Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ტარიელ ვასაძე![]()
Biographyუკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ტარიელ ვასაძე დაიბადა 1947 წლის 15 ოქტომბერს სოფელ სუფსაში (ლანჩხუთის რაიონი). მამამისი, შაქრო ვასაძე, ურეკში სკოლის დირექტორად მუშაობდა და შვილიც იქ შეიყვანა საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრებისთანავე ტარიელმა ავტომანქანების სარემონტო კანტორაში დაიწყო მუშაობა. 1966 წელს გაემგზავრა უკრაინაში, სადაც ჩააბარა კიევის საგზაო-საავტომობილო ინსტიტუტში, რომელიც 1971 წელს დაამთავრა და მიიღო ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია, სპეციალობით - საავტომობილო ტრანსპორტი. ინსტიტუტიდან განაწილებით მოხვდა „უკრმთავარავტოტექმომსახურების“ მთავარ სამმართველოში, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების განყოფილებაში. თავიდან უკრაინაში დარჩენას არ გეგმავდა. საშინელი ნოსტალგია ჰქონდა, ფიქრობდა, ერთი წელი ვიმუშავებ და საქართველოში დავბრუნდებიო, მერე კი ისე მოხდა, რომ მთელი ცხოვრება ამ სფეროში მუშაობს. თავისი ენერგიულობითა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით მალევე მიაღწია წარმატებას. დაწინაურდა ინჟინრის თანამდებობაზე, იყო საამქროს უფროსი, ქარხნის ხელმძღვანელი, ოთხი წლის შემდეგ კი ჩააბარეს ტრანსპორტის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. 1981- 1992 წლებში ტარიელ ვასაძე იყო კიევის ოლქის „ავტოტექმომსახურების“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ასევე, მალე გახდა უკრაინის რესპუბლიკის „ავტოტექმომსახურების სპეციალიზებული სამმართველოს“ დირექტორის მოადგილე. 1983 წელს კი იგი სათავეში ჩაუდგა ამ სამმართველოს, რომლის საწარმოები საბოლოოდ შევიდა კონცერნში „უკრავტო“. დღეს, კორპორაცია "უკრავტო" უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი და იმპორტიორია. კორპორაცია რამდენიმე ათეულ საწარმოს აერთიანებს, მათ შორის როგორც ავტომშენებელ ქარხნებს, ასევე ავტოსალონებს, ტექმომსახურების ობიექტებს, ავტოგასამართ სადგურებს და სადაზღვევო კომპანიებსაც კი. მის ყველაზე მსხვილ აქტივებს შორისაა ზაპოროჟიეს ავტომშენებელი ქარხანა და ავტოქარხანა პოლონეთში - FSO. 1992 წლის დეკემბერში ტარიელ ვასაძე გახდა უკრაინის საავტომობილო კორპორაციის პრეზიდენტი. 1997 წელს იგი მეორედ აირჩიეს კორპორაციის პრეზიდენტად, ხოლო, სექტემბერში მიანიჭეს უკრაინის ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება. 2002 წელს ბიზნესმენი უკრაინის პრემიერ-მინისტრის ანატოლი კინახის მრჩეველი იყო. ამავე წელს, იგი პირველად გახდა უკრაინის სახალხო დეპუტატი, ხოლო 2006 და 2007 წლების არჩევნებში, უმაღლეს რადაში იულია ტიმოშენკოს საარჩევნო სიით გავიდა. ამჟამად, ტარიელ ვასაძე არის ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელი უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ფლობს საავტომობილო ქარხანას, სადაც 43 ათასი კაცი მუშაობს. მათ აქვთ 405 დაწესებულება მთელ უკრაინაში. ბიზნესმენი "დაიმლერ კრაისლერის", „ტოიოტასა“ და „ნისანის“ გენერალური წარმომადგენელია უკრაინაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში იგი პირველია, ვინც მუშაობს „მერსედესთან“, „დეუსთან“ და „ოპელთან“. ტარიელ ვასაძე მეგობრებთან ერთად სადაზღვევო კომპანია „გარანტ-ავტოს“ თითქმის სრულ პაკეტს ფლობს, რომელიც უკრაინის სადაზღვევო კომპანიების ოთხეულში შედის. დაჯილდოებულია სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით, ასევე, უკრაინის უმაღლესი რადისა და მინისტრთა კაბინეტის სიგელებით. მიღებული აქვს თავად „იაროსლავ ბრძენის“ ორდენი, უკრაინის წინაშე გამოჩენილი დამსახურებისათვის. არის ტრანსპორტის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ეწევა მეცენატობას, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ეხმარება ომისა და შრომის ვეტერანებს, შშმ პირებს, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს, ქართულ ეკლესიას, სასწავლებლებს, მხარს უჭერს სხვადასხვა წამოწყებებს. ტარიელ ვასაძეს ჰყავს ქალ-ვაჟი, ვახტანგი და ნინო. მისი მეუღლე იყო შორენა შელია, პროფესიით გინეკოლოგი (გარდაიცვალა 16.06.2020 წ.), ორივე შვილი ჩართულია საოჯახო ბიზნესში და მამის კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. წყარო: https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ვასაძე_ტარიელ https://en.wikipedia.org/wiki/Tariel_Vasadze ვასაძე კახა. ვასაძეთა შესახებ/ კახა ვასაძე, ნუგზარ ასათიანი. - თბილისი, 2015. გვ. 34-35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |