The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ მაჭავარიანი

ვახტანგ მაჭავარიანი
Other name:ვატო  (Acronym)
Date of birth:18 February, 1951
Date of death:5 May, 2025  (at 74 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Conductor, Musician

Biography

კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი ვახტანგ (ვატო) მაჭავარიანი დაიბადა 1951 წლის 18 თებერვალს, ქ. თბილისში, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის (1913-1995) ოჯახში. დედა გახლდათ ქეთევან პაჭკორია, მოცეკვავე და არქიტექტორი. ბაბუა, კირილე პაჭკორია (1889-1967), ცნობილი ლოტბარი იყო.

ვახტანგ მაჭავარიანმა 1973 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობით (ემილ გურევიჩის კლასი);

1977 წელს - სადირიჟორო ფაკულტეტი (ოდისეი დიმიტრიადის კლასი);

1991 წლიდან – პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია – ასისტენტ–სტაჟირების კურსი გენადი როჟდესტვენსკის ხელმძღვანელობით;

ასევე, გაიარა სტაჟირება სადირიჟორო განხრით ვენის მუსიკალურ აკადემიაში კ. ოსტერრაიხერთან, იმავდროულად იყო ვენის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ლორინ მააზელის ასისტენტი;

შემოქმედებითი კარიერა:

1984-1990 წწ. – თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრთან და იქვე იყო ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.

1987-1991 წწ. – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი;

1987-1990 წწ  – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი დირიჟორი;

1990 წელს დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საბჭოთა ფესტივალის ორკესტრი (შემდგომში მოსკოვის ფესტივალის ორკესტრი), რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო;

1996 წლიდან – ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1998-2004 წწ. – სამხატვრო ხელმძღვანელი;

1998 წლიდან – პაატა ბურჭულაძის თაოსნობით დაარსებული საოპერო მუსიკის ფესტივალის - „ბრავო“ - არტისტული დირექტორი;

2000-2008 წწ. – რუსეთის ფედერაციაში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ "მილენიუმს";

2010 წლიდან თანამშრომლობს თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან;

2017 წელს მიენიჭა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება;

2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი;

მუსიკოსი გარდა ქრთულისა თავისუფლად საუბრობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. იგი წარმატებით მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრალიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, სინგაპურსა და ტაივანში…;

აგრეთვე, იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი;

1898 წელს ვატო მაჭავარიანი დაქორწინდა გერმანელ ქალბატონზე ალექსანდრა ფონ ვენგერსკიზე. შეეძინათ ერთი ვაჟი - ალექსი, რომელიც, ასევე, მუსიკოსია. ოჯახი ბელგიაში ცხოვრობდა.

ვახტანგ მაჭავარიანის ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა: ჯ. ვერდის "ფალსტაფი" (2002), რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" (2003), ა. მაჭავარიანის ოპერები: "ჰამლეტი", "მედეა" (2007; ყველა საკონცერტო შესრულება), სიუიტა ბალეტიდან "ჭირვეულის მორჯულება" (2008), ბალეტი-პოემა "ფიროსმანი" (2012), ს. პროკოფიევის VII საფორტეპიანო სონატის საორკესტრო ვერსია (2014), უ. ერკინის საცეკვაო რაფსოდია ორკესტრისათვის "კიოჩეკჩე" (2016), ნ. კოდალის საორკესტრო სიუიტა "ტელი ტურნა" (2016) და სხვა.

მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად (იანვარში) იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი;

2022 წელს თბილისში კიევის "კამერატას" 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი;

მუსიკოსის რეპერტუარი მოიცავდა ქართულ და უცხოურ სიმფონიურ მუსიკასა და საოპერო კლასიკას: ა. მაჭავარიანის №1–7, ა. ბალანჩივაძის №1, ფ. ღლონტის №6 "Vita Nova", ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტის, ი. სტრავინსკის "კურთხეული გაზაფხული", ლ. ვ. ბეთჰოვენის, ი. ბრამსის, პ. ჩაიკოვსკის, დ. შოსტაკოვიჩის, გ. მალერის სიმფონიები და სხვ.;

მას ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა "ნაცარქექია" (2010), საფორტეპიანო კონცერტინო (2011), სიმფონია №1 "სამყაროს ჰარმონია" (2013), 10 სონეტი შექსპირის მიხედვით (2014), კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (2015), "მარში" საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისათვის, მიძღვნა ლ. ვ. ბეთჰოვენს, კომპოზიცია "შთაბეჭდილებები 2020" (პრემიერა 2022); ოპერა "რიჩარდ III" (I სცენის პრემიერა შედგა 2022), სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“, როემლიც მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და სხვ.;

გამოცემულია ვ. მაჭავარიანის სადირიჟორო რეპერტუარისა და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები და კომპაქტდისკები.

2011 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა 2025 წლის 5 მაისს. ვახტანგ მაჭავარიანის ნეშტი უცხოეთიდან ჩამოასვენეს და 18 მაისს დაკრძალესდიდუბის პანთეონში მშობლების გვერდით.

წყარო:

https://georgianclassic.ge/composer/matchavariani-vakhtangi/

კორძაია, მანანა. ვახტანგ მაჭავარიანი ახალ ამპლუაში // მუსიკა . - თბილისი, 2014. - N3(21). - გვ.25-27 

ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბილისი, 1998-1999. - გვ. 219 

საქართველო: ენციკლოპედია: .5. -თბილისი, 2023. -გვ. 607


Share: