The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ მიქელაძე

ვახტანგ მიქელაძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 2025  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი ვახტანგ მიქელაძე დაიბადა 1937 წლის 16 ივნისს ქ. მოსკოვში. იგი 1937 წელს რეპრესირებული დირიჟორის, ევგენი მიქელაძის შვილია. მამასთან ერთად დააპატიმრეს დედაც, ქეთევან (ქეთუსია) ორახელაშვილი.

ევგენი მიქელაძე დახვრიტეს, ქეთევანს კი გადასახლება მიუსაჯეს. მათი შვილები -  3 წლის თინა და წლინახევრის ვახტანგი მამიდამ, თამარ მიქელაძემ გაზარდა. 1951 წელს, როცა სრულწლოვანები გახდნენ, თინათინი და ვახტანგიც გადაასახლეს  ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში.

ქეთუსია ორახელაშვილი სამშობლოში მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს დაბრუნდა.

ვახტანგ მიქელაძემ 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით. სწავლობდა ცნობილი დოკუმენტალისტის, რომან კარმენის ჯგუფში.

1965 წელს გადაღებული მისი სადიპლომო ფილმი - „ომალო“, რომელიც სოფლების დაცლის პრობლემას ეხებოდა, როგორც ანტისაბჭოთა ფილმი თაროზე შემოდეს და დიდი ხნის განმავლობაში მისი ნახვა შეუძლებელი იყო. 

1965-1990 წლებში მუშაობდა თბილისში, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. ჰქონდა „უმაღლესი კატეგორიის რეჟისორის“ წოდება.

გადაღებული აქვს ფილმები: „კარპატული ეტიუდი“ (1964), „რესტავრატორები“ (1968) , „ქართული ცეკვები“, „ბამი“(1975), „წინ კომუნისტები არიან“ (1978), „ევგენი მიქელაძე“ (1979) და სხვ.

1980-იანი წლების ბოლოს საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში.

1988-1993 წლებში მოაწყო ეკო-ფილმის სტუდია და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეზიდენტი.

1995 წლიდან თანამშრომლობდა ტელეკომპანია РТС-თან და მონაწილეობდა გადაცემის “ადამიანი და კანონის” შექმნაში ORT-ზე.

1997 წელს დაიწყო დოკუმენტური ციკლის „დოკუმენტური დეტექტივის“ გადაღება (ავტორი და რეჟისორი), რომელიც მოგვითხრობდა  დანაშაულის შესახებ რუსეთში. სერიალის პირველი ფილმი გავიდა ეთერში 1997 წლის 8 ივლისს. გადაცემა გადიოდა „პირველ არხზე“ (ORT) 1997 წლიდან 2005 წლამდე. 2006 წლის 8 დეკემბერს ამ დოკუმენტური ციკლისთვის ვახტანგ მიქელაძეს მიენიჭა ФСБ-ის პრემია კატეგორიაში „ტელე და რადიო გადაცემები“.

2007 წლის 6 მაისს, ДТВ-ზე ვ. მიქელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ჩვენება 36-სერიანი დოკუმენტური ციკლისა - „ჯაშუშები და მოღალატეები“, რომელიც მოგვითხრობდა ЦРУ-ს და КГБ -ეს ყველაზე ცნობილ ჯაშუშებზე.

2008 წელს ვ. მიქელაძემ გადაიღო 40 ეპიზოდიანი დოკუმენტური სერიალი „მსჯავრდებულნი სიცოცხლის ბოლომდე“, რომელიც ეხება უვადოდ მსჯავრდებულთა ცხოვრებას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიებში. 2009 წლიდან 2010 წლამდე მან, ასევე, გადაიღო ამ სერიალის გაგრძელება - "სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლება აღკვეთილნი".

ბოლო წლებში მუშაობდა კინოკომპანია Sintez-Integra-სთან.

ვახტანგ მიქელაძეს არაერთხელ მიუცია ინტერვიუ გაზეთებისთვის დანაშაულის შესახებ რუსეთში.

რეჟისორის შემოქმედებას მრავალფეროვნებას მატებს ციკლი „კავკასიის დიდებული შვილები“ და მსგავსი ნაწარმოებები.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1980 - ლენინური კომკავშირის პრემია; 2004 - ინგუშეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი;

1979 წელს, ბერლინის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალზე გადაეცა ოქროს მედალი, როგორც რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს.

ვახტანგ მიქელაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 2025 წლის 7 მარტს.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/Микеладзе,_Вахтанг_Евгеньевич

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.27


გააზიარე: