The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ღამბაშიძე

დავით ღამბაშიძე
Other name:დათიკო  (Acronym)
Date of birth:1884
Date of death:1963  (at 79 years)
Category:Diplomat, Politician

Biography

დავით (დათიკო) ღამბაშიძე დაიბადა ცნობილი სასულიერო პირისა და საზოგადო მოღვაწის, დეკანოზ დავით (დარისპან) ღამბაშიძის (1841-1910) ოჯახში. დეკანოზის მეუღლე გახლდათ ალექსანდრე ყაზბეგის მამიდაშვილი - ოლღა (გურანდუხტ) ყაზბეგი. იგი მამით რუსი იყო, გვარად ოტრეპიევა, თუმცა დედის გვარს - ყაზბეგს ატარებდა.

მათ ოთხი ვაჟი შეეძინათ: ვახტანგი, ქსენოფონტე, მიხეილი და დავითი. ქსენოფონტე მამის გზას გაჰყვა და სასულიერო მოღვაწე გახდა; მეორე ვაჟი - ვახტანგი, საქვეყნოდ ცნობილი ექიმი იყო, შემდგომში საფრანგეთში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე; მიხეილი ახალგაზრდა გარდაიცვალა; დათიკო კი პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა, უკიდურესი სოციალისტი იყო და თბილისის კომიტეტმა სამუშაოდ ბათუმში მიავლინა.

დათიკოს ახალგაზრდობის წლებში ახლო ურთიერთობა ჰქონია სტალინთან. ცხრაასიან წლებში ორივე სოციალ-დემოკრატებს უთანაგრძნობდნენ. ერთხელ, ბათუმში ყოფნისას, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ისინი დააპატიმრეს. მათ დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ დეკანოზმა ღამბაშიძემ ორივე გამოიხსნა. ამბობენ, თურმე ეს ფაქტი სტალინს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. ამის შემდეგ, მამამ დათიკო ინგლისში გაგზავნა სასწავლებლად.

პირველ მსოფლიო ომში ანტანტის სახელმწიფოების გამარჯვებამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ახალ დიპლომატიურ რელსებზე გადასვლა დაუსახა ამოცანად. გერმანული ორიენტაცია მყისიერად უნდა შეცვლილიყო ანტანტოფილური ორიენტაციით. ამ მიმართულებით 1918 წლის შემოდგომიდან მოღვაწეობდნენ დასავლეთ ევროპაში მყოფი დიპლომატები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა, 1918 წლის 28 ნოემბერს დავით ღამბაშიძეს რწმუნების სიგელი გაუგზავნა და პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკება დაავალა, რის საფუძველზეც შემდეგში იგი დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ელჩი გახდა.

დათიკო ღამბაშიძე, ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ლონდონში რუსეთის იმპერიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი პიროვნება იყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას უშუალო კავშირი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტთან და კავკასიის გავლით სპარსეთისაკენ დერეფნის გაჭრით ინგლისის პოლიტიკური წრეების დაინტერესებას 1918 წლის 26 მაისამდეც აქტიურად ცდილობდა.

აკაკი ჩხენკელის მიერ ბერნიდან საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი 1918 წლის 15 დეკემბრის წერილიდან ირკვევა, რომ დავით ღამბაშიძეს უკვე შეუმზადებია ბრიტანელებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად საფუძველი: „საჭიროა იცოდეთ, ღამბაშიძე მუშაობს დამოუკიდებლობის ნიადაგზე, ძალიან კარგად უყურებენ, როგორც ანტანტოფილს, გამოდის მიტინგებზე, სხვადასხვა გავლენიან წრეებში, აგრეთვე საგარეო სამინისტროშიც…“

1918 წელს დათიკო ღამბაშიძემ ლონდონში გამოაქვეყნა 40 გვერდიანი ნაშრომი: „The Caucasian Petroleum Industry and its Importance For Eastern Europe and Asia“ („კავკასიის ნავთობინდუსტრია და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიისათვის“); იმავე წლის გაზაფხულზე გამოვიდა მისი 24-გვერდიანი ბროშურა, სათაურით: „The Caucasus: Its People, History, Economics and Present Position“

(„კავკასია: მისი ხალხი, ეკონომიკა და თანამედროვე მდგომარეობა“), სადაც ავტორი ოსმალეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური ზრახვების წარმოჩენას შეეცადა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა დიდი ბრიტანეთის ინტერესებს და ამ ფაქტის გათვალისწინებით, ღამბაშიძე მისი უდიდებულესობის მთავრობას საქართველოსა და სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდებდა;

1919 წელს ლონდონშივე გამოსცა 200-გვერდიანი წიგნი: „Mineral Resourses of Georgia and Caucasia – Manganese Industry of Georgia“ („საქართველოსა და კავკასიის მინერალური რესურსები - მარგანეცის ინდუსტრია საქართველოში“), სადაც მკითხველი არა მხოლოდ მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ საქართველოს მოკლე ისტორიას, ბუნებასა და პოლიტიკურ ვითარებას გაეცნო.

ეს ნაშრომები, დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, გახლდათ სამაგიდო წიგნები საქართველოთი დაინტერესებული ინგლისელი მრეწველებისათვის. მათ არც დღეს დაუკარგავთ აქტუალობა, რისი მაჩვენებელია ის, რომ უკანასკნელ წლებში კიდევ რამდენჯერმე გამოიცა ბრიტანეთში ეს წიგნები და მკითხველს შეუძლია მათი შეძენა სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში.

1919 წლის ზაფხულში დათიკო ცოტა ხნით ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოს საკითხი ევროპაში და კერძოთ საზავო კონფერენციაზე“, ჯერ მთავრობის სხდომაზე 8 ივლისს, ხოლო 9 ივლისს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომაზე. მოხსენების დასაწყისში მან აღნიშნა, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფო ჩვენ საფრთხეს არ გვიმზადებს, ჩვენთვის საშიში არიან მხოლოდ კოლჩაკ-დენიკინელები. ყველაზე ყურადღებით და სიმპატიით საქართველოს ინგლისი ეპყრობა. იგი თავიდანვე შეგვპირდა, რომ დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობასო და ამგვარი დეპეშა გამოიგზავნა კიდეც ინგლისის მთავრობის სახელით საქართველოში.

დავით ღამბაშიძის ამ ვიზიტის შესახებ თავის აზრს გამოთქვამს მწერალი ნიკოლო მიწიშვილი. მისი მოგონების მიხედვით, ემიგრაციაში დათიკომ იცვალა მრწამსი და უკიდურესი სოციალისტიდან უკიდურეს რეაქციონერ კომერსანტად იქცა: „როცა ლონდონიდან 1919 წელს ჩამოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი დავით ღამბაშიძე, იგი ფცქვნიდა და  ადურაკებდა მენშევიკებსო“, - იხსენებს მწერალი.

დათიკო ღამბაშიძე არ გახლდათ მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ის უფრო კონსერვატორი იყო, რაც მისდამი ნდობას არ ზრდიდა ხელისუფლების თვალში.

1919 წლის ბოლოს დათიკო ინგლისში იქნა გაგზავნილი საქართველოსთვის სხვადასხვა საქონლის შესაძენად (სამეურნეო მანქანები, ქიმიური და ფარმაცევტული ნაწარმოები და სხვა) და ინგლისის ბანკირებსა და საკრედიტო დაწესებულებებთან ამის თაობაზე მოსალაპარაკებლად.

დავით ღამბაშიძემ მისი უდიდებულესობის დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ რწმუნების სიგელი ჯერ კიდევ 1919 წლის 14 მარტს გაგზავნა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ლორდ კერზონის სახელით მას აცნობეს, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მას ოფიციალურად ვერ მიიღებდა, რადგან პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო.

იმავე მოთხოვნით 1920 წლის 14 იანვარს, საქართველოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მან კიდევ ერთხელ მიმართა ინგლისის ხელისუფლებას, მაგრამ 29 იანვარს კვლავ უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „დე ფაქტო“ აღიარება ოფიციალურად აკრედიტებული დიპლომატის ქვეყანაში ყოფნას არ ითვალისწინებდა;

თუმცა ქართველ დიპლომატს პირობა მისცეს, რომ მას არაოფიციალურად ყოველთვის მიიღებდნენ, როგორც დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს. ინგლისელი დიპლომატები მას „პრობრიტანული ორიენტაციის პოლიტიკოსად“ მოიხსენიებდნენ.

მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტის დროს, მთავრობა ყოველთვის დავით ღამბაშიძეს გამოიხმობდა ხოლმე, როგორც სანდო და ამასთანავე დასავლურ წრეებში გასულ პიროვნებას. ასე მაგალითად: მან უმასპინძლა და შემდეგ ბანკეტზე უთამადა გენერალ ჯეიმს ჰარბორდის ამერიკულ მისიას, რომელსაც კავკასიაში და მცირე აზიაში ვითარების გამორკვევა ჰქონდა დავალებული; ის დახვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ძალების სარდალს - ადმირალ დე რობეკს; ღამბაშიძემ მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ასევე დაანახა თუ რამდენ ქართველ ახალგაზრდას სურს ინგლისში განათლების მიღება.

სწორედ დავით ღამბაშიძე დაიბარა ლორდმა კერზონმა 1920 წლის 11 ივნისს, რათა მისთვის ეცნობებინა მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება  ბათუმიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების ევაკუაციის თაობაზე და ამასთანავე სთხოვა გაჰყოლოდა პოლკოვნიკ სტოუქსს საქართველოში, მთავრობასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. 1920 წლის 5 ივლისს იგი ჩამოჰყვა თბილისში ბრიტანეთის მთავრობის რწმუნებულ პოლკოვნიკს და 28 ივლისს მონაწილეობდა სტოუქსსა და საქართველოს  მთავრობის წარმომადგენელს შორის დადებულ შეთანხმებაში, რომლის შედეგად ბათუმი თავისი ოლქით საქართველოს ხელში გადმოვიდა.

დავით ღამბაშიძეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის არასოდეს უღალატია და ალბიონის კუნძულზე ყოველთის რჩებოდა სამშობლოს ერთგულ მსახურად. თავისი დიპლომატიური მოქმედებით იგი ახერხებდა მისაღები პიროვნება ყოფილიყო როგორც ქართული, ასევე ბრიტანული მხარისთვის.

1921 წლიდან დათიკო ღამბაშიძე პოლიტიკური ემიგრანტია. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში. წერილებს ბეჭდავდა გაზეთ „თეთრი გიორგის“ ფურცლებზე, რომელიც 1926-1939 წლებში პარიზსა და ბერლინში გამოდიოდა.

1933 წლის 10 ივნისს ბერლინში დაარსდა „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაცია გერმანიაში“, რომლის წევრიც იყო, თუმცა 1938 წელს მან დატოვა ორგანიზაციის რიგები.

დავით ღამბაშიძე გარდაიცვალა 1963 წელს იტალიაში.

წყარო:

https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ღამბაშიძე_დავით 

კობახიძე ბექა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიის უცნობი მხარეები - დავით ღამბაშიძე // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები.  -  თბილისი, 2013. - გვ.134-153.

https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=11487

https://civil.ge/ka/archives/312140


Share: