| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვარლამ გელოვანი![]()
ბიოგრაფიასაზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი ვარლამ (კუჭიკო) ლევანის ძე გელოვანი დაიბადა 1878 წლის 14 აპრილს, ლეჩხუმის მაზრის სოფელ სპათაგორაში (ახლანდელი ცაგერის რაიონი). მამა - თავადი ლევან გოჯასპირის ძე გელოვანი, მსხვილი მემამულე, მილიციის პოდპორუჩიკი, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. დედა - აფხაზი დიდგვაროვანი დესპინე გრიგოლის ასულ შერვაშიძე, ქალაქ სოხუმის თავის, ალექსანდრე შერვაშიძის შვილიშვილი. ჰყავდა ორი ძმა - გენერალი კონსტანტინე (კოწია) გელოვანი და პლატონ გელოვანი, აგრონომ-ეკონომისტი, რეპრესირებული, გარდაიცვალა ციხეში 1937 წელს. ვარლამ გელოვანმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. თავდაპირველად, 1901 წელს ის შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. უნივერსიტეტიდან პირველსავე წელს გარიცხეს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ქალაქიდანაც გაასახლეს ადმინისტრაციული წესით. 1902 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დაამთავრა 1906 წელს. 1903-1906 წლებში თავმჯდომარეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პეტერბურგის ადვოკატურაში. 1906 წლიდან იყო პარტია სოციალისტ-ფედერალისტების წევრი. 1912 წელს ვარლამ გელოვანი აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. იგი იყო სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფის წევრი და შრომის ჯგუფის მდივანი. ამავე დროს, იგი გახლდათ რუსეთის საინფორმაციო ბიუროსა და ავტონომისტთა კავშირის დამფუძნებელი. ვარლამ გელოვანი იყო ქართული სოციალ-ფედერალისტების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც საქართველოს აღორძინებაზე ოცნებობდა და ამტკიცებდა: „ჯანსაღი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ერთადერთი გზა პატარა ერების ინტერესთა უარყოფაში როდი მდგომარეობს, არამედ ერთიან დიდ ამოცანებთან მათ შეთავსებაში“. 1912 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო სათათბიროში წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მოითხოვა საქართველოს პოლიტიკური ავტონომია, თვითმმართველობის გაფართოება, მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო სკოლების ქართულ ენაზე მოწყობა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეწეოდა ქველმოქმედებას, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სათათბიროს ძალისხმევით შექმნილ სანიტარულ რაზმს თურქეთს ფრონტზე. მიღებული აქვს წმინდა გიორგის მედალი I მსოფლიო ომში ქველმოქმედებისა და მამაცობისათვის. 1915 წლის დასაწყისში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა კავკასიის ფრონტზე, სადაც მალევე შეეყარა პარტახტიანი ტიფი, რისგანაც გარდაიცვალა 1915 წლის 22 თებერვალს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. ვარლამ გელოვანი იყო ალექსანდრე კერენსკის ახლო მეგობარი, რომელმაც მისი ნეკროლოგი შემდეგ სიტყვებით დაასრულა: „საყვარელო მეგობარო, აუტანელია ის აზრი, რომ აღარა ხარ და აღარასოდეს იქნები ჩვენს გვერდით! წახვედი და დაგვიტოვე მორიგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიდიოდეს ამ ქვეყნიდან ვალმოხდილი. ო, ნეტავ გვეყოს ძალა, როცა ჩვენი ჟამი დაჰკრავს, ჩვენც ასე პირნათლად და ბოლომდე მოვიხადოთ ჩვენი ვალი“. ვარლამ გელოვანი დაქორწინებული იყო ნინო თარხან-მოურავზე, გენერალ-მაიორ გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავის ქალიშვილზე. ის მუდამ მხარში ედგა მეუღლეს ყოველგვარ საქმიანობაში. I მსოფლიო ომში მოწყალების დად მუშაობდა ქმრის სანიტარულ რაზმში, მასთან ერთად დაავადდა ტიფით, მაგრამ გამოჯანმრთელდა. მათი ერთადერთი ვაჟი, გიორგი, ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.582 https://ru.wikipedia.org/wiki/Геловани,_Варлаам_Леванович საითიძე, გელა. მეოთხე სახელმწიფო სათათბირო და საქართველოს ავტონომიის საკითხი : ვარლამ გელოვანი// ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (1905-1917 წწ). - თბილისი, 2005. - გვ. 325-349 ვარლამ ლევანის ძე გელოვანი... // ქართველები პირველ მსოფლიო ომში / კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდიამ. - თბილისი, 2014. - გვ. 67. მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში.-თბ., 2018.-გვ.7 კუპატაძე, ბონდო. ვარლამ გელოვანი - ქართველი მოღვაწე რუსეთის პოლიტიკურ ასპარეზზე // ქართული დიპლომატია. - 2002. - N9. - გვ.595-623
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

