| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
იედიგაროვი ისრაფილ-ბეკ ჰასან-ბეკ ოღლი![]()
Biographyსაქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე, აზნაური ისრაფილ-ბეკ იედიგარი დაიბადა 1888 წლის 7 აგვისტოს ბორჩალოს მაზრის ცნობილ მემამულეთა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახში (იედიგაროვები, ედიგაროვები, ასევე იედიგარაშვილები). პაპამისი ისრაფილ-ბეკ მუსტაფა-ბეკ ოღლი იედიგაროვი (1815-1884) იყო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879). ისრაფილ-ბეკ უმცროსმა 1905 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, რომელიც იმ დროისთვის პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი იყო, 1910 წელს კი პეტერბურგის საიმპერატორო პაჟთა კორპუსი და მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი გახდა; სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1908 წლიდან. პირველ მსოფლიო ომშიც (1914-1918) მონაწილეობდა, როგორც კავალერიის ოფიცერი. ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში პოლონეთის, კავკასიისა და რუმინეთის ფრონტებზე. ომის დასასრულს ჰქონდა შტაბ-როტმისტრის წოდება; 1918 წელს ისრაფილ-ბეკი შეუერთდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ჰქონდა მაიორის, შემდეგ პოდპოლკოვნიკის ჩინი. ერთხანს ხელმძღვანელობდა ბორჩალოს მაზრაში სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილებას, რომელიც რუსული აგენტურის განეიტრალებისთვის მუშაობდა. იყო ამავე მაზრის იალაღთა გამგე; მონაწილეობდა სომხეთთან (1918) და საბჭოთა რუსეთთან (1921) ომებში. ამ უკანასკნელი კონფლიქტის დროს მეთაურობდა წითელი არმიის წინააღმდეგ მოქმედ 200-კაციან მუსლიმურ ცხენოსან რაზმს; საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა - ჯერ თურქეთში გაჩერდნენ, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდნენ, სადაც მან უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო, პოლონურ არმიაშიც მსახურობდა და სამხედრო კარიერა პოდპოლკოვნიკის წოდებით დაამთავრა; დაჯილდოებული იყო: წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915) და III (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1915) და II (ხმლებით, 1916) ხარისხის ორდენებითა და ა. შ.; რუსეთის, საქართველოსა და პოლონეთის არმიების ოფიცერი ისრაფილ-ბეკ იედიგარი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, 1939 წლის 18 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალეს ვარშავის მუსლიმთა სასაფლაოზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ისრაფილ-ბეკ_იედიგაროვი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

