| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
კონსტანტინე გელოვანი![]()
ბიოგრაფიასამხედრო მოღვაწე, რუსული და ქართული არმიების მთავარსარდალი, თავადი კონსტანტინე (კოწია) გელოვანი დაიბადა 1873 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ სპათაგორში (ამჟამად ცაგერის მუნიციპალიტეტი), მილიციის პოდპორუჩიკის, თავად ლევან გელოვანისა და დესპინე შარვაშიძის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა - ვარლამი (იურისტი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი) და პლატონი (აგრონომ-ეკონომისტი, რეპრესირებული, გარდაიცვალა ციხეში 1937 წელს). კოწია გელოვანი სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1892 წლიდან - მსახურობდა მეფე მიხეილ თევდორეს ძის, ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკში. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და 1897 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება. 1904 წლამდე იმავე პოლკში მსახურობდა. რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს გადაიყვანეს ყუბანის მე-7 პლასტუნის ბატალიონში. 1904 წლიდან პოდესაული. 1907 წელს დაუბრუნდა ერევნის პოლკს და გახდა შტაბს-კაპიტანი. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე, სადაც ორჯერ დაიჭრა. მეთაურობდა IV ბატალიონს. მიიღო პოდპოლკოვნიკის (1915) და პოლკოვნიკის (1916) წოდებები. პოლკში მსახურობდა მის დაშლამდე. 1916 წლის დეკემბერში დაინიშნა ახალჩამოყალიბებულ, მე-2 არმიის კორპუსთან არსებულ, კავკასიის მე-2 გრენადერთა დივიზიის მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაურად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული რეგულარული არმიის შექმნაში. იყო სამხედრო საბჭოს წევრი. 1918-1921 წწ. მეთაურობდა ქართული არმიის პირველი დივიზიის მე-4 ლეგიონს. 1919 წელს იმყოფებოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში პანთურქისტების (თურქი აგენტებისა და მათ მხარდამჭერთა) მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში. 1919 წლის 16 თებერვლიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი. 1921 წლიდან თადარიგში გავიდა. გარდაიცვალა 1932 წელს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1905), წმ. ანას IV (1905), წმ. გიორგის IV (1915, სოფ. ბარგოვოსა და პრჟეჩეს მიდამოებში 1914 წლის 25 ნოემბრის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის), წმ. ანას III (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ანას II (ხმლებითა და ბაბთით, 1915) და წმ. გიორგის III (1918, მიანიჭა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ) ხარისხის ორდენები; ასევე მედლები: "რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისათვის" (1913), "1812 წლის სამამულო ომის 100 წლისთავისათვის" (1912), "პოლტავის ბრძოლის 200 წლისთავისათვის" (1909), ორდენი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (The Distinguished Service Order (DSO), დიდი ბრიტანეთი) და სხვა. დაქორწინებული იყო თავადის ასულ ალექსანდრა გრიგოლის ასულ გამრეკელზე. შვილები: ლევან, ელენე და მაქსიმე გელოვანები. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_გელოვანი http://www.grwar.ru/persons/person/4210 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/25515 მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში.-თბ.,2018.-გვ.7 გოგიტიძე, მამუკა. 1918-1921 : პირველი რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. გვ. 24-25 კონსტანტინე ლევანის ძე გელოვანი... // ქართველები პირველ მსოფლიო ომში / კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდიამ. - თბილისი, 2014. - გვ. 66 https://ru.wikipedia.org/wiki/Геловани,_Константин_Леванович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

