The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრა ნანეიშვილი

Other name:შურა  (Acronym)
ა. ნა-ლი  (Pseudonym)
ქართველი ქალი  (Pseudonym)
Date of birth:25 December, 1879
Date of death:1946  (at 66 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Educator, Philologist

Biography

ფილოლოგიის დოქტორი ალექსანდრა (შურა) ნანეიშვილი დაიბადა 1879 წლის 25 დეკემბერს, ქ. ქუთაისში. აქვე მიიღო საშუალო განათლება. ყოველდღიური გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1897 წლის ივნისს ქუთაისიდან იუწყებოდა: „წლეულს აქაურ წმ. ნინოს სასწავლებლის 9 კლას-დამთავრებულთა შორის ოქროს მედალი მიუსაჯეს ალექსანდრა ნანეიშვილის ქალს, რომელიც წელსვე აპირობს რუსეთში წასვლას ქალთა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის განსაგრძობად“.

უმაღლესი პედაგოგიური განათლება ალექსანდრა ნანეიშვილმა უცხოეთში, კერძოდ, შვეიცარიაში მიიღო. 1900–1902 წლების ქართულ ჟურნალებში იბეჭდებოდა მისი საინფორმაციო ხასიათის წერილები: ფოსტის მარკები (მისი გამოგონება და სხვადასხვა სახე). - ჯეჯილი, 1900, N3; წერილი ჟენევიდან (ქალთა განათლების შესახებ). - კვალი, 1901. - N50; წერილი ჟენევიდან (პოლონელ მოსწავლე ახალგაზრდობის მდგომარეობა გერმანიაში. სიონიზმი). - კვალი, 1902, N6; მუსიკალური კონკურსი (წერილი ჟენევიდან). - კვალი, 1902, N35 და სხვ.

ალექსანდრა ნანეიშვილის ზოგი წერილი ხელმოწერილია ფსევდონიმით - „ა. ნა-ლი“ ან „ქართველი ქალი“. როგორც ჩანს 1901 წლისთვის იგი უკვე გათხოვილი იყო, რადგან ავტორის გრაფაში მითითებული გახლდათ: ნანეიშვილი-ფაღავა ალექსანდრა. მისი მეუღლე იყო იურისტი გიორგი (იური) ფაღავა (1878-1950), რომელსაც იურიდიული ფაკულტეტი გერმანიაში ჰქონდა დამთავრებული.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ალექსანდრა მუშაობდა პედაგოგად. იყო ქუთაისის პირველი გიმნაზიის დირექტორი.

იური ფაღავას და ალექსანდრა ნანეიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, მომავალი მხატვარი ვერა ფაღავა 1907 წელს, თბილისში დაიბადა. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მაშინდელი თბილისის ინტელექტუალები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი…. ამ გარემოცვამ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინა ვერაზე.

იური ფაღავა იყო 1918 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და დემოკრატიული საქართველოს დიპლომატი ირანში. 

1919 წელს ფაღავების ოჯახი, იური ფაღავას შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაემგზავრა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ გერმანიაში. 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ისინი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ, ხოლო 1923 წელს  საფრანგეთში გადავიდნენ და პარიზის გარეუბანში, მონჟურში  დასახლდნენ. თავიდან ეგონათ, რომ დროებით, მაგრამ ოჯახი ემიგრაციაში სამუდამოდ დარჩა.

შურა ნანეიშვილი 1946 წელს გარდაიცვალა, იური ფაღავასაც დიდხანს აღარ უცოცხლია. 1950 წელს ისიც გარდაიცვალა.

ვერა ფაღავას (1907-1988) სამშობლო აღარ უნახავს. საქართველომდე მხოლოდ მისმა ნამუშევრებმა ჩამოაღწიეს, რომლებიც 2012 წლის ოქტომბერში თბილისის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.

ალექსანდრა ნანეიშვილი და იური ფაღავა, ასევე მხატვრები - ვერა ფაღავა და მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე (1907-1979), ლევილის სასაფლაოზე განისვენებენ.

წყარო: 

https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=451267260034712&id=109740437520731&locale=ka_GE

ქუთაისი; ოქროს მედლით დაჯილდოებული ქალი //ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი.1897. 25 ივნისი, N236, გვ.3

http://kartuli.kvira.ge/2021/11/15/მთელი-ცხოვრება-ემიგრაცია/

 


Share: