შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ელისო გოგიბედაშვილი![]()
ბიოგრაფიაახალგაზრდა ავსტრიელი ვირტუოზი მევიოლინე ელისო გოგიბედაშვილი დაიბადა ვორარლბერგში (ავსტრია) მუსიკოსთა ოჯახში. მამა – ირაკლი გოგიბედაშვილი (მევიოლინე) ქალაქ ჰოენემსის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრის „არპეჯონე“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. დედა პიანისტი გახლავთ. ზალცბურგის მოცარტეუმი აქვს დამთავრებული. პირველი გაკვეთილები ელისომ მშობლებისგან, 5 წლის ასაკში მიიღო, როცა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ერთდროულად დაიწყო. 6 წლისამ კი უკვე პირველი პრიზი დაიმსახურა ორივე ინსტრუმენტზე შესრულებისთვის ავსტრიის მუსიკალურ კონკურსზე - Prima la Musica, რასაც მოჰყვა პრიზები საერთაშორისო კონკურსებზე ლიტვასა და სიცილიაზე. მოგვიანებით, ნორჩი მევიოლინე ლიხტენშტაინში, პრინცესა სოფიას პატრონაჟით გამართული კონკურსის პრიზიორიც გახდა. 2013 წლის ნოემბერში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროექტის "საქართველოს მომავლის ვარსკვლავები" ფარგლებში, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი ლიზი რამიშვილი (საქართველო) და მევიოლინე ელისო გოგიბედაშვილი (ავსტრია), ხოლო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა მაესტრო რობერტ ბოკორი (შვეიცარია). კონცერტზე შესრულდა ფრ. შუბერტის, ე. ელგარის და ი. სიბელიუსის ნაწარმოებები. პროექტი მიზნად ისახავდა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივი მიღწევების მხარდაჭერას. ელისო გოგიბედაშვილი ხშირად გამოდის სოლისტის ამპლუაში სხვადასხვა ორკესტრთან ერთად: 2010 წელს იგი მაქს ბრუხის სავიოლინო კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე კამერულ ორკესტრ „არპეჯონესთან“ ერთად; შესრულებული აქვს ბახის სავიოლინო კონცერტი „MAV“ სიმფონიურ ორკესტრთან ბუდაპეშტში, პრაღის ორკესტრთან და ამერიკის სიმფონიურ ორკესტრთან “Fort Lauderdale”-ში; ასევე, შეასრულა სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი კარნტერნის სიმფონიურ ორკესტრთან კლაგენფურტში, მიუნხენის სიმფონიურ ორკესტრთან ლუსტენაუში, „MAV” სიმფონიურ ორკესტრთან ბუდაპეშტში, თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან თბილისში, არიგენტოს სიმფონიურ ორკესტრთან სიცილიაში, ლუიჯი პირანდელოს თეატრში და ორკესტრ Milano Classica-სთან მილანში. ელისო გოგიბედაშვილი უკრავს ვიოლინოზე, რომელიც შექმნილია ფრანგი ოსტატის ჟან ბატისტ ვიიომის მიერ 1849 წელს. მისი გამოსვლები იმსახურებს კრიტიკოსთა მაღალ შეფასებას მუსიკალურობისა და შესანიშნავი ტექნიკის გამო. ავსტრიელი მევიოლინე სიამოვნებით ჩამოდის სამშობლოში კონცერტების გასამართად. 2015 წლის ოქტომბერში მან დაუკრა სალხინოში, კამერული მუსიკის საერთაშორისო პირველ ფესტივალზე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2024 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კამერული მუსიკის საღამო-კონცერტში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. წყარო: https://kvira.ge/953260
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |