The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჟაკლინ ხაბულიანი

ჟაკლინ ხაბულიანი
Other name:ვენერა
Date of birth:20 June, 1930
Date of death:2024  (at 93 years)
Category:Humanitarian

Biography

ჟაკლინ (ვენერა) ხაბულიანი დაიბადა 1930 წლის 20 ივნისს ქ. მარსელში, ქართველი ემიგრანტისა და ფრანგი მხატვრის ოჯახში. დედამისი, მარგარიტა-მარიამ ბრაუნი ქ. ნანსის უნივერსიტეტის ხატვის ფაკულტეტის ბოლო კურსზე იყო როცა გაიცნო მომავალი მეუღლე, ჯაბა ხაბულიანი. მალე იქორწინეს კიდეც.

ჟაკლინის მამა წარმოშობით სვანეთიდან ყოფილა, მაგრამ ბაბუამისს სოფელ უშგულში ვიღაც მოუკლავს და სისხლის აღების შიშით იძულებული გამხდარა კარგა ხანს შინიდან ფეხი არ გაედგა. მერე კი შურისძიებას გარიდებია, ლეჩხუმში გადასულა და იქ შეუქმნია ოჯახი. მისი ერთ-ერთი ვაჟის შთამომავალია ჟაკლინი. მისი ბაბუა ალექსანდრე იმერეთში დასახლებულა, ქ. ჭიათურის მაღაროების აქციონერიც გამხდარა და ცოლის შერთვამდე გარკვეული ქონებაც დაუგროვებია. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა ჯაბა ხაბულიანი.  

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები პარიზში ჩავიდნენ და დაბინავდნენ მხატვარ ვერა ფაღავას სახლში, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრეს.

პატარა ჟაკლინს ქართულს ვერას დედა, შურა ნანეიშვილი ასწავლიდა, ხოლო შემდეგ ქართული ენის ცოდნა ლევილში ხშირი სტუმრობით განამტკიცა.

იმ დროისთვის პარიზელ ქართველთა სათვისტომო 800-ზე მეტი ადამიანს ითვლიდა. ზაფხულობით ლევილში იკრიბებოდნენ, ძირითადად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყრიდნენ თავს. საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდათ, ლევილში მდებარე სტამბაში ბეჭდავდნენ ჟურნალ-გაზეთებს.

თავის გასატანად შატოს ყველა მცხოვრები, ქალიან-კაციანად, მუშაობდა ყანაში - მოჰყავდათ სიმინდი, ბოსტნეული, ყველიც თავისი ჰქონდათ. ყანაშივე, დიდი ხის ქვეშ იმართებოდა სადილი, ჰყვებოდნენ საინტერესო ამბებს, ოხუნჯობდნენ, მღეროდნენ ქართულ სიმღერებს.

ბავშვებს ძალიან მოსწონდათ მათთან ერთად ყოფნა. ჟაკლინმა ლევილში ისწავლა ქართული საჭმელების კეთება, როცა იქაურებს ეხმარებოდა საერთო სადილის მომზადებაში. განსაკუთრებით შეუყვარდა ნიგვზიანი ბადრიჯანი, რომლითაც დღესაც უმასპინძლდება ფრანგ მეგობრებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაბა ხაბულიანი ჯარში არ გაუწვევიათ, რადგან სტუდენტობის დროს ერთი ფილტვი დაუზიანდა. ომიანობის დროს ჟაკლინსაც დაუშავდა ფილტვები ანთების შედეგად და ამის გამო, სუფთა ჰაერზე, ლევილში გადავიდა საცხოვრებლად. შეასახლეს ერთ ოთახში გრიშა ურატაძის ოჯახში, რომლის ქალიშვილი, მედუნია, მისი თანატოლი იყო. შატოში გატარებული წლები და იქაურ ბინადრებთან ურთიერთობა მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

ჟაკლიან ხაბულიანმა ინსტიტუტი სპარსული ენის სპეციალობით დაამთავრა. მუშაობდა ესპანეთში ფრანგული ენის მასწავლებლად. აგრეთვე, ნავთობის დიდ ფირმაში - „ტოტალში“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებაა.

ჟაკლინი ბავშვობიდან ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე. რამდენჯერმე სცადა, მაგრამ მოსკოვიდან ყოველთვის უარს იღებდა. ბოლოს, 1968 წელს ურჩიეს თბილისში „გოქსის“ ხელმძღვანელობისთვის მიემართა და საბედნიეროდ მათგან მიპატიჟების წერილი მიიღო. 

საქართველოში ჩამოსულმა ჟაკლინმა გაიცნო ნათესავები, თბილისის გარდა იყო ლეჩხუმში, ჭიათურაში მოინახულა ყველა ის ადგილი, რომელთა ნახვა მამამ ურჩია.

მეორედ 1983 წელს ჩამოვიდა. იყო ბათუმში, მცხეთაში, ქუთაისში, გორში და მრავალი ჩანახატიც გააკეთა.

საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟაკლინ ხაბულიანმა ფრანგულ ენაზე დაწერა წიგნი თავის ბავშვობაზე, ლევილის შატოსა და იქ მაცხოვრებლებზე, საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე.  ეს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა ცისანა ბიბილეიშვილის მიერ და 2013 წელს გამოიცა თბილისში, სახელწოდებით „უსაქართველოდ დარჩენილი ქართველები“.

წყარო:

ხაბულიანი, ჟაკლინ. უსაქართველოდ დარჩენილი ქართველები: [მოგონებები]. - თბილისი, 2013.

ნიჟარაძე, ჟუჟუნა. ჟაკლინი  // საქართველოს ქალი. - თბილისი, 1991. - N2. - გვ.17

https://www.facebook.com/photo.php?fbid=476817598777099&id=100093465885117&set=a.135393149586214


Share: