The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მამუკა კიკალიშვილი

მამუკა კიკალიშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

მამუკა კიკალიშვილი დაიბადა 1971 წლის 15 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 

სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თუმცა1990-იანი წლების საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არაფერი ხდებოდა და გადაწყვიტა სხვა მიმართულებით ეცადა ბედი. ჯერ მოსკოვში წავიდა და იქ მცირე ბიზნესი წამოიწყო, 1995 წელს თბილისში დაბრუნდა და შოუ ბიზნესზე გადაერთო. მუშაობდა მენეჯერად მოდის სფეროში, ხუთი წლის განმავლობაში აწყობდა მოდის ფესტივალებს. 1997 წელს დაინიშნა სამმართველოს უფროსად მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტში.

1999 წლიდან ენერგეტიკის სფერო გამოცოცხლდა. მამუკა მოდას შეეშვა და ენერგეტიკის ფაკულტეტს დაუბრუნდა. 2000 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ ასპირანტურა გაიარა, 2006 წელს დისერტაციაც დაიცვა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა.

სწავლის პარალელურად, პრაქტიკულადაც საქმიანობდა ენერგეტიკის სფეროში: ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოსტი ეკავა კომპანია "ეიესისში". თავიდან იყო ქუროს ჩამსხმელი, ერთ თვეში გადაიყვანეს პირველი პროექტის მენეჯერად, ორ თვეში აქედან გადაიყვანეს რეგიონის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ დირექტორად. 

2010-იან წლებში მუშაობდა ამერიკული კომპანია „ტეტრატეკის“ მენეჯერად საქართველოში. ინოვაციების და რეფორმების ცენტრი - „ტეტრატეკი“ - არის მსოფლიო ლიდერი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ჰიდრორესურსების კომპანიებს შორის.

ლონდონის "მენეჯმენტ ევორდის" დაჯილდოებაზე, როგორც საუკეთესო მენეჯერს UEDC -გან მიღებული აქვს პლატინის ჯილდო, ბიზნესის "ოსკარი" (2006).

მამუკა კიკალიშვილს ბავშვობიდან უყვარდა ფოტოების გადაღება. მისთვის ფოტოგრაფია ჰობი იყო, რომელიც შემდგომში მოწოდებად გადაიქცა. კარგი ფოტოების გადაღებას კი საკუთარი სტუდია სჭირდებოდა. სტუდიოზე ჯერ კიდევ

90-იანებში ფიქრობდა, მაგრამ მაშინ ქვეყანაში არც სათანადო გარემო იყო და არც ბაზრის მოთხოვნა არსებობდა.

 2005 წელს, როდესაც ქვეყანაში მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია შეიქმნა მამუკამ სახლის სარდაფი გადააკეთა ფოტოსტუდიად. 2006 წელს კი გერმანიაში გაემგზავრა და იქ დააარსა "Kikala Studio".

ერთ წელიწადში სტუდია გახდა ძალიან წარმატებული კავკასიის რეგიონში. დამწყებმა ბიზნესმენმა თავისი საქმიანობა ბაზრის მოთხოვნებს მოარგო და წარმატებულ ბიზნესად აქცია. კომერციული დაკვეთების ნაკადმაც არ დააყოვნა. ფოტოებში ძირითადად აღბეჭდილი იყვნენ ცნობილი ადამიანები, განსაკუთრებით მოდის სფეროდან.

რამდენიმე წლის შემდეგ კი ბაზარზე შემოვიდა „Kikala Studio Family’, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც სურთ განაახლონ საოჯახო თუ სხვა სახის ალბომები.

მამუკა კიკალიშვილის ფოტოებზე მისი პირველი ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ (Virgin suicide, Les Fleurs Du Mal, Butoh Garden) გაირკვა, რომ არა მარტო ფოტოსურათები სარგებლობდნენ წარმატებით სოციალური ქსელებისა და ფორუმების მომხმარებლებს შორის, არამედ ხალხს აინტერესებდა ფოტოებზე აღბეჭდილი ტანსაცმელიც. ასე დაიბადა მოდის სახლის დაარსების იდეა.

2012 წლის სექტემბრიდან მამუკა კიკალიშვილი არის მოდის სახლის "Atelier Kikala"-ს მფლობელი.

2013 წლის აგვისტოს თვიდან გახდა L'Officiel (Az) -ის ფოტოგრაფი. ასევე, არის Art + Commerce-ის ერთ-ერთი ფოტოგრაფი.

მამუკა კიკალიშვილის ნამუშევრები ქვეყნდება ცნობილ ჟურნალებში: Photo Vogue Italia, L'Officiel (Az), Harper`s Bazaar (Ru), Boutique (Az), Nargis (Az) და სხვა.

ბიზნესმენმა თბილისში ერთ ჭერქვეშ მოაქცია ატელიე კიკალა და ფოტო სტუდიო.  "Atelier Kikala"- კიკალა სტუდიოს შვილობილი კომპანიაა და როგორც თავად მამუკა აღნიშნავს, ის არის ერთგვარი ფანჯარა ევროპაში. ეს ორი სფერო ურთიერთკავშირშია, როგორც ფოტოს გარეშე ვერ განვითარდება მოდა, ასევე, ხარისხიანი ტანსაცმლის გარეშე ვერ განვითარდება ფოტოსამყარო.

მამუკა კიკალიშვილი დაქორწინებულია პროფესიით ექიმ ნატალია ჯღარკავაზე. ჰყავთ სამი შვილი: ნინო, ლადო და კესარია.

წყარო: 

https://www.marketer.ge/mamuka-kikalishvili/

https://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_კიკალიშვილი

კიკალიშვილი მამუკა. ახალი გამოწვევა - აფრიკული თავგადასავალი: ინტერვიუ /ესაუბრა ქეთი დარჩია //ბომონდი; საინფორმაციო გასართობი ჟურნალი. თბილისი, 2021. ივლისი. N6. გვ. 82-97

კიკალიშვილი, მამუკა, ბოკუჩავა ლადო. რა გამონაკლისი დაუშვეს "ტრანოის შოუ-რუმზე" "ატელიე კიკალასთვის" და როგორ გადაიღო მამუკა კიკალიშვილმა პარიზში "ელ ოფისიელისთვის" ფრანგი მოდელები : ინტერვიუ / ესაუბრა ნათია უტიაშვილი // თბილისელები. - თბილისი, 2014. - 17-13 მარტი. - N11 (690). - გვ.15; 74

 

გააზიარე: