Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ ჯაყელი![]()
Biographyსაზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მრეწველი ნიკოლოზ ჯაყელი დაიბადა 1887 წლის 25 ნოემბერს, საქართველოში. 1919 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია, რომელმაც, საგანგებო მანდატით აღჭურვილი პირების მეშვეობით, ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12-16 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე საქართველოს სახელით ნიკოლოზ ჯაყელი მიიწვიეს. ამის შესახებ მასაც და ერთა ლიგის ასოციაციების მეოთხე კონგრესის თავმჯდომარესაც ოფიციალური ტელეგრამით აცნობეს, რომლის შინაარსი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო და არც თავისი სტატუსი გაუგზავნია, რაც, ნიკოლოზ ჯაყელის აზრით, დიდი შეცდომა იყო. 1920 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილ წერილში ის მოითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას ფრანგულ და ქართულ ენებზე სტატუსის ტექსტი დაუყოვნებლივ გაეგზავნა. ნიკოლოზ ჯაყელი კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად არათუ მიიწვიეს, უფრო მეტიც, კენჭისყრის დროს იგი გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. როგორც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჯაყელი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენება იტალიის პოლიგრაფისტთა საზოგადოების მიერ იმავე წელს დაისტამბა, რომში. კონგრესზე გამოსვლისას ნიკოლოზ ჯაყელმა თქვა: „...აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი ხალხის ის სულიერი იდეები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მთელი თავისი წარსული ისტორიის მანძილზე და რომლებიც საფუძვლად უდევს ერთა ლიგას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობის უხეში ძალა და მზადაა რა ბოლომდე დაიცვას თავისი სიცოცხლე და თავისი თავისუფლება, მას სწადია, მთელი საერთაშორისო ცხოვრების განახლება. ისეთი წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მისი უფლებები, ისევე როგორც, სხვა ხალხების უფლებები, დაცული იქნება არა ხიშტებით, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრით... ერთა ლიგამ უნდა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის შემადგენლობაში და გაუწიოს მორალური მხარდაჭერა, რისი უფლებაც ამ რესპუბლიკას უდავოდ აქვს. ვიმედოვნებ, რომ უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აღიმაღლებს თავის გავლენიან ხმას ჩვენი სამართლიანი საქმის მხარდასაჭერად“. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზ ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად, ის იყო საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპაში, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს საელჩო პარიზში ლეგაციად გადაკეთდა იგი გახდა ეკონომიკური ნაწილის გამგე. საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ 1922 წელს ნიკოლოზ ჯაყელისა და ბენია ჩხიკვიშვილის სახელზე შეიძინა პატარა მამული სოფელ ლევილში. 1922 წლის 24 ივნისს შედგენილი დოკუმენტის პირველივე პუნქტში აღნიშნულია: ,,მამული, რომელიც შეძენილია ჩვენ ორის სახელზე კომუნა ლოვილში. დეპარტამენტი სენ–უაზი საფრანგეთში და აღნიშნულია ნოტარიულ აკტში, შედგენილში ქ. მონლერიში, ნოტარიუს პოპლენის მიერ, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს”. დოკუმენტს ხელს აწერენ ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი. ნიკოლოზ ჯაყელი გარდაიცვალა 1970 წლის 30 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, მეუღლესთან, თამარ ჯაყელთან (1900-1970) და შვილთან, ქაიხოსრო ჯაყელთან (1921-2005) ერთად. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჯაყელი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |