The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ილამაზ-მიხეილ დადეშქელიანი

ილამაზ-მიხეილ დადეშქელიანი
Date of birth:1896
Date of death:1967  (at 71 years)
Burial location:ბატინიოლის სასაფლაო, პარიზი
Category:Lawyer

Biography

ილამაზ-მიხეილ დადეშქელიანი დაიბადა 1896 წელს, პეტერბურგში. მისი მშობლები იყვნენ: ოთარ-კონსტანტინე თენგიზის ძე დადეშქელიანი (1857-1931) და ნინა ანდრიას ასული გამრეკელი (1857-1912). ილამაზი მათი ერთადერთი ვაჟი გახლდათ. ცოლ-ქმარი სანქტ-პეტერბურგშია დასაფლავებული.

ოთარი, ძირითადად, პეტერბურგში, ხან კი ევროპაში ცხოვრობდა და სვანეთს მხოლოდ დროდადრო სტუმრობდა. განათლებაც პეტერბურგში მიიღო. ილამაზმაც პეტერბურგში დაამთავრა იმპერატორ ალექსანდრეს ლიცეუმი. რუსეთის იმპერიის არმიის ცხენოსანთა არტილერიის ლეიბგვარდიის მოხალისედ მსახურობდა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ილამაზ-მიხეილი საფრანგეთში გადაიხვეწა და პარიზში ცხოვრობდა.  1920-1930-იან წლებში იგი საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა მრჩევლად საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის დარგში.

ილამაზ დადეშქელიანი იყო ფრიად განათლებული, არაერთი ეროვნული საქმის სულისჩამდგმელი. მე-20 ს-ის 50-იან წლებში იგი პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობდა და მოხსენებებით გამოდიოდა. მან დააარსა, ლევან ზურაბიშვილთან და იოსებ კემულარიასთან ერთად, პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესია.

ილამაზ დადეშქელიანმა ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა წერილები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე. ამ წერილებით მან ხელი შეუწყო დასავლეთში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარიზაციას. მისი სტატია „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია“: (კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი)  ქართულადაც ითარგმნა და 2011 წელს წიგნად გამოიცა თბილისში. მთარგმნელი ვლადიმერ ნარსია აღნიშნავს, რომ ნაშრომში „გადმოცემულია სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ხედვა როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტისადმი“.

ილამაზ დადეშქელიანის მეუღლე იყო თენგიზ-ნიკოლოზ დადეშქელიანისა და მარია ჯამბაკურ-ორბელიანის ქალიშვილი გულნარა-ირენი (1924-1996). წყვილის ერთადერთი ვაჟი გახლავთ ნიკოლა დადეშქელიანი-ორბელიანი.

ილამაზ დადეშქელიანი გარდაიცვალა 1967 წელს პარიზში. განისვენებს პარიზის ბატინიოლის სასაფლაოზე, რომელიც სანტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოსთან ერთად, ემიგრანტების ძირითადი განსასვენებელია. 

წყარო: 

ტომარაძე ქეთევან. მამაცი და გონიერი, უიღბლო და მშვენიერი კატი: ნარკვევი // დადეშქელიანი კატი. თავადის ქალი მუნდირში. - თბილისი, 2021. - გვ.245-423.


Share: