The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნესტორ კალანდაძე

ნესტორ კალანდაძე
Other name:ეშმაკი  (Pseudonym)
Date of birth:1874
Date of death:23 July, 1942  (at 68 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Painter, Publicist

Biography

მხატვარ-კარიკატურისტი, პუბლიცისტი ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძე დაიბადა 1874 წელს გურიის სოფელ ხიდისთავში (ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).

1882 წელს დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო, ხოლო მოგვიანებით იალტის სკოლა, იგივე პროფილით.

1906-1911 წლებში თანამშრომლობდა იუმორისტულ ჟურნალებში: „ეკალი“, „შუამავალი“, „ოხუნჯი“, „ჯოჯოხეთი“ და „ეშმაკის სალამური“ (ფსევდონიმი - ეშმაკი).

ამ ჟურნალებიდან მთავარი იყო „ეშმაკის მათრახი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც იგი თავად გახლდათ, მაგრამ ცენზურის თვალის ასახვევად ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე.

1908-1916 წლებში ნესტორ კალანდაძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.

1917-1921 წლებში პუბლიცისტი შალვა შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად, რედაქტორობდა „ეშმაკის მათრახს“, რომელშიც იუმორისტულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, პატარ-პატარა ამბებს და სურათებს ათავსებდა. მისი შემოქმედება ჩვენი საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრების მანკიერებათა  გაკილვას ემსახურებოდა. ადგენდა სამეცნიერო-პოპულარულ წიგნაკებს, თარგმნიდა და წერდა წერილებს. მისი იუმორი მუდამ გესლიანი ღიმილით იყო შეზავებული, ჯანსაღი, ზოგადი შეგნებით ნაკარნახევი და არა ბოროტი.

ნესტორ კალანდაძეს და შალვა შარაშიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში. ვინაიდან ფსევდონიმებით წერდნენ საზოგადოებამ მათი ვინაობა გვიან გაიგო, თუმცა მნიშვნელობა ჰქონდა არა მათ ვინაობას, არამედ საქმიანობას. ამ ორმა იუმორისტმა საუკუნის წინ ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი ეპოქა დაიწყო, კარიკატურული ჟურნალისტიკის ეპოქა და "თაგუნასა" და "ეშმაკის" მედიაეტალონი 13 წლის განმავლობაში, 1908-დან 1921 წლამდე, არ ჩამოსულა მედიაკვარცხლბეკიდან. "ეშმაკის მათრახი" თვით მთავრობის სხდომაზეც კი შედიოდა და მსხვერპლს ჩასაფრებული ელოდებოდა.

ქართული კარიკატურის ისტორიის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე წერს: „სიმწვავით "ეშმაკის მათრახს" თანამედროვე მედია ვერ შეედრება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ახერხებდნენ, რომ კრიტიკა არ ყოფილიყო სიძულვილით სავსე. არ გასცილებიან იმ ზღვარს, რომელიც შეურაცხყოფაზე გადის“.

„ეშმაკის მათრახს" საქართველოს საზღვრებს გარეთაც იცნობდნენ. ევროპაშიც იყო უამრავი ქართველი სასწავლებლად წასული და მათ ჟურნალის რედაქცია პარიზში უგზავნიდა ახალ გამოსულ ნომრებს, ქართველი სტუდენტები კითხულობდნენ და უკან სიტუაციის ამსახველ კარიკატურებს გზავნიდნენ.

"ეშმაკის მათრახისთვის" ხატავდნენ დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი... ამ თანამშრომლობის სიმბოლოდ ნესტორ კალანდაძის ლექსიც არის შემორჩენილი, რომელსაც პარიზში შალვა ქიქოძეს სწერს: "ძმაო შალვა, წერილს გიწერ, თბილისიდან პარიზს შენა/, თქვენმა ტურფა დანახატმა მათრახეთი დაამშვენა,/ მაგრამ მაინც ძველებურად რომ არ იყო პარიზს უქმად/, გეგზავნება ამ წერილთან მსუქანი და კარგი ლუკმა/. ეს აკაკი ჩხენკელია/, შენგნით მრავალგანაწამი და კვლავ მასზე სავარჯიშოდ/, შენ გიდგება ძმაო, ჟამი"...

1921 წლიდან ნესტორ კალანდაძე ემიგრაციაში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1942 წლის 23 ივლისს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3. - თბ., 1969.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.-გვ.327

"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // II ტომი. - თბილისი, 2021

https://kvirispalitra.ge/article/52534-qeshmakis-mathrakhiq-aravis-indobda/


Share: