The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მზია პაპავა-ჭეიშვილი

მზია პაპავა-ჭეიშვილი
Date of birth:22 November, 1917
Date of death:2 November, 2007  (at 89 years)
Category:Humanitarian

Biography

მზია პაპავა დაიბადა 1917 წლის 22 ნოემბერს, საქართველოში. მისი მშობლები - თამარ და აკაკი პაპავები - სახელოვანი მწერლები და მოღვაწეები იყვნენ. 1923 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდნენ. მათი ოჯახი ქართული კულტურის მძლავრი კერა იყო ჯერ გერმანიაში და შემდეგ არგენტინაში.

მზია და მასზე ოთხი წლით უფროსი მისი და ტურფა, ბავშვობიდანვე ქართულ გარემოში და ქართული სულისკვეთებით იზრდებოდნენ. დედ-მამა გოგონებისთვის საგანგებოდ ქმნიდა ქართულ რებუსებს, შარადებსა თუ კროსვორდებს, წერდნენ ლექსებს და სათუთად ინახავდნენ ბავშვების გულუბრყვილო ჩანაწერებსა თუ ნახატებს. მათი მთავარი ამოცანა იყო ქალიშვილებს ქართული ენა არ დავიწყებოდათ.

მოგვიანებით, შვილებისთვის დაწერილი და მათდამი მიძღვნილი აკაკი პაპავას ლექსების ორი მომცრო კრებული, “ბაბუტას ლექსების” სახელწოდებით, სტამბურადაც დაიბეჭდა. ერთ ასეთ კრებულში შესულია 1924 წელს ჰამბურგში დაწერილი ლექსი სათაურით “მზიას ალბომში”.

ტურფა და მზია პაპავებისთვის დაწერილ საბავშვო ლექსებზე, მათ გარდა, ქართველ ემიგრანტთა პირველი თაობის არაერთი ბავშვი აღიზარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

თამარ და აკაკი პაპავების მეცადინეობით, მრავალ ოჯახურ ტრადიციას დაედო სათავე. ისინი საყოველთაო, ეროვნულ თუ ოჯახურ დღესასწაულებთან იყო დაკავშირებული: შობა, ახალი წელი, აღდგომა, თამარობა, 26 მაისი, 29 აგვისტო, ოჯახის წევრთა დაბადების დღეები…

ყველა ასეთი დღესასწაული დოკუმენტურად ფიქსირდებოდა ხოლმე ამა თუ იმ ფორმით. პაპავა-ჭეიშვილების ოჯახურ არქივში დაცულია ერთი ასეთი დოკუმენტი. ეს გახლავთ გერმანული ღია ბარათი, რომლის უკანა მხარეს ოთხი სხვადასხვა კალიგრაფიით ოჯახის წევრთა წინასაახალწლო სურვილები და განწყობილებებია დაფიქსირებული. 16 წლის მზია პაპავას ასეთი რამ უნატრია საახალწლოდ: „მე ვთხოვ 1934 წელს, რომ ჩემს საყვარელ დედ-მამას ჯანმრთელობა აჩუქოს და ტურფას და მე გვაჩუქოს, რომ იმის ღირსი ვიყოთ, ქართველები რომ ვართ და მერე ვთხოვ საქართველოს განთავისუფლებას და ჩვენი საყვარელი ბებოს კარგად ყოფნას. მზია”.

გოგონები მართლაც ღირსეულ ქართველებად აღიზარდნენ და ასეთებად დარჩნენ  მთელი ცხოვრების მანძილზე.

მშობლებმა ქალიშვილებს მრავალმხრივი განათლება მიაღებინეს. ისინი  ჯერ ბერლინში სწავლობდნენ, შემდეგ კი ჰამბურგში. ბავშვობიდან თავისუფლად ლაპარაკობდნენ ექვს-შვიდ ენაზე.

ორივე და მეორე მსოფლიო ომამდე დაოჯახდა. 1938 წელს ტურფა პაპავამ პარიზში  ჯვარი დაიწერა ლეონიდე ჭეიშვილზე (1905-1990), მეცნიერ-ქიმიკოსზე, პოეტსა და მხატვარზე.

1941 წელს მზიაც დაქორწინდა, საშა ჭეიშვილს (1905-1991) გაჰყვა ცოლად. ისე მოხდა, რომ პაპავების ორივე ქალიშვილი გვარად ჭეიშვილზე გათხოვდა, მაგრამ ისინი ერთმანეთის ნათესავები არ ყოფილან. ლეო - იმერელი ჭეიშვილი იყო, საშა კი გურული, სოფელ ასკანიდან.

მეორე მსოფლიო ომის წლები პაპავა-ჭეიშვილების ოჯახმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა: ტიურინგია, ბავარია, ავსტრია; 1949 წელს ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადავიდნენ და ბუენოს-აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში დასახლდნენ. 

ქართულმა საზოგადოებრიობამ მზია პაპავა-ჭეიშვილი XX საუკუნის 80-იან წლებში გაიცნო რეზო თაბუკაშვილის ცნობილი კინოტრილოგიიდან “შორიელთა სიახლოვე”.  ფილმში მოთხრობილია თბილისის სიონის ტაძრის საკურთხევლის გადასაფარებლის ისტორია, რომელიც 1936 წელს გერმანიაში შეუძენია აკაკი პაპავას და რომელიც მისმა შვილებმა საქართველოს უსახსოვრეს.

მზია პაპავა ალექსანდრე ჭეიშვილთან ერთად რეზო თაბუკაშვილის კეთილი მასპინძელი იყო არგენტინაში. ამ ოჯახის სტუმრები სხვადასხვა დროს ყოფილან ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები.

სწორედ მზია პაპავას დამსახურებაა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ პაპავა-ჭეიშვილების სახლი კვლავ დარჩა ქართული სულისა და ქართული კულტურის ერთ-ერთ უძლიერეს კერად საქართველოს გარეთ. თავის დროზე ამ სახლში დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა ვიქტორ ნოზაძე.

ქალბატონ მზიას ახლო ურთიერთობა ჰქონია გრიგოლ რობაქიძესთან, რომელსაც ძია გრიგოლს ეძახდა. მის მეხსიერებაში ღრმად იყო აღბეჭდილი შეხვედრები ქართული პოლიტიკური თუ კულტურული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან: ნოე ჟორდანიასთან, სამსონ ფირცხალავასთან, ლადო ახმეტელთან, გიორგი მაჩაბელთან, გიორგი კვინიტაძესთან, კიტა ჩხენკელთან, ირაკლი ბატონიშვილთან, გიორგი ყიფიანთან და სხვებთან.

მზია პაპავა 2007 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ზუსტად 20 დღე დააკლდა, რომ 90 წლისა შესრულებულიყო. აქედან 86 წელიწადი მან უცხო მიწაზე გაატარა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყებია, რომ ქართველი იყო და ქალიშვილებიც ნამდვილ ქართველებად აღზარდა. გულნარა ჭეიშვილი ექიმია, სალომე ჭეიშვილი – არქიტექტორი.

მზია პაპავა საქართველოს განთავისუფლებას და მისი დამოუკიდებლობის აღდგენას მოესწრო, მაგრამ სამშობლოს ხილვა აუსრულებელ ოცნებად დარჩა. უკვე ასაკში იყო და ვერ შეძლო შორეული არგენტინიდან ჩამოსვლა. თუმცა გულს იმით იმშვიდებდა, რომ  მისი შვილები არაერთხელ სტუმრობდნენ საქართველოს.

მზია პაპავა-ჭეიშვილის ფერფლი დაკრძალულია ლევილის ქართველთა სავანეში პაპავა- ჭეიშვილების საერთო საფლავში: აკაკი პაპავა (1890-1964), თამარ პაპავა (1886-1976), მაყვალა ჭეიშვილი (1950-1975), ლეონიდე (ლეო) ჭეიშვილი (1905-1990), ალექსანდრე (საშა) ჭეიშვილი (1905-1991), მზია პაპავა-ჭეიშვილისა (1917-2007) და ტურფა პაპავა-ჭეიშვილისა (1914-2010).

წყარო: 

ნაცვლიშვილი, პაატა. "იმის ღირსი ვიყავით, ქართველები რომ ვართ" / პაატა ნაცვლიშვილი // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2007/2008. - დეკემბერი-იანვარი. - N1(27). - გვ.15-16

https://burusi.wordpress.com/tag/ მზია-პაპავა/


Share: