The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ევა ბრუნელი

ევა ბრუნელი
Date of birth:1887
Date of death:1927  (at 40 years)
Category:Musician

Biography

„მსოფლიოში ერთადერთი სიმფონისტი დირიჟორი ქალი მისს ევა ბრიუნელი, ვინც ჩნდება კონცერტებზე ბრიუსელში, რომში და ევროპის სხვა მუსიკალურ ცენტრებში“,  – წერდა გაზეთი „St. Louis Post-Dispatvh“ (1922 წლის 5 მარტი) საქართველოში დაბადებულ ქალზე, რომელმაც მსოფლიოს დირიჟორი ქალების სიაში წამყვანი ადგილი დაიკავა.

მამით იტალიელი და დედით სანახევროდ ქართველი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი ევა ალფონსის ასული ბრუნელი 1887 წელს, დაბა მანგლისში (ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დაიბადა. ევას ბებია, დედის მხრიდან, გვარად ყოფილა მორთულაძე (სხვა მონაცემებით - ნინიკაშვილი).

იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის თბილისის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1903), მუსიკალური განათლება რომის კონსერვატორიაში მიიღო. პედაგოგი, პროფესორი საამბატი (კომპოზიცია).  

ევა ბრუნელი იყო პირველი დირიჟორი ქალი რუსეთის იმპერიაში. ის დირიჟორობდა მხოლოდ სიმფონიურ კონცერტებს, რომლებსაც მართავდა პარიზში, ნიცაში, რომში, რუსეთის ქალაქებში (პეტერბურგი, პავლოვსკი, კისლოვოდსკი) და თბილისში, სადაც 1914 წლის ზაფხულში დირიჟორობდა "ახალი კლუბის" სიმფონიურ ორკესტრს, რომლის სოლისტი იყო ვანო სარაჯიშვილი.

„ჩემს მომაჯადოებელ სოლისტს, ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილს, ევა ბრიუნელისაგან, 1914 წელი“, - ვკითხულობთ სამახსოვრო ფოტოზე, რომელიც ევამ ვანო სარაჯიშვილს უსახსოვრა.

ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (1914, N2) დაბეჭდილია ვინმე ა-კო-ს წერილი - „ევა ბრუნელი, როგორც სიმფონიურ კონცერტების ლოტბარი“, სადაც ავტორი წერს: „ევა ბრიუნელიმ თბილისს გააცნო მრავალი უცხო კომპოზიტორის ნაწარმოებნი, რომელიც აქ ან სულ არა, ან იშვიათად მოუსმენიათ... ევა ბრუნელი რომ მუსიკის სერიოზული მცოდნეა, ამას მოწმობს მისი სიმფონიური კონცერტების პროგრამა, რომელშიაც გამოკრთის იმისი შეხედულება მუსიკალურ ნაწარმოებზე და სიმპატია გლიუკის, ბეთჰოვენის, ლისტის, ბერლიოზისა და სხვა კლასიკებიდან მოყოლებული თვით ახალ მიმართულების კომპოზიტორებამდე – გრიგის, დებიუსის, რაველის, ვერსენის და სხვათა ნაწარმოების შესრულებით. ევა ბრუნელის ნიშნობლივი თვისება, როგორც დირიჟორისა, ლირიკული განცდაა, ის ნაზია, სათუთი, ნამდვილი ქალური თვისებების გამომხატველი, და ფაქიზი ტემპერამენტით ხელმძღვანელობს ორკესტრს… ევა ბრუნელი, ვითარცა ნასწავლი, განვითარებული მუსიკოსი ქალი - ლოტბარი, სასიხარულო მოვლენაა“.

ამავე ჟურნალის ცნობით,1914 წელს მუსიკოსმა კახეთში იმოგზაურა და ხალხური სიმღერები ჩაიწერა.

1915 წლის 13 ივნისის (N18) გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ შაბათს, 13 ივნისს, თბილისის სახაზინო თეატრში, საკონცერტო განყოფილებაში ევა ბრუნელის ხელმძღვანელობით შესრულდებოდა გრიგის, სვენდსენის, სიბელიუსის და როჟე-დიუკაზის ნაწარმოებები „ახალი კლუბის“ გაძლიერებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ დირიჟორი ქალი ბევრჯერ გამოსულა თბილისის სცენაზე, მისი სასცენო ნაბიჯების შესახებ ბევრად მეტია ცნობილი ევროპაში.

1920-იან წლებში ევა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი სადირიჟორო გამოსვლები ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ ბრუნელი იყო პირველი დირიჟორი ქალი, რომელმაც 1923 წლის 8 ნოემბერს უდირიჟორა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის სრულ საკონცერტო პროგრამას. მუსიკოსის გამოსვლებს უცხოური პრესა ფართოდ აშუქებდა.

ევა ბრუნელი გარდაიცვალა პარიზში, 1927 წლის 22 თებერვალს (ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის (თბ., 2015) მიხედვით გარდაიცვალა 1935 წელს).

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 82

დაუშვილი რუსუდან. ევა ბრუნელი: პირველი დირიჟორი ქალი საქართველოში, ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 44-49

ჭანტურიძე სალომე. ევა ბრუნელი // ქალები გასული საუკუნიდან, 1918-1921: [1ლბომი]/სალომე ჭანტურიძე. თბილისი,[2021]. გვ.45-47     


Share: