The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მედეა ღამბაშიძე

მედეა ღამბაშიძე
Date of birth:1899
Date of death:1975  (at 76 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Philosopher

Biography

ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის (1872-1951) უფროსი ქალიშვილი მედეა (მედია) ღამბაშიძე დაიბადა 1899 წელს საქართველოში. დედამისი - ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე (1876-1945) ამერიკელი გახლდათ  და ევროპას ფრანგული ენის შესასწავლად ეწვია. მომავალი მეუღლე პარიზში გაიცნო, იქვე დაქორწინდნენ და 1898 წელს

საცხოვრებლად ზეს­ტა­ფონ­ში ჩავიდნენ.

ვახტანგმა საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში, პარალელურად ეძებდა ადგილს თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904 წელს მან მამასთან, დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან ერთად ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი", სადაც 8-16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა.

ამ დროისთვის ვახტანგს და ვანდას უკვე ოთხი შვილი ჰყავდათ: მედეა (1899-1975), სუნანა (1901-1996), გივი (1902-1930) და ჟორჟეტა (1903-1981).

მედეა ღამბაშიძის ნათლია გახლდათ აკაკი წერეთელი, დეკანოზის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი.

1918 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ივანე ჯავახიშვილმა ვანდა ჰოპპე ინგლისური ენის მასწავლებლად მიიწვია. უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ვახტანგ ღამბაშიძეც. იგი ჰიგიენის კათედრას განაგებდა. მოხდა ისე, რომ სტუდენტის №1 ბილეთი მათ ქალიშვილ მედეას ხვდა წილად. 19 წლის ასაკში მან პირველმა შეიტანა განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირველი სტუდენტური ბარათიც მისცეს.

მედეა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე, ის იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაარსებული პირველი ქართული სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოების "შევარდენის" აქტიური წევრიც.

მედეა ღამბაშიძე თავის დღიურში წერდა: "ჩავეწერე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ. ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ" (გამოქვეყნდა1968 წელს, პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონის“ XIII ნომერში).

მედეა ღამბაშიძეს უნივერსიტეტი არ დაუსრულებია. 1919 წელს იგი ინგლისური ენის შესასწავლად ბიძასთან წავიდა ინგლისში. შემდეგ ამ ფაქტს ძალიან ნანობდა. ამბობდა. რომ მცოდნოდა ემიგრაციაში წავიდოდი  საქართველოში ცხოვრების იმ ორ წელს მაინც არ დავკარგავდიო.

საქართველოს ოკუპაციის ამბავი მედეამ ლონდონში შეიტყო და გახიზნულ ოჯახს კონსტანტინოპოლში შეუერთდა. ჯერ მშობლებთან ერთად „წითელ ჯვარში“ მსახურობდა, შემდეგ ბანკში დაიწყო მუშაობა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ, როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი რეპრესიების გამო საბოლოოდ გადაეწურათ, ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა.

ქართველ ემიგრანტებს შორის ვახტანგ ღამბაშიძე დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1927 წელს ის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელსაც 20 წელი (1947 წლამდე) ხელმძღვანელობდა. გახსნა პატარა კლინიკა, შექმნა „ქართველ ექიმთა კავშირი“, რომელშიც 15 ქართველი ექიმი გაერთიანდა და ლტოლვილებს, მათ შორის არაქართველებსაც, უფასოდ მკურნალობდნენ.

1928 წელს მედეა ყოფილ იუნკერზე შოთა ნიკოლაძეზე (1899-1963) დაქორწინდა. შეეძინათ ქალ-ვაჟი - რეზო და ნათელა.

შოთამ პარიზში ქართველებისთვის საბავშვო ბაღი, სოფიო ჩიჯავაძე-კედიასთან ერთად კი „ქართული კერა“ დააარსა, სადაც კვირაში ორჯერ მათი შვილებიც დადიოდნენ - სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერას და ისტორიას.

რეზო ნიკოლაძე იხსენებს: „მე 1930 წელს და­ვი­ბა­დე. ყო­ველ 26 მა­ისს, მა­მას სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა დრო­შით მივ­ყავ­დი ჩვე­ნი სათ­ვის­ტო­მოს შეკ­რე­ბა­ზე, სა­დაც ვმღე­რო­დი: "მე პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ვარ, კავ­კა­სი­ის მთე­ბის შვი­ლი"...

ქართული ემიგრაციის საზრუნავი იყო ახალი თაობის ფიზიკური აღზრდაც. ამ მიზნით, შოთა ნიკოლაძისა და მედეა ღამბაშიძის ძალისხმევით, პარიზში დაარსდა სასპორტო-სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“. მალე სატანვარჯიშო სექციას დაემატა ფარიკაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კემპინგის სექციები.

მედეა და შოთა შვილებს ქართულად ზრდიდნენ, იმ იმედით, რომ ოდესმე საქართველოში დაბრუნდებოდნენ. თუმცა შვილებისაგან განსხვავებით, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ სამშობლო ვერ ნახეს.

მედეა ღამბაშიძე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი, მიუწვევიათ უნ-ტის 50 წლის იუბილეზე, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა ჩამოსვლის საშუალება არ მისცა. „დედას ძალიან დასწყდა გული და ბევრი იტირაო“, - იგონებენ მისი შვილები.

რეზო ნიკოლაძე ბაბუის გზას გაჰყვა და  ექიმის პროფესიას დაეუფლა. საქართველოში იგი პირ­ვე­ლად 1969 წელს ჩა­მო­ვიდა ნათესავების მოწ­ვე­ვით. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ ესტუმრა მშობლების სამშობლოს. თავად თავს ფრანგ ქართველად თვლის. ჰყავს ფრანგი მეუღლე და ოთხი შვილი.

ნათელა ნიკოლაძეც რამდენჯერმე იყო საქართველოში. ბოლოს 2018 წელს ჩამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.

მედეა ღამბაშიძე 1975 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ოჯახის წევრებთან ერთად.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/მედეა_ღამბაშიძე

დაუშვილი რუსუდან. მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძე უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 140-147   

ჭანტურიძე სალომე. მედეა ღამბაშიძე // ქალები გასული საუკუნიდან, 1918-1921 : ალბომი / ავტორი სალომე ჭანტურიძე.-თბ.,2021.-გვ. 42-44.

მედეა ღამბაშიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი: [ალბომი]. - თბილისი, 2024. ტექსტი ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

 

https://www.ambebi.ge/article/44631-tvitmprinavidan-rom-gamovedi-kartuli-micis-kocna-mominda/


Share: