The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მალაქია ბოლქვაძე

მალაქია ბოლქვაძე
Date of birth:187?
Date of death:191?
Category:Lawyer, Journalist

Biography

იურისტი და ჟურნალისტი მალაქია ბოლქვაძე დაიბადა 1870-იან წლებში, საქართველოში. მამამისი გიორგი ბოლქვაძე გახლდათ მეცნიერი და მეწარმე, კავკასიაში მაგარი სასმელების წარმოების ფუძემდებელი. 1870 წელს იგი დაქორწინდა სასულიერო წარმომავლობის ახალგაზრდა ქალზე, აკვირინე გიორგაძეზე. მალაქია მათი უფროსი ვაჟი იყო. ჰყავდა და-ძმა - მინა და ნადეჟდა. ცხოვრობდნენ ქუთაისში.

მალაქია ბოლქვაძემ უმაღლესი იურიდიული განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო. შემდეგ ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამ ქალაქში.

1890-იან და 1900-იან წლებში მსახურობდა ნაფიც მსაჯულად.

ეწეოდა აქტიურ სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკულ  სტატიებს.

რუსეთში გამგზავრებამდე მ. ბოლქვაძის ნაწარმოებები და წერილები იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“(1892-1895), „საქართველოს კალენდარში“, „კვალში“, „მწყემსში“ (1893-1897);

1906-1908 წლებში იგი აქტიურად აწვდიდა კორესპონდენციებს გაზეთებს: „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „მეგობარი“, „შრომა“, „ლამპარი“, „ისარი“ და სხვ. ქართველების მოღვაწეობის შესახებ რუსეთში.

მალაქია ბოლქვაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან. იყო დიდი მწერლის იდეებისა და შეხედულებების გამზიარებელი. მათი მიმოწერა დეტალურად არის შესწავლილი.

მალაქია ბოლქვაძეს პირადი მოგონებებისა და კოლეგების ისტორიებზე დაყრდნობით დაწერილი აქვს წიგნი - „ადვოკატის აღსარება,“ იურიდიულ პრაქტიკაში ჩადენილი დარღვევების შესახებ (1904). გამოცემული აქვს სხვა წიგნებიც;

იგი იყო გამომცემელი და რედაქტორი ყოველთვიური ილუსტრირებული ჟურნალისა - „Защита человека“, სადაც ქვეყნდებოდა წერილები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე;

მალაქია ბოლქვაძემ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძისა და მამია გურიელის ლექსების თარგმანები, ილია ჭავჭავაძის პორტრეტი. ის ჟურნალის ფურცლებზე დიდ ადგილს უთმობდა ლევ ტოლსტოის შეხედულებების გაშუქებას;

1909-1910 წლების მიმოწერაში ჩანს, რომ ლევ ტოლსტოი კმაყოფილი იყო ჟურნალის მიმართულებით და მზადყოფნას გამოხატავდა მონაწილეობა მიეღო ჟურნალის მუშაობაში, - „თუ ცოცხალი ვიქნები და ძალა მექნება, აუცილებლად ვითანამშრომლებ თქვენთან“,- წერს ის 1909 წლის 31 დეკემბერს იასნაია პოლიანადან მიწერილ წერილში.

სამწუხაროდ მან ეს განზრახვა ვერ აღასრულა, რადგან მალე გარდაიცვალა.

1906 წელს მ. ბოლქვაძე აირჩიეს პირველი სახელმწიფო დუმის პრეს-ბიუროს თავმჯდომარედ; გაზეთ „რუსკოე სლოვოს“ ცნობით, 1907 წლის 15 მარტს იგი აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს პრეს-ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ, თავმჯდომარე ი. ფ. ანენსკის დროს. სხვა ინფორმაციით, იგი ასევე იყო მეორე სათათბიროს პრეს-ბიუროს თავმჯდომარე.

მალაქია ბოლქვაძე ახლო ურთიერთობაში იყო ილია ჭავჭავაძესთან და სათათბიროს სხვა ქართველ დეპუტატებთან.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Болквадзе,_Малахий_Георгиевич

ღლონტი თეიმურაზ. კავკასიაში მაგარი სასმელების სამრეწველო წარმოების ფუძემდებელი. _თბილისი, 2022. გვ. 35-36  

Малахия Георгиевич Болквадзе // Горгидзе, Михэил. Грузины в Петербурге. – Тбилиси, 1976. С. 152-153 


Share: