონცეფცია სახელწოდებით "მოძრავი მხატვრობა" ("Moving Fine Arts"). მაკას როგორც პორტრეტისტისა და მხატვრის ვირტუოზობა ფართოდ აღიარებულია. მან შექმნა სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პორტრეტი, რომელიც 2011 წლიდან ინახება მადრიდში, ლა სარუელას სასახლის კოლექციაში. მაკა დადიანი ხშირად მონაწილეობს საკუთარი ნამუშევრებით კერძო და საჯარო გამოფენებში. მაგალითად, წარმატებით ჩატარდა მისი გამოფენა ციურიხში (Art International Zurich 2020), სადაც ახალი აბსტრაქტული კოლექცია “მეტამორფოზა” წარადგინა; 2024 წლის 4 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით ნიუ-იორკში მიმდინარეობდა გამოფენა Art Expo New York, რომელშიც ქართველი მხატვრები - მაკა დადიანი, არსენ გვენეტაძე, კახა ესებუა, ნიკოლოზ მესხიშვილი და თემურ ლომიძე მონაწილეობდნენ და ა.შ.; მაკა დადიანის ნამუშევრები ბევრ კერძო კოლექციაში ინახება, მათ შორის: ესპანეთის მეფის ხუან კარლოს ბურბონის კოლექციაში მადრიდში; შვეიცარიელი ბიზნესმენის პეტერ სულცერის, პრინცესა კაროლინ მიურატის, ლიანა ისაკაძის, მურანოს ბროლის ცნობილი კოლექციონერის, პეტერ გრიუნბაუმის და გერმანელი ადვოკატის, იოჰანეს პეტერ აკერმანის კოლექციებში; მხატვრის ხუთი ნამუშევარი დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფონდში; მაკა დადიანი არის არაერთი მხატვართა კავშირის წევრი, როგორიცაა: ქართული მხატვართა ასოციაცია, გერმანული მხატვართა კავშირი „Syrlin“, შვეიცარიული მხატვართა კავშირი „Artischock“ და იტალიის ტოსკანაში მდებარე უგო გუიდის მუზეუმი; ამჟამად მაკას ხელოვნებას კურირებს ჰაინც პლეინერი, PARS გალერეის დირექტორი და MAMAG თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი; მაკა დაქორწინებულია შვეიცარელ მხატვარ პიერ შვანცერბახზე. მომავალი მეუღლე მან საქართველოში გაიცნო. მაშინ დუდუ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და მაკას ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა. ორი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დაოჯახდნენ. მაკა დადიანი ციურიხში 2004 წელს გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს. აქ მდებარეობს მისი სახელოსნო, სადაც მხატვარი მუშაობს და ქმნის მოძრავ სახვით ხელოვნებას, პორტრეტებსა და აბსტრაქტულ ტილოებს. მაკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი ეკატერინა დადიანი, რომელიც დედასთან ერთად წავიდა შვეიცარიაში და იქ დაოჯახდა. წყარო: https://speech.ge/khelovneba/maka-dadiani-mkhatvari-shveitsaria https://www.ambebi.ge/article/317721-dudu-dadianis-ulamazesi-da-romelsac-sazgvargaret/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |