| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
კონსტანტინე მიქელაძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების წევრი, იურისტი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გახლავთ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის პროექტის შემუშავება უზრუნველყო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც ორჯერ შეიქმნა - პირველად ეროვნული საბჭოს, ხოლო მეორედ დამფუძნებელი კრების მიერ. პირველი საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა 1918 წლის 6 ივნისს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შესადგენად“. მეორე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საჭიროება 1919 წლის 12 მარტიდან გაჩნდა, როდესაც არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრება, რომელმაც, თავის მხრივ, იმავე თვის 18 რიცხვში ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო კომისიის ახალი შემადგენლობა. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ დასტამბა კ. მიქელაძის წიგნი: "დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა", რომელიც იმთავითვე საკონსტიტუციო კომისიისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ წიგნში ავტორი მიმოიხილავს კონსტიტუციონალიზმის არსებით საკითხებს. ესენია: კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიღების ფორმები, მოხელეთა უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო კონტროლი, სამართლებრივი სახელმწიფო, ძირითადი უფლებები, მოქალაქეობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, სახელმწიფოს ფუნქციები, სახელმწიფოს ნიშნები, სახელმწიფო მმართველობის ფორმები, სახელმწიფო სუვერენიტეტი, პარლამენტი, პარლამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა, სასამართლო, სასამართლო კონტროლის ფორმები, ადმინისტრაციული იუსტიცია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა, პრეზიდენტი. ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წარმოადგინა წინადადება საკონსტიტუციო კომისიაში დამხმარე წევრად „მცოდნე“ კონსტანტინე მიქელაძის (მაშინდელი გზათა სამინისტროს იურისკონსულტი) მოწვევის შესახებ, რომელსაც კონსტიტუციის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო შეხედულებები გამოთქმული ჰქონდა მის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში. საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 20 ნოემბრის საბოლოო დადგენილებით, იგი დამტკიცებულ იქნა კომისიის მოწვეულ წევრად. 1918 წლის 27 ნოემბერს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, კ. მიქელაძეს დაევალა, დაეწერა საქართველოს მომავალი კონსტიტუციის ერთ-ერთი თავი - "მოხელეთა უფლება-მოვალეობანი". 1919 წლის 18 მარტს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია კომისიის ახალი შემადგენლობა. კომისიამ თავიდან დაიწყო კონსტიტუციის თითოეულ თავზე მუშაობა. გიორგი ნანეიშვილისა და კონსტანტინე მიქელაძის აქტიური მუშაობის გამო, საკონსტიტუციო კომისიის წინაშე დაისვა მათი ხელმეორედ მოწვევის საკითხი. 1919 წლის 26 მარტს კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ „მოწვეულ იქნენ ბ-ნი გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე, როგორც დამხმარე წევრები სათათბირო ხმით და გაეგზავნოთ მოსაწვევი ბარათები“. კონსტანტინე მიქელაძის ავტორობით მომზადდა დებულება „მოხელეთა უფლება-მოვალეობანი“. დებულების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს 1920 წლის 24 მაისს. მთავარი მომხსენებელი იყო თავად დებულების ავტორი. კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტში მე-15 თავად შევიდა კ. მიქელაძის პროექტი - "სახელმწიფო მოხელენი". ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მიქელაძის შესახებ ძალიან მწირია. ჩვენ ვიცნობთ მისი ცხოვრების მხოლოდ მცირე მონაკვეთს: 1910-1918 წლებში კონსტანტინე მიქელაძე იყო ამიერკავკასიის გზათა სამინისტროს იურისტ-კონსულტი, 1918 წლის 1 ივნისიდან 1921 წლის თებერვლამდე - საქართველოს გზათა (მიმოსვლის) სამინისტროს იურისკონსულტი; მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მენარდეების ანგარიშის კომისიაში; პეტერბურგის საოლქო სასამართლოს პალატაში; პეტერბურგის კომერციულ სასამართლოში (1918 წლის 27 ივნისიდან); ჩრდილო-დასავლეთ რკინიგზის სამმართველოს იურისკონსულტის თანაშემწედ, ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობის მომარაგების კომიტეტის საქმეთა ხელმძღვანელად; 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. მათ შორის იყო კონსტანტინე მიქელაძეც. სამწუხაროდ, მისი შემდგომი ბედი ჩვენთვის უვნობია. იგი ემიგრაციიდან აღარ დაბრუნებულა. კონსტანტინე მიქელაძის შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.278 https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/მიქელაძე_კონსტანტინე_დიმიტრის_ძე ქანთარია ბექა. კონსტანტინე მიქელაძის პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებანი. - თბილისი, 2003 ყალიჩავა კობა. „მცოდნე პირთა“ წვლილი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავებაში / კობა ყალიჩავა // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2023. 22 თებერვალი. N21(9553). გვ. 3; 24 თებერვალი. N22 (9554). გვ.6-7
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

