The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პეტრე ქიტიაშვილი

Date of birth:1921
Date of death:1990  (at 69 years)
Category:Businessmen

Biography

პეტრე ქიტიაშვილი დაიბადა 1921 წელს გორში. ბავშვობა თბილისთან ახლოს, რაიონში გაატარა. იქვე სწავლობდა აგრონომიას.

პეტრე ხელოვანი ადამიანი გახლდათ - თხზავდა ლექსებს, მღეროდა „ურმულს“ და „გუთნურს“, მთელი გორის რაიონის სოფლებში ბადალი არ ჰყავდა დოლის დაკვრაში.

უკვე დაქორწინებას აპირებდა, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ფრონტზე გაიწვიეს.

1942 წლის 18 ივლისს მე-6 არმიის ოფიცერი პეტრე ქიტიაშვილი დასავლეთ უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდა. ფეხებში დაჭრილი იძულებული გახდა დიდხანს ევლო, ეშიმშილა და ბოლოს, სხვა კავკასიელ ტყვეებთან ერთად, ოთხი დღისა და ღამის განმავლობაში ემგზავრა პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით.

ტყვეები გამოამწყვდიეს კრაკოვიდან 100 კილომეტრში მდებარე მაიდანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარკვეული პერიოდის შემდეგ პეტრემ გაქცევა მოახერხა, უკრაინამდე ჩააღწია და პარტიზანების ჯგუფს შეუერთდა.

მალე კვლავ დააპატიმრეს, აწამეს და გაქცევის უშედეგო მცდელობის შემდეგ ჩააგდეს პოლონეთის ჭაობებში მოქმედ შელმის საკონცენტრაციო ბანაკში.

მესამედ პეტრე არსენ შუბითიძესთან, სულიკო რუსიშვილთან და ჟორა შავშიშვილთან ერთად გაიქცა. სამშვიდობოს კარგა ხნის გასულები იყვნენ, როცაშეიტყვეს, რომ მათ ნაცვლად 9 ქართველი დახვრიტეს ბანაკში. მას შემდეგ, მათ საფლავზე საფრანგეთის ქალაქ პერიგოს სამხედრო სასაფლაოზე წელიწადში ორჯერ, დახვრეტის დღეს - 10 დეკემბერს და აღდგომას, თავს იყრიან ქართველები და პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას.

პეტრე ქიტიაშვილი და მისი მეგობრები ჯერ ლოტარინგიაში ჩავიდნენ, იქიდან სასონში, მერე კი ნევერაში ამოჰყვეს თავი. შემდეგ ერთი კომუნისტი „რეზისტანელის“ დახმარებით შეუერთდნენ ფრანგ პარტიზანებს ანუ „მაკიზარებს“.

„მაკიზარები“ აპრობირებული პარტიზანული ტაქტიკით მოქმედებდნენ. მათი ბანაკები მოწყობილი იყო ტყეებში, მდინარის გაყოლებაზე გაშენებული სოფლების მახლობლად.

იქ მაცხოვრებლები მათ ეხმარებოდნენ, იფარებდნენ. პარტიზანები აწყობდნენ დივერსიებს, გერმანელებზე მოულოდნელ თავდასხმებს, იბრძოდნენ ფრანგი მილიციელების წინააღმდეგ.

პეტრემ მალე დაიმსახურა მეთაურების ნდობა. ახალგაზრდას ხშირად ანდობდნენ რთული და საშიში ოპერაციების შესრულებას, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. იგი გახდა „ნაპოლეონის ლეგიონის“ საპატიო წევრი.

1945 წლის მაისში ტულუზში გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილია 150 ქართველი „მაკიზარი“. მათი უმრავლესობა 20 წლისაა. მათ შორისაა მოტოციკლეტზე „ამხედრებული“  უმცროსი ლეიტენანტი პეტრე ქიტიაშვილიც.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 24 წლის ქართველი ოფიცერი სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ჩეკისტებმა იგი ეჭვმიტანილად ცნეს გერმანელებთან თანამშრომლობაში, იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა თავის ამხანაგებზე ინფორმაციის მიწოდებაზე.

პეტრე ქიტიაშვილი იმყოფებოდა ლაიპციგთან ახლოს, საბჭოთა ზონაში, სამშობლოში დაბრუნების მსურველ სხვა სამხედროებთან ერთად. რამდენიმეთვიანი შემოწმებებისა და დაკითხვების შემდეგ მან გააცნობიერა, რომ იგი ჩაწერეს „სამშობლოს მოღალატეთა სამარცხვინო სიაში“ და საქართველოში ჩაღწევას არც დააცდიდნენ, პირდაპირ ციმბირში, გულაგში, გაუშვებდნენ.  

1945 წლის 6 სექტემბერს პეტრე საბჭოთა ზონიდანაც გაიქცა, ამჯერად უკვე სამუდამოდ. 

მან მოახერხა ფრანგულ საოკუპაციო ზონაში შეღწევა და 1946 წლის მაისამდე თავს აფარებდა ქართულ ოჯახებს. შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო. დასახლდა ბორდოში და მცირე ბიზნესს მიჰყო ხელი.

1947 წელს ცოლად შეირთო ადგილობრივი ქალი, კოლეტ კურე, რომელმაც ქმრის პატივისცემით ქართული ენაც ისწავლა და საქართველოს ისტორიაც. შეეძინათ ქალ-ვაჟი - ნინო და ლავრენტი.  

პეტრემ ბორდოში გახსნა სარკეების სახელოსნო. იმდენი მუშტარი ჰყავდა, რომ შეკვეთებს ვერ აუდიოდა. როცა პენსიაზე გავიდა და მოიცალა, თავისი ახალგაზრდობისდრინდელი გატაცება გაახსენდა და კალამს მოჰკიდა ხელი. მან

ფრანგულ ენაზე დაწერა და 1985 გამოსცა წიგნი - „კავკასიიდან ატლანტიკამდე“.

წიგნი ეძღვნება ბრძოლის ველზე დაღუპულ თანამემამულეებს და აღწერს მათ თავგანწირულ ბრძოლას, დორდონის პარტიზანებთან ერთად, გემანელი ოკუპანტების წინააღმდეგ.

პეტრე ქიტიაშვილი სამშობლოში, პირველად, 1984 წელს ჩამოვიდა. დედ-მამა ცოცხალი აღარ დახვდა, მაგრამ ძმის ოჯახს ეწვია და მისი შვილები გაიცნო. შემდეგ ჩასვლაზე თავისი შვილებიც ჩაიყვანა. საქართველოდანაც ესტუმრნენ ბორდოში.

პეტრე ქიტიაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის დეკემბრის მიწურულს. ისე დაემთხვა, რომ იმ დროს მისი ძმა, ნიკოც, მასთან იყო სენონში.

ქართველი ემიგრანტის დასაფლავებას ქალაქ ბორდოს მერი და მისი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. კუბოზე გადაფარებული იყო საფრანგეთის სამფეროვანი დროშა,  ხავერდის ბალიშზე კი მიბნეული იყო ბრძოლებში მოპოვებული ჯილდოები, მათ შორის „ნაპოლეონის ორდენი“.

წყარო:

ნიკოლაძე, ფრანსუაზ. საქართველოს ამაყი შვილი // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / . ნიკოლაძე; . ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.141-151

თელია ლამარა. უცხოეთისკენ ნუღარ გამიშვებთ // სამშობლო. თბილისი. 1991, 11 მარტი N5 (778). გვ.8

. . (ლევან ფაღავა). პეტრე ქიტიაშვილი: 1921-1990 // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოც.-დემოკრატ. პარტიის საზღვარ-გარეთელ ბიუროსი. პარიზი, 1991. მაისი. N121. გვ. 94.

https://exclusivenews.ge/post/241111


Share: