Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ზაქარია ჩიჩუა![]()
Biographyზაქარია ჩიჩუა დაიბადა 1875 წელს გურიის სოფელ ჭანჭათში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში. მამამისს დიდი სურვილი ჰქონდა მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო და სწორედ ამიტომ სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ყმაწვილი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იგი ელოდა, რომ ზაქარია სასულიერო სემინარიაში გააგრძელებდა სწავლას, მაგრამ მან აფთიაქში შეგირდად დაიწყო მუშაობა. შეგირდად სამ წელს მუშაობის შემდეგ ზაქარია ჩიჩუამ მოიპოვა უნივერსიტეტში ფარმაცევტობაზე ჩაბარების უფლება, რაც მან წარმატებით განახორციელა. სწავლის პარალელურად, მუშაობდა სხვადასხვა აფთიაქებში, ძირითადად, თბილისში და ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას ხელმძღვანელობდა (პარტიული ფსევდონიმი "მეხაშე"). ამ პერიოდში იგი ჭიათურა-ყვირილის რაიონში გადავიდა და იმდროინდელი მოვლენების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლებოდა. ამ მოძრაობის დამარცხების შემდეგ, არალეგალურად, კვლავ თბილისში დაბრუნდა და ისევ აფთიაქში განაგრძო მუშაობა. ამ პერიოდში, ქალაქის თვითმმართველობის მიერ მოწვეულ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც ზაქარია იყო, კაზაკების თავდასხმა მოხდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა. გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტულ კურსებზე ჩააბარა და 2 წლის შემდეგ სამშობლოში ფარმაცევტის დიპლომით ჩამოვიდა. პეტერბურგიდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო აფთიაქში, ბათუმში. პარალელურად, ადგილობრივი რევოლუციური მუშაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მალე დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ზაქარია ჩიჩუა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-). დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) ხელმძღვანელობდა ნაციონალური სიმდიდრის სააფთიაქო ნაწილს, სააფთიაქო მარაგების საწყობს, რომელიც ქალაქთა და ერობათა კავშირისგან ჰქონდა მინდობილი (იმ დროს საქართველოში მედიკამენტების შემოტანა შეზღუდული იყო და მარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა). ამ საწყობმა ზაქარია ჩიჩუას მოვლითა და პატრონობით სასიცოცხლო სამსახური გაუწია მთელ საქართველოს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ ბერლინში და ბოლოს პარიზში, სოფელ ლევილში დაფუძნდა, სადაც შეუდგა ქართული ემიგრანტული არქივებისა და სოციალ-დემოკრატების პარტიული დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და სისტემატიზებას. მან დაალაგა და წესრიგში მოიყვანა მთავრობის არქივი და შეადგინა ემიგრაციის არქივი. ამავე დროს, იგი თავს უყრიდა ემიგრაციის ყველა გამოცემას სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. ზაქარია ჩიჩუა გარდაიცვალა 1951 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ზაქარია_ჩიჩუა ზაქარია ჩიჩუა [გამოსათხოვარი] // მებრძოლი საქართველო = La Georgie Combattante. - პარიზი, 1952. - №1. - გვ. 28-29 ამხანაგი. ზაქარია ჩიჩუა [ნეკროლოგი] // „ჩვენი დროშა“ = NOTRE DRAPEAU. - №11. - 1952. - გვ. 42. ჩიჩუა ზაქარია. ჩემი მოგონება: ქართველი ემიგრანტის მოგონებები ციმბირის სატუსაღოში ყოფნის შესახებ // დამოუკიდებელი საქართველო= La Georgie Independante. პარიზი, 1929. მაისი. №41. გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |