The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლეო ვარდიაშვილი

ლეო ვარდიაშვილი
Legal name:ლევან ვარდიაშვილი
Date of birth:1983  (43 years)
Category:Writer

Biography

ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი მწერალი ლეო (ლევან) ვარდიაშვილი დაიბადა 1983 წელს, თბილისში. 12 წლამდე, აქვე, სოლოლაკში იზრდებოდა. 1995 წელს მამასთან, დედინაცვალთან და ნახევარძმასთან ერთად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. დედა, თინა კანდელაკი, თბილისში დარჩა და დღესაც აქ ცხოვრობს.

ლეოს მშობლების სურვილი და მიზანი იყო, რომ მას ევროპაში უკეთესი განათლება მიეღო და რამდენიმე წლის შემდეგ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სკოლა ლონდონში დაამთავრა, ამას მოჰყვა კოლეჯი, შემდეგ კი ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტში (Queen Mary University of London) შეისწავლა ინგლისური ფილოლოგია.

ლეო ვარდიაშვილი დღეს უკვე ბრიტანეთის მოქალაქეა. ცხოვრობს ბირმინგემში, მუშაობს „ერნსტ იანგში“, ერთ-ერთ უდიდეს ფინანსურ ორგანიზაციაში. არის მრჩეველი საგადასახადო საკითხებში.

საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვიდა და ბავშვობის ყველა მოგონება ერთბაშად დაატყდა თავს. ორ დღეში მოიარა ყველა ნაცნობი ადგილი სოლოლაკში, შეხვდა მეგობრებს და ნათესავებს. გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ შებოჭილად, გაუცხოებულად გრძნობდა თავს. მას შემდეგ, წელიწადში ორ-სამჯერ ჩამოდის და თავიდან გაიცნო საკუთარი სამშობლო. „მე საქართველო ბავშვმა დავტოვე და ზრდასრული ადამიანი დავბრუნდი და თავიდან შემიყვარდა ეს ქვეყანა. სულ სხვა თვალით შევხედე მას“, - წერს ლეო ვარდიაშვილი.

სამშობლოში მოხშირებულმა ვიზიტებმა გადააწყვეტინა ლეოს წიგნის დაწერა ინგლისელი მკითხველისთვის. ძალიან მოუნდა მათთვის საქართველო გაეცნო. ასე დაიბადა მისი რომანი - „ერთი დიდი ტყის მახლობლად“. მართალია, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ ავტორი შეეცადა მაქსიმალურად ბუნებრივი პერსონაჟები შეექმნა, ეჩვენებინა აქაური ატმოსფერო, სტუმარმასპინძლობის ხიბლი, დასავლეთის საზოგადოებამდე მიეტანა ქართული იუმორი და საბედნიეროდ ეს გამოუვიდა.

ლეო ვარდიაშვილის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ინგლისურენოვანი სადებიუტო რომანი - „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ (Hard by a Great Forest), 2024 წლის იანვრის მიწურულს ერთდროულად გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. გამომცემლები ორივეგან მსხვილი კომპანიები არიან: Bloomsbury და Penguin Random House. 

გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Observer-მა ლეო ვარდიაშვილი  2024 წლის 10 საუკეთესო დებიუტანტ რომანისტს შორის დაასახელა. მისი ნაწარმოები მძაფრი და ზოგჯერ ტკივილამდე კომიკურიაო, იქვე დაამატა. „შთამბეჭდავ  მიღწევად“ შეაფასა წიგნი The Financial Times-მა. ასეთივე აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა აქამდე უცნობი ავტორის სადებიუტო რომანს სხვა ცნობილი გამოცემებისგანაც, მათ შორისაა,  The New York Times და LA Times.

რომანი ბესტსელერი  გახდა. 17 ენაზე ითარგმნა (მათ შორის ქართულადაც) და გამოიცა მსოფლიოს ოცამდე  ქვეყანაში. „სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი“, - ასე იხსენებს რომანის კითხვის პროცესს ცნობილი ავღანელ-ამერიკელი მწერალი ხალიდ ჰოსეინი.

წყარო:

ვარდიაშვილი ლეო. ერთი დიდი ტყის მახლობლად: (რომანი) / დავით ახალაძის თარგმანი. - თბი;ლისი, 2024

https://ka.wikipedia.org/wiki/ლეო_ვარდიაშვილი 

ქევანიშვილი ეკა, „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ - ინტერვიუ ბესტსელერის ავტორ ლეო ვარდიაშვილთან


Share: