შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ეკატერინე დადეშქელიანი![]()
ბიოგრაფია1934 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა ქართველი ემიგრანტი ქალის, კატი დადეშქელიანის მემუარები: „თავადის ქალი მუნდირში“, რომელიც ავტორმა ფრანგულად დაწერა, თუმცა საფრანგეთში არასდროს გამოცემულა. კატი დადეშქელიანი, როგორც პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გმირი ქალი, გიორგის ორი ჯვრის კავალერი, დასავლეთში პოპულარულ სამხედრო ლიტერატურასა და ენციკლოპედიებში ისეთი სახელოვანი მწერლების გვერდით არის მოხსენიებული, როგორებიცაა მაგ.: სომერსეტ მოემი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰარი კროსბი, ჯულიან გრინი, სიდნეი ჰოვარდი და სხვ. ემიგრანტი ქალის მემუარები მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებად არის მიჩნეული. მოგონებებში აღწერილია ბალს ქვემო სვანეთის დადეშქელიანთა მცირე საგვარეულო შტოს ისტორია, მოთხრობილია კატის ბავშვობისა და ახალგაზრდობის ამბები. კატის მშობლები იყვნენ - ალექსანდრე (ციოყ) თენგიზის ძე დადეშქელიანი (1862-1910) და ბარბარა (ბაბილინა) ერისთავი (1867-1922). ალექსანდრე სატყეო საქმით იყო გატაცებული და საკვალიფიკაციო გამოცდების გავლის შემდეგ მდინარეებისა და ტყეების ინსპექტორად დაინიშნა. იგი სამსახურს მთელ თავის ენერგიას ახმარდა, სვანეთის მამულებსაც უვლიდა და არც სახაზინო ტყეებს აკლებდა ყურადღებას. სატყეო საკითხებში მისი განსწავლულობა რუსეთში დიდად ფასობდა. ალექსანდრემ 1888 წელს იქორწინა თავად ერისთავის ქალზე,რომელიც წარმოშობით სამეგრელოდან იყო. წყვილის პირველი შვილი ეკატერინე-ჩიჩი 1890 წლის 17 ივნისს დაიბადა, ეცერის მამულში. შემდეგ მათ კიდევ ხუთი შვილი შეეძინათ - ორი ქალი და სამი ვაჟი. კატი ექვსი წლის ასაკში შეიყვანეს ქართველ თავადაზნაურთა შვილებისთვის დაარსებულ ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში. ცხოვრობდა პანსიონში. ოჯახთან, სვანეთში მხოლოდ ზაფხულის არდადეგების დროს ჩადიოდა და მთელ დღეებს ცხენზე ჯირითში ატარებდა. დაუდეგარ ბავშვს სასწავლებლის მკაცრ წესებთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ასაკმა თავისი ქნა და 15 წლისამ კურსი, რომელიც ბაკალავრის საფეხურს უტოლდებოდა ქების სიგელით დაასრულა. გამოცდებს სპეციალიზებული სწავლება მოჰყვა. კატიმ მათემატიკა აირჩია, რადგან ექიმის პროფესიის დასაუფლებლად უნივერსიტეტში შესვლა სწადდა. სასწავლებელი 19 წლის ასაკში დაასრულა და მაშინვე გაემგზავრა მამასთან, რომელიც როგორც სახაზინო ტყეების ინსპექტორი მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში, ბაღდათში. ცოლ-შვილი ქუთაისში დარჩა. კატის მამის მარტო დატოვება არ უნდოდა და ბაღდათის ერთ-ერთ სკოლაში მოხალისე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. კატი მემუარებში წერს, რომ მამასთან ერთად გატარებული ორი წელი (1908-1909) მის ცხოვრებაში უბედნიერესი წლები იყო, 1910 წლის დასაწყისში კი ოჯახს უბედურება ეწვია. გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ბაღდათის სატყეოს მმართველი თავადი ალექსანდრე დადეშქელიანი. მის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს დავით (უჩა) დადიანი (1875-1932) და კატის დედა, ბაბილინა ერისთავი. მიზეზი ის იყო, რომ მათ სიყმაწვილეში ერთმანეთი უყვარდათ. ორივე დააკავეს. ავადმყოფობის გამო ბაბილინა მალე გაათავისუფლეს, უჩა დადიანს კი 20 წლიანი კატორღა მიუსაჯეს. საქმე სასამართლოში 4 წლის განმავლობაში განიხილებოდა. საბოლოოდ, განაჩენის სენატში გასაჩივრების შემდეგ უჩა დადიანიც გაათავისუფლეს. მამის სიკვდილის შემდეგ კატი დადეშქელიანმა თავის თავზე აიღო დედაზე და უმცროს და-ძმებზე პასუხისმგებლობა. სწავლაზე აღარ უფიქრია. როცა ბაბილინა ერისთავი საბოლოოდ გაამართლეს, პირველი მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო. კატის ბრძოლაში ჩაბმა უნდოდა, მაგრამ ქალებს მხოლოდ ლაზარეთში ყოფნის უფლება ჰქონდათ. მაშინ მან ხერხს მიმართა. თავისი იდენტობის დასაფარად სამხედრო ბილეთი ჯემალ დადეშქელიანის სახელზე აიღო და 1915 წელს მამაკაცად გადაცმული გაემგზავრა ფრონტზე. კატი დადეშქელიანი იბრძოდა კავკასიის ცხენოსანთა ე. წ. „ველურ დივიზიაში“, როგორც თათართა ლეგიონის ჯარისკაცი. ერთი წლის შემდეგ ის დაინიშნა ლეგიონის 22-ე ლაზარეთში უფროს ასისტენტად. ევალებოდა საველე ლაზარეთის უფროსის დავალებათა შესრულების გაკონტროლება ლაზარეთის გამართულად მუშაობისთვის. კატის მემუარები ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ქართული სამხედრო არისტოკრატიის მონაწილეობაზე პირველ მსოფლიო ომში. წიგნში ჩართული სათავგადასავლო ეპიზოდები მოგონებებს მნიშვნელოვნად ავსებს და ზუსტი ფსიქოლოგიური მიგნებებით დატვირთულ სოციალურ გარემოში ამოგზაურებს მკითხველს. კავკასიის ხალხების ერთიანობის განცდით დაწერილი „მოგონებების“ ცალკეულ თავებში „ველური დივიზიის“ თათართა პოლკში მებრძოლი გმირი ქალის საუკეთესო თვისებებია წარმოჩენილი. იგი ჭეშმარიტ ქრისტიანად გვევლინება. ტოლერანტობა, პრინციპულობა, ორგანიზაციული ნიჭი, გონიერება, კეთილშობილება, თანადგომის უნარი და მიმტევებლობა ოფიცრებისა და უბრალო მებრძოლთა საერთო აღფრთოვანებას იწვევს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ კატი დადეშქელიანი საქართველოში დაბრუნდა. დედასთან ერთად ცხოვრობდა სამეგრელოში საკუთარ მამულში და მეურნეობას მისდევდა. საგრძნობ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. კატი დედასთან. უმცროს ძმასთან, თენგიზთან და მის ფეხმძიმე მეუღლესთან მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა, როცა ოჯახს ისევ უბედურება ეწვია. 1922 წელს ბაბილინა ავარიას ემსხვერპლა, კონსტანტინოპოლის ქუჩაში მანქანა დაეჯახა. და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეკატერინე დადეშქელიანმა მხოლოდ 1924 წელს მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა. აქ იგი თავის გასატანად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. იყო სანიტარი, მეჯინიბე, ქართული რესტორნის ბუღალტერი, სადაც ჯამაგირის ნაცვლად საკვებს იღებდა, მაღალი საზოგადოების ქალბატონების კომპანიონი, ბურჟუა ქალების პედაგოგი და მრავალი სხვა, სანამ, 1931 წელს ინგლისელი გამომცემელი შეუკვეთდა მემუარული ხასიათის წიგნის დაწერას. წიგნის პოპულარობის მიუხედავად, კატი დადეშქელიანის მოგონებები ხელმეორედ არ გამოცემულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ იგი ამერიკელი რომანისტის, ჰარინგტონისა და ნიდერლანდელი დრამატურგის, ერიკა ბლოკის შთაგონების წყაროდ იქცა. კატის როლი ლუიზა ბრუკსს უნდა ეთამაშა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. 1960-იანი წლების ბოლოს, კატი დადეშქელიანი საცხოვრებლად მოხუცებულთა სახლში გადავიდა, პარიზთან ახლოს, შატო დ΄აბონდანში. გარდაიცვალა 1977 წელს. კატის ძმა თენგიზ დადეშქელიანი წლების მანძილზე ცხოვრობდა და ადვოკატად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთში 1960 წელს დაბრუნდა უკურნებელი სენით (ღვიძლის ცეროზი) დაავადებული და იქ გარდაიცვალა. ორივე დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მათთან ერთად განისვენებს კიდევ ერთი და - ნინა დადეშქელიანი (1892-1961). წყარო: დადეშქელიანი კატი. თავადის ქალი მუნდირში : მოგონებები. - თბილისი, 2021 ტომარაძე ქეთევან. "დრო მოწყდა თავის ანჯამს" ანუ ქართველი გმირი ქალი და ფსევდოლიბერალური ინსინუაციები // საერთო გაზეთი.- თბილისი, 2021.- 7 ივლისი. N 24. გვ.- 8-9 http://science.org.ge/?p=10863 https://ka.wikipedia.org/wiki/კატი_დადეშქელიანი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |